”მტრისადმი მტრულად პასუხის გაცემა მამა-პაპათგან გვისწავლია”

”მტრისადმი მტრულად პასუხის გაცემა მამა-პაპათგან გვისწავლია”

[გოჩა ჯელია]

ორგანიზაცია ”ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა საქართველოს სათემო დარბაზი” საქართველოში ყველაზე მძიმე, კატასტროფულ სცენარს არ გამორიცხავს. პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოებისადმი სპეციალურ მიმართვაში აღნიშნულია:

”არასტაბილურ ვითარებაში, როდესაც თვალწინ გვაქვს სხვა ქვეყნებში განვითარებული მოვლენები (ეგვიპტე, სირია, იორდანია, ტუნისი და ა.შ.) სავსებით დასაშვებია, შეჭირვებულმა საქართველოს მოქალაქეებმა პროტესტის გამოხატვის რადიკალურ ხერხებს მიმართონ. ვგულისხმობთ დარბევებს, იარაღის ხელში აღებას, კერძო ანგარიშსწორებებს...”

პრესაგე.ტვ ორგანიზაციის დამფუძნებელს, ჯემალ გუნდიშვილს ესაუბრა:

მოდით დავაკონკრეტოთ, რას მოითხოვთ ხელისუფლებისგან? ოპოზიციისაგან? და კიდევ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისგან?

-ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ ერთადერთ რამეს - თქვას, რომ ის არ არის ხელისუფლება, რასაც ის არასოდეს არ იზამს. ამიტომ ცოტა უტოპიამდეც მივდივართ თუ ასე გავყვებით. ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ ის,  რომ  ჯერ თავად დაიწყოს სიმართლის თქმა, გაათავისუფლოს მართალი სიტყვა და შემდეგ მოთხოვოს უკვე სხვებს. ახლა რას მოვითხოვთ ოპოზიციისაგან: - ნუ თამაშობენ მათ მხარეს. ჩაწყობილ თამაშს თამაშობენ. როგორ არის იცით? მაგალითად, მთავრობა გაახმაურებს იმას, რომ ხალხის გარკვეულ ნაწილს უნდა მიუსაჯონ 15 როზგი. გამოხტება ოპოზიცია და დაიწყებს, რომ 15  კი არა 12 მიუსაჯეთო და  ბოლოს 13 ან 14-ზე თანხმდებიან. მერე ოპოზიცია პლიუსად ითვლის, აი ხომ დავაკლებინეთო და მეორეს მხრის ხელისუფლებაც ამბობს, - ხომ დავთმეთ, 15  ხომ არ მიგვისჯიაო... ზურგი ვისია, კაცი არ კითხულობს...

რას წარმოადგენს ორგანიზაცია ”ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა საქართველოს სათემო დარბაზი”?

- როდესაც გადავწყვიტეთ, რომ შექმნილიყო მსგავსი ტიპის ორგანიზაცია და როცა რაღაც იდეა მოგვივიდა თავში, გაჩნდა კითხვა - რითი უნდა დაგვეწყო? პასუხიც მაშინვე გაჩნდა - დავიწყოთ სიმართლით.

ამ ორგანიზაციაში დაახლოებით 150 წევრია გაერთიანებული საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ესენი  არიან ჩვეულებრივი ადამიანები, გლეხები, მეცნიერები, ვეტერანები, არის რამდენიმე ჟურნალისტი... სხვა და სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც თანამოაზრეები არიან. ორგანიზაციის წევრები ფიქრობენ, რომ რადიკალურად არის შესაცვლელი დამოკიდებულება ხალხსა და დღეს ვითომ მოქმედ ხელისუფლებას შორის ურთიერთობებში.  იგულისხმება როგორც პარტიული ძალები, ისე ვითომ ოპოზიცია, მთავრობა და პირდაპირ ვიტყვი, რომ ასევე იგულისხმება ეკლესიაც...

ფიქრობთ რომ ხელისუფლებას, ოპოზიციურ ჯგუფებსა და ეკლესიას თანაბარი რიტორიკით უნდა ვესაუბროთ?

- რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას, სინამდვილეში ეს ორი ძალა ხალხისა და ქვეყნისათვის, ალბათ, ერთი მხარეა. თუ დავაკვიდებით დავინახავთ, რომ მოქმედების პრინციპი ყველას ერთნაირი აქვს, უბრალოდ ერთს უფრო დიდი დამფინანსებელი ყავს და მეორეს - პატარა. ორივე ”ატკატზე” მუშაობს. რას აკეთებს მთავრობა? - მსოფლიო ბანკი, საფინანსო ორგანიზაციები და ა.შ. მათგან იღებს კრედიტებს, კრედიტებს აუცილებლად მოყვება შეკვეთები. ამ კრედიტიდან საქმისათვის იხარჯება მაქსიმუმ 5-10%-მდე, დანარჩენი მიდის ვიღაცეების ჯიბეში. ვინც ოფიციალურად აცხადებს დღეს თავს მთავრობად და ხელისუფლებად, სწორედ მათ ჯიბეებში მიდის ეს ფული.

ოპოზიციაც პოულობს სხვა და სხვა დამფინანსებლებს, სულ ერთია საიდან არიან ეს დამფინანსებლები, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ ანტაქტიკიდან, თუ შეძლებენ პინგვინებსაც გამოართმევენ კვერცხებს. მერე მოდიან, მოაქვთ ეს კვერცხები და ამბობენ, რომ ამ კვერცხებს ხარჯავენ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. სინამდვილეში კი 10 კვერცხიდან მაქსიმუმ ერთს ხარჯავენ, მერე გააკეთებენ ”აჩოტს”, აი ჩვენ ამდენი აქცია ჩავატარეთ, ამდენი ხალხი მოვიყვანეთ აქციაზე, შეკრებები ჩავატარეთ რეგიონებშიო... სინამდვილეში ყველაფერი არის ჩვეულებრივი კომუნისტების დროინდელი ”მიწერები”.

რაც თვალში მომხვდა თქვენს მიმართვაში, არის ის, რომ - ეკლესიამ უნდა იზრუნოს თვითგანწმენდაზე, უნდა განიკვეთონ ლოთები, ქურდები, ნარკომანები, მევახშეები, მრუშები. თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი რთული მდგომარეობაა ჩვენს დედაეკლესიაში?

- პრესასა და სათელევიზიო არხებით, სხვა და სხვა მიმართულებებიდან ხორციელდება დარტყმები. არის კითხვები, პირად საუბრებში, ