მთელი მთავრობის ყურადღება ყურძნის ძალიან დიდი მოსავლის დაბინავებისკენაა მიმართული

მთელი მთავრობის ყურადღება ყურძნის ძალიან დიდი მოსავლის დაბინავებისკენაა მიმართული

წელს მევენახეებს და მეღვინეებს რეკორდული შემოსავალი ექნებათ. მთავრობა პირობას კიდევ ერთხელ დებს, რომ მათი მხრიდან მოსავლის დაბინავების პროცესი წარიმართება სათანადოდ. ამისათვის კახეთში საგანგებოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა.

თელავში ადგილზე ვიყავით რთველის შტაბში. გავეცანით მოსავლის დაბინავების მიმდინარეობას. მთლიანობაში, კარგი ტემპით მიმდინარეობს პროცესი. არის რეკორდული მოსავალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს რაციონალურ ფასებს მევენახეებისთვის. ასევე ამან უზრუნველყო რიგების შემცირება.

ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსავლის დაბინავების პროცესი წარიმართება სათანადოდ ყველა თვალსაზრისით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ვინც კოორდინაციას უწევს რთველის მიმდინარეობას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მევენახეობის, მეღვინეობის დარგის განვითარება და მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური კახეთში იმყოფებოდა, სადაც შტაბის მუშაობას გაეცნო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასგან ყურძნის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.

18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 60 ათას ტონამდე რქაწითელი, 68,5 ათას ტონამდე საფერავია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი აქტიურ ფაზაშია, მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის მოსავალი 12 ათასზე მეტმა მევენახე ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 197 მლნ ლარს აღწევს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „მოსავლის მართვის კომპანიამევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის. ამასთან ერთად, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს უხდის.

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.

პრემიერის შეფასებას სრულად ეთანხმება და ადასტურებს სოფლის მეორნეობის მინისტრიც. ოთარ შამუგიას ინფორმაციით, იმ მევენახეებს, რომლებმაც 14 სექტემბრამდე საფერავის ჯიშის ყურძენი უფრო ნაკლებ ფასად ჩააბარეს, მათ ღვინის ეროვნული სააგენტო სხვაობას დაუკომპენსირებს.

ამ მომენტში, დაახლოებით, 150 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია. რთველის საკოორდინაციო შტაბი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურად ახდენს პროცესის კოორდინაციას. საფერავის ჯიშის ყურძნის დროულად დაბინავებასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის მიერ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; დღეს უკვე სახელმწიფო საწარმო 18-მდე ლოკაციაზე ახორციელებს ყურძნის მიღებას. 1 კილოგრამ საფერავში მევენახეს 1.50 ლარს ავუნაზღაურებთ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ მევენახეებს, რომლებმაც 14 სექტემბრამდე საფერავის ჯიშის ყურძენი უფრო ნაკლებ ფასად ჩააბარეს, მათ ღვინის ეროვნული სააგენტო სხვაობას დაუკომპენსირებს. ახლა მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, როგორც კი ეს ნაწილი დასრულდება, დაიწყება ანაზღაურება.

რაც შეეხება რქაწითელის ყურძნის ჩაბარების პროცესს, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე გადამუშავებულია 60 ათასი ტონა. რქაწითელის ჯიშზე მინიმალური ფასი 1 ლარია, სადაც 20 თეთრს სახელმწიფო სუბსიდირება შეადგენს. რქაწითელზე საშუალო ფასი 1 - 1.10 ლარის ფარგლებში მერყეობს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ და დასძინა, რომ რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ყოველდღიურად დაახლოებით 10-11 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება ხდება.