„სოკარი“ მაგისტრალურ გაზსადენთან არ მიუშვეს

„სოკარი“ მაგისტრალურ გაზსადენთან არ მიუშვეს

[ეკა ბაქრაძე]

დიდი ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უარყო მაგისტრალური გაზსადენის გასხვისება. ენერგეტიკის სამინისტროს ასეთმა პოზიციამ ცივი წყალი განსაკუთრებით აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას გადაასხა. საქართველოს ხელისუფლება „სოკარს“ ოფიციალურ უარს ეუბნება.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ღიად აცხადებს, რომ მაგისტრალური გაზსადენის უახლოეს მომავალში გაყიდვა არცერთ მოლაპარაკებებში, არცერთ კომპანიასთან თუ ქვეყანასთან არ განიხილება. მარიამ ვალიშვილის თქმით, თუ თბილისი გაზსადენის გასხვისების საკითხის განხილვას დაიწყებს, აუცილებლად გაითვალისწინებს რიგ საკითხებს, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების თემას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2 წელიწადში ქართული ენერგოკომპანიების, მათ შორის გაზსადენის მფლობელი „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქციების ნაწილს საერთაშორისო ბირჟებზე განათავსებენ, თუმცა მთავრობა საკონტროლო პაკეტს არ დათმობს.

გაზსადენის სტრატეგიული ობიექტების სიიდან ამოღების შემდეგ პირველი, ვინც მისი შეძენის სურვილი გამოთქვა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ აღმოჩნდა. თუმცა უკვე შემდგომში ჩვენს ირგვლივ სახელმწიფო არ დარჩენილა, გაზსადენის მიმართ ცხოველი ინტერესი რომ არ გამოეჩინა.

სააგენტო „რეგნუმმა“ ცოტა ხნის წინათ გაავრცელა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის სიტყვები.

„ეს გაზსადენი აღარ მიიჩნევა საქართველოს სტრატეგიულ ობიექტად და მის გასაყიდად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს“, - აღნიშნა აბდულაევმა.

„აზერბაიჯანს სურს, გამოიყენოს ეს მილსადენი შავიზღვისპირეთთან საკუთარი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის“,- აცხადებენ ბაქოში.

გაზსადენის შეძენის სურვილის გამოთქმა კი, როგორც აბდულაევი აცხადებს, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ის საქართველოს ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტების სიიდან ამოიღო.

ბაქოელი ექსპერტის ილჰამ შაბანის განცხადებით კი აზერბაიჯანულ მხარეს მაგისტრალური გაზსადენის მთლიანად შესყიდვა სურს.

„ჩვენ გვინდა, რომ მთლიანად დავეუფლოთ ამ მილსადენს და ის ვინმესთან საზიარო არ იყოს... 100 პროცენტი გვინდა, დიახ – რადგანაც „სოკარს“ სამომავლოდ საქართველოს ბაზარზე დომინანტის როლის შესრულება სურს. ამისათვის, მას მეტად დასჭირდება არსებული ინფრასტრუქტურა. ასე რომ, ეს წმინდა კომერციული მიდგომაა“, - აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, ეს „წმინდა კომერციული პროექტი“ იმ დროზეა გათვლილი, როდესაც ამუშავდება ე.წ. დიდი აზერბაიჯანული გაზის პროექტი, საქართველოს ტერიტორიის გავლით. ეს, სავარაუდოდ, 2016 წელს მოხდება. იმ დროისთვის, შაბანის აზრით, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი ამჟამინდელ აზრს დაკარგავს, თუმცა „სოკარი“ მას საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონების მოსამარაგებლად გამოიყენებს.

„სოკარის“ სურვილი გაზსადენის შეძენასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს სომხეთში. ერევანში თვლიან, რომ მისი შეძენის შემთხვევაში აზერბაიჯანი გაზსადენს სომხეთის შანტაჟისთვის გამოიყენებს. შესაძლო პრობლემის თავიდან ასაცილებლად კი, გაზსადენის შეძენის სურვილი, ყოველი შემთხვევისთვის, ერევანშიც გამოხატეს.