მოსაზრება სამთავრობო ავტომობილების რეგულაციების შესახებ

მოსაზრება სამთავრობო ავტომობილების რეგულაციების შესახებ

გამოცხადდა, რომ სამთავრობო კომისია მუშაობს იმ საკითხზე თუ როგორ უნდა იქნას დარეგულირებული სახელისუფლებო პირებისათვის მანქანების შეძენის საკითხი, რომ ეს ცალკეული პირის სურვილებზე და ფანტაზიის გაქანებაზე არ იყოს დამოკიდებული.

1) ვფიქრობ, ამ მხრივ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება შესაძენი ავტომობილების ფასის რანჟირება და მიბმა ისეთ ცვლად ინდიკატორთან, როგორც მინიმალური ხელფასის [ან - მინიმალური პენსიის] დონეა.

თუ მინიმალური ხელფასის დონეს აღვნიშნავთ MS-ით, დავუშვათ, რომ
- უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავ-რე მანქანის ზღვრული ფასი შეიძლება იყოს, დავუშვათ, – 500*MS,
- მინისტრებისა – 400*MS,
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, ფრაქციების თავმჯდომარეების, მინისტრების მოადგილეების – 350*MS,
- პარლამენტარების – 300*MS, და ა.შ…

იტყვით, რატომ პირდაპირ ფასს არ მიუთითებო?

მართლაც, შეიძლებოდა ფასების გაწერა ლარებში (ან დოლარებში), მაგრამ მინიმალურ ხელფასსზე მიბმა იმით მიმაჩნია უკეთესად, რომ ხელისუფლებას ამ მინიმალური ხელფასის მატების სტიმული მოემატოს :).

მაგრამ, ძალიანაც რომ არ გაერთოს და ინფლაციას არ უბიძგოს, ამისათვის მინიშვნელოვანია რომ ეს დონეები სწორედაც რომ ლარში განისაზღვროს. ასე რომ, თუ მთავრობა ინფლაციას „წააქეზებს“, სინამდვილეში “წაგებული” გამოვა, რადგან ლარში განსაზღვრული ზღვრის გამო ხელისუფალთ დოლარში უფრო იაფი მანქანის შეძენა მოუწევთ.

2) აქედან გამომდინარე, ხელისუფლების წარმომადგენელს შეუძლია აირჩიოს – ან ახალი და შედარებით იაფი – „სიტროენი“ თუ „შკოდა“, ან – უფრო ძვირიანი, მაგრამ მეორადი მანქანა – მაგალითად, „მერსედესი“, „ტოიოტა პრადო“, ან „ლექსუსი“ (ყველა შემთხვევაში შესაძენი მანქანის ასაკი, ალბათ არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს).

3) მაგრამ რამდენადაც უფრო ძვირიანი და მეორადი მანქანების დაზღვევის და რემონტის ხარჯები უფრო მაღალია, ისიც შეიძლება დადგინდეს, რომ ხელისუფლების პირი, რომელიც ასეთ არჩევანს აკეთებს, რემონტის 20-30%-ის თანადაფინანსებას უნდა დათანხმდეს, ხოლო ვინც ახალ მანქანას შეიძენს, მას დაზღვევის თუ რემონტის 100%-ს სახელმწიფო დაუფარავს.

4) უნდა განისაზღვროს ავტოპარკის განახლების სიხშირე – გამომდინარე უცხოური ანალოგიური ნორმატივებიდან. ამ მხრივ მიზანშეწონილია, რომ „შკოდას“, „ნისან-ტიიდას“, “ტოიოტა-ჰაილუქსის” და და სხვა შედარებით იაფი მანქანების განახლება უფრო ხშირ-ხშირად მოხდეს, ვიდრე უფრო გამძლე, მაგრამ ძვირიანი მანქანებისა (“მერსედესი”, “ტოიოტა პრადო”, ან “ლექსუსი”).

5) ავტომანქანის ახალი თანამდებობის პირისათვის გადაცემის შემთხვევაში უნდა იქნას გათვალისწინებული ამ პირის ინდივიდუალური სურვილები და მოხდეს მათი დაკმაყოფილება მიზანშეწონილობის ფარგლებში (მაგალითად, სხვადასხვა სუნის მოშორება დეოდორიზაციის წესით, ხოლო უსაფრთხოების მიზნით საჭირო გადაკეთებები – შესაბამის სერვის ცენტრებში).

6) უნდა დაწესდეს მაღალი გამავლობის მანქანების აუცილებლობის დასაბუთების ნორმები. არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე ასეთი მანქანა რეზერვში ჰყავდეს კონკრეტულ სამსახურს – პარლამენტს თუ სამინისტროს, – და არ იყოს მუდმივად რომელიმე კონკრეტულ თანამდებობის პირზე გაპიროვნებული.

7) უნდა დაწესდეს იმ მანქანების ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში გამორიცხულია, იყოს – მაგალითად, სუპერქარის ტიპის (“ფერარი”, “ლამბორჯინი”, “ბუგატი”)…

8) თუ პირი უარს ამბობს სამსახურებრივი მანქანის და მძღოლის გამოყენებაზე, და ეს დასაშვებია უსაფრთხოების კუთხითაც, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, დაზოგილი თანხის რაღაც პროცენტის (მაგალითად, 10%-ის) პრემირება აღნიშნული პიროვნებისათვის.

9) გასათვალისწინებელია ეკოლოგიური, ე.წ. “მწვანე მანქანების”, და ალტერნატულ საწვავზე მომუშავე ან ჰიბრიდული ავტომობილების გამოყენების საკითხი. ოღონდ, ისე, რომ ეს არ უკავშირდებოდეს კოლოსალურ ხარჯებს.

ჯერჯერობით, სულ ესაა… სიამოვნებით ვნახავდი საზოგადოების, ავტოსპეციალისტების, ეკონომისტების, თუ ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურებებს.