შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბადრი ღვინჯილია ციხეში სასტიკად წამების ფაქტებს პირველად "კვირის პალიტრას" უმხელს. მთხოვა, - ვიცი, მასალის გამოქვეყნების შემდეგ ისევ პროკურატურაში დამიბარებენ, დაიწყება ხელახალი დაკითხვები. იქნებ, ამ ეტაპზე, ვინც ციხეში მაწამა, იმის ვინაობის გამხელისგან თავი შევიკავოთო. უარი ვუთხარი იმ მოტივით, რომ ოდესმე ვინმემ უნდა გაბედოს და დაიწყოს სიმართლის თქმა, ასე რომ, ინტერვიუს შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანთან უცვლელად გთავაზობთ, რა თქმა უნდა, თავისი სახელებითა და გვარებით.
ბადრი ღვინჯილია: - "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში ვმუშაობდი, 2005 წელს თბილისში, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსად გადმომიყვანეს, ბოლოს კი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი გახლდით. 2006 წელს ჩემი ნებით დავწერე პატაკი წამოსვლის თაობაზე, მიზეზი გირგვლიანის გახმაურებული საქმე გახლდათ. მქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, მაგრამ მე ოფიცერი კაცი ვარ და მიმაჩნდა, რომ პოლიტიკაში არაფერი მესაქმებოდა. კერძო სექტორში დავიწყე მუშაობა - მერჩივნა ხალხი დამესაქმებინა და ჩემი საქმე მეკეთებინა.
2011 წლის 30 სექტემბერს, ღამის 10 საათისთვის სტუმრებს ვაცილებდი და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაჩერეთ მანქანა. ფეხი ჩავდგი თუ არა, 50 წელს გადაცილებული მამაკაცი მომიახლოვდა და მეუბნება, პროკურატურიდან ვარ, უნდა წამოხვიდეო. მთელი ცხოვრება ორგანოს ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვმუშაობდი და კარგად ვიცი, რა და როგორ ხდება. ვუთხარი, ჯერ საბუთი მაჩვენე და მერე მიზეზი ამიხსენი, რატომ უნდა წამოგყვე-მეთქი. უცებ მომიახლოვდა ორი მოხეული მამაკაცი და უკან, ქამარზე მომქაჩეს. ამ ჭიდაობა-ჭიდაობაში ისე შემათრიეს მანქანაში, რომ საბუთი არ წარმოუდგენიათ. დავინახე, რომ იქვე მოძრაობდა ორი შავი ფერის ჯიპი, სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო გამწკრივებული. მივხვდი, რომ ჩემს დასაკავებლად ოპერაცია იყო დაგეგმილი. წამიყვანეს დიდუბე-ჩუღურეთის მთავარ სამმართველოში. გზაში საშინლად მცემეს. იქ რომ მიმიყვანეს, მანქანიდან ჩემი შვილი დავინახე, დამიძახა, - მამაო.
გავიგონე, როგორ გადაულაპარაკა ერთმა პოლიციელმა მეორეს, - ესეც თავის ფეხით მოსულა, სასწრაფოდ ჩასვით მანქანაში და წამოიყვანეთო. 19 წლის ბიჭზეა ლაპარაკი, არ დაგავიწყდეთ. მე ნარკოლოგიურში წამიყვანეს, ჩემი შვილი კი საგარეჯოში "კაპეზეზე" გადაიყვანეს. ნარკოლოგიურში რომ მიმიყვანეს, ისეთი ნაცემ-ნაბეგვი ვიყავი, დიდი ბოდიში და მოშარდვის თავიც არ მქონდა. თუმცა, ამას მაინც არ გავაკეთებდი, რადგან წყლის დალევა მომიწევდა და კარგად ვიცოდი, რასაც ჩამიყრიდნენ. ამიტომ, წყლის დალევაზე უარი განვაცხადე. ასეთ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, თრობა ავტომატურად ჩამიწერეს. შემდეგ გადამიყვანეს გლდანის ციხეში და წინასწარი ორთვიანი აღმკვეთი ღონისძიება მომისაჯეს. სწორედ იქ მაწამეს... ცემისგან ისეთი დასივებული ვიყავი, რომ სახე და ტანი ერთიანად შეშუპებული მქონდა. მეორე დღეს მოდის სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პირი და მეკითხება, მიცანიო? რას ვიცნობდი, სახე ისე მქონდა შეშუპებული, თვალებს ძლივს ვახელდი. სანამ ეს კაცი შემოვიდოდა, მანამდე ერთ-ერთმა პატიმარმა პურის ყუა მომაწოდა, ჭამე, მშიერი იქნებიო. ლუკმა პირისკენ რომ მიმქონდა, სწორედ ამ დროს შემოვიდა ეს ტიპი და მეუბნება: პური გამოიღე პირიდან, გადააგდე და ხელები უკან წაიღეო. მერე მკითხა, ვერ მიცანიო? ვერა-მეთქი. გადაიხარხარა, როგორ ვერ მიცანი, თქვენთან რომ ვმუშაობდი (შენობითაც არ მოუმართავს), სამსახურიდან გამიშვიო. მერე, როდესაც ციხიდან გამოვედი, გავარკვიე, ვინც იყო ეს კაცი.
გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსი რომ ვიყავი, მაშინ კი არ დავითხოვე სამსახურიდან, სხვა განყოფილებაში გადავიყვანე. ახლა ეს კაცი გლდანის ციხის რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია (ცნობილი "ცოცხების ჯალათი" - თ.რ.) გახლდათ. რომ ვუთხარი, ვერ გცნობ-მეთქი, მიპასუხა, მალე გაიგებ, ვინც ვარო. მეორე დღესვე ჩამიყვანეს სადღაც ბნელ ოთახში. ვხედავ, ზის ეს ფაცაცია, ხელში კი დიდი ბრტყელტუჩა უჭირავს, წვეტიანი ბოლოთი. მომახალა, მაღალჩინოსნებზე ინფორმაციები გვაინტერესებს და ამას ქაღალდზე გადაიტან, დაწერ იმას, რასაც ჩვენ გეტყვითო. ოდესმე თუ გაგიგია, ვინმეზე რაიმე ინფორმაციას ვიძლეოდე-მეთქი? არასდროსო, - მიპასუხა, მაგრამ ახლა მე ვიქნები პირველი, ვისაც ამას ეტყვიო. მერე მომიახლოვდა ხელში ბრტყელტუჩას თამაშ-თამაშით, უცებ დამწვდა ხელზე და ფრჩხილზე მომიჭირა, მერე მოქაჩა, მაგრამ ვერ მოაძრო. მერე კიდევ მოქაჩა და ფრჩხილი მომაძრო. მაშინ დავკარგე პირველად გონება.
რომელ მაღალჩინოსნებზე გთხოვდათ ინფორმაციას? ან საიდან უნდა გცოდნოდათ?
- ჩემს სამმართველოში მე ვიყავი უფროსი, მაგრამ ზოგადად ხომ მყავდა ხელმძღვანელობა. შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებზეც ხომ ვფლობდი ინფორმაციებს. მახსოვს, ფაცაციას ვუთხარი, - ხედავ, რა დღეში ვარ, ცემისგან ერთიანად შეშუპებული, შვილი დაჭერილი მყავს და რას აკეთებ-მეთქი. ყურიც არ მათხოვა, ახლა რასაც გეტყვი, იმას დაწერო. ვუთხარი, არაფერს არ დავწერ, ყველა ფრჩხილი რომ დამაძრო და თავიც რომ მომაჭრა-მეთქი. მანამდე მარცხენა ხელზე მაცლიდა ფრჩხილებს, ეტყობა იმიტომ, რომ წერის დროს ფურცელი სისხლით არ დამესვარა. ახლა მარჯვენაზე გადავიდა. შემდეგ ფეხის ფრჩხილებსაც მიადგა. გონება რამდენჯერმე დავკარგე. ფაცაცია დამცინოდა, - ახლა შენს გალამაზებულ ფრჩხილებზე მანიკურს ვეღარ გაიკეთებ, ხომ შეგეღება ისედაც ხასხასა წითლადო. ამ საშინელებას რომ მორჩა, ისე მშვიდად ადგა და წავიდა, თითქოს კი არ ვეწამებინე, ნარდი გვეთამაშოს. საკანში რომ დავბრუნდი, მაისური დავხიე და ფრჩხილები იმით შევიხვიე. ის თითები მთელი წლის განმავლობაში მიჩირქდებოდა, მაგრამ ფაცაციამ მითხრა, ეს ექიმებს არ ანახო, თორემ ვინმეს ყურამდე რომ მივიდეს, შვილს მოგიკლავო... რამდენიმე დღის შემდეგ შვილი მომიყვანეს.
