ბოლო დროს თბილისში ხმა დაირხა, მომღერალი გვანცა ბაგრატიონი ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ხვდებაო, თუმცა ჩვენი რუბრიკის სტუმარი გავრცელებულ ხმას უარყოფს და აცხადებს, რომ სიყვარულს ახალი წლისგან ელოდება:
- ახალ წელს, ტრადიციულად, ოჯახთან ერთად შევხვდი. ჩავიფიქრე საახალწლო სურვილები, მაგრამ თოვლის ბაბუა ჯერ არ მოსულა და არც საჩუქრები მოუტანია. ამიტომ საიდუმლოდ შევინახავ, რა ჩავიფიქრე. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 2014 წლისგან ძვირად ღირებულ საჩუქრებთან ერთად, განსაკუთრებულ შემოთავაზებას - სიყვარულს ველოდები.
- შეყვარებული არ გყავს?
- არა, ვინც ჩემს გვერდით არის, ყველა ჩემი ძმაკაცი და მეგობარია. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები სიყვარულს. თუ ვინმე გამოჩნდება, ისეთ სიმღერას მივუძღვნი...
- ადრე ბერა ივანიშვილით იყავი აღფრთოვანებული, ახლა ჭორაობენ, გიგი უგულავაზეა შეყვარებულიო, მართალია?
- არაფერი ხდება არც ბერასთან და არც გიგი უგულავასთან. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, მხოლოდ ამით შეიძლება ჩემი გულის დაპყრობა. ორჯერ ვიყავი გატაცებული, შორიდან მიყვარდა მამაკაცი, მაგრამ ურთიერთობა არ მქონია. დიდი ხანია, მუზა აღარ მყოლია. გამოფენისთვის ვემზადები, მაგრამ რა ხანია, ნახატი სიყვარულით აღარ შემიქმნია. ბერას დროს კი ხშირად მომდიოდა მუზა. დახატული მყავს: ბერა, ბიძინა, გოგა ხაჩიძე, ზაზა გაბუნია, კახა კუკავა, გიგი უგულავას პორტრეტი არ შემიქმნია.
- კახა კუკავა რატომ დახატე?
- მე და კახა ვმეგობრობდით. მის პარტიაშიც ვიყავი. კარგი ადამიანია, მინდოდა, პატივი მეცა და დავხატე. ვინც დავხატე, ყველას ვაჩუქე პორტრეტი. კახა კუკავა ძალიან ბედნიერი იყო, ნახატი რომ მივუტანე.
- კიდევ ვისთან მეგობრობ?
- ბევრ პოლიტიკოსთან ვმეგობრობ, მაგრამ ყველას ვერ ჩამოვთვლი და ეწყინებათ.
- გიგი უგულავას იცნობ?
- არა, გიგის არ ვიცნობ. უგულავას თავის გაჭირვება ეყოფა, რა ეგვანცება (იცინის). ახლა დამაბრალებენ, რომ "ნაციონალების" მხარდამჭერი ვარ, ადრე თქვეს, რომ ბერას ჩასაძირად შექმნილი პროექტი ვიყავი, რომ ბერამ გადამიღო ძვირად ღირებული კლიპები, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. "ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდ არაფერი გაუკეთებია ჩემთვის. მე არავის მხარეს არ
ვარ და ვერც ვერავინ დამბლოკავს.
- რატომ ხარ ასე დარწმუნებული?
- ოცნებების ახდენის დროა და იმიტომ (იცინის).
- ამბობენ, რომ სამთავრობო ჯიპით სეირნობ თბილისში.
- არა, არა, იგონებენ.
- აბა, "ლენდ კრუიზერის" მარკის ჯიპი ვისია?
- ეგ ჩემი ოჯახის მანქანაა, ცოტა ხნის წინ შევიძინეთ და მძღოლი მემსახურება. არც მართვის მოწმობა მაქვს და არც ქუჩაში მარტო სიარულს ვაპირებ.
- შენ და გიორგი ნაზღაიძე თუ შერიგდით?
- არა, ეგეთი არც ნაცნობი მინდა და არც მეგობარი. ნაზღაიძე რა კატეგორიის ადამიანია, ჩემთვის გაუგებარია, ვერც მეცნიერებმა დაადგინეს ჯერჯერობით, ეს რა ფენომენია.
- რატომ იჩხუბეთ?
- გადაცემა "პროფილში" მიგვიწვიეს ერთად, ვითომ ექსპერიმენტი ჩაატარეს. არც ვიცოდი, საერთოდ ვინ იყო ეს ნაზღაიძე, მითხრეს, რომ ვინმე გიორგისთან უნდა ავსულიყავი სახლში. მივხვდი, რაღაცას აქეთ "მიჩალიჩებდნენ" და ბოლოს სწორედ მე გამოვედი გაბანძებული. რეიტინგის გამო რას არ კადრულობენ, არ აინტერესებთ, ხარ თუ არა გასაბანძებელი. მაგრამ ძალიან შეცდნენ, ცუდი შეფასებები მოჰყვა გადაცემასაც და იმ ვიღაც ნაზღაიძესაც.