ჩემმა ბიჭმა მთხოვა, საპროცესო შეთანხმებაზე დავთანხმებულიყავი. - მამა, აღიარებითი ჩვენება უნდა მისცე, თორემ მეც დამიჭერენო. მხოლოდ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საპროცესო გარიგებაზე დავთანხმდი. საბოლოოდ, ჩემს შვილს წვრილმანი ხულიგნობისთვის მისცეს ადმინისტრაციული სასჯელი და 10 დღე იჯდა ციხეში, თითქოს წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, სინამდვილეში კი მხოლოდ იმიტომ, რომ მამამისი საპროცესოზე არ თანხმდებოდა. მე 1 წელი მოვიხადე და ახლახან გამოვედი.
მაინც რისთვის დაგიჭირეს?
- განაჩენში ასე ჩაწერეს: დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევისთვის. მაგრამ, სანამ პოლიციას გავუწევდი წინააღმდეგობას, მანამდე ხომ იყო დაგეგმილი მთელი ოპერაცია. აი, ეს ვერ დავადგინე დღემდე - რისთვის! 40-ზე მეტი მკვლელობა მაქვს გახსნილი, 2005 წელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გახსნისთვის ღირსების ორდენით დამაჯილდოეს. გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ კი ამ სიბინძურეში ვეღარ გავჩერდებოდი და მერაბ ბაღათურიასთან ერთად (ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსი - თ.რ.) მეც დავწერე წამოსვლაზე პატაკი. ხანდახან ვფიქრობ, ასე იმიტომ მომექცნენ, რომ მათი გუნდის წევრი არ გავხდი და ამათ ბინძურ საქმეებს ვერ მოვერგე-მეთქი, მაგრამ ამისთვის ხუთი წელი რატომ იცადეს?!
ვერსიების დონეზე მაინც არ გაქვთ ეჭვი, ვის ინტერესებში შედიოდა თქვენი დაკავება?
- ვერსია შეიძლება ბევრი იყოს. ერთ-ერთ ვერსიად შესაძლებელია ჩაითვალოს ის, რომ სტრასბურგში გირგვლიანის საქმის მოგების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად იქნა დადანაშაულებული. როგორც ჩანს, სტრასბურგში წაგებულმა ამ პროცესმა იმდენად გაამწარა ნაციონალები, გადაწყვიტეს ამოეყარათ ახალი კომპრომატები შსს-ს იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც იმ პერიოდში მაღალ თანამდებობებზე იყვნენ. თუ ვერ ამოყრიდნენ, შეეთითხნათ მაინც, თუნდაც ცრუჩვენებების ფონზე, რომ მერე აქეთ შეეტრიალებინათ..
თქვენთან ერთად რომელიმე მაღალჩინოსანი თუ დააკავეს?
- ჩემთან ერთად არა, მაგრამ ჩემამდე მხეცურად სცემეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროს გოჩა ალფაიძეს.
14 ნოემბერს ჩემმა ადვოკატმა განცხადება შეიტანა პროკურატურაში განაჩენის გადახედვის თაობაზე, ახლა ველოდები პასუხს. იმედია, ყველაფერი გაირკვევა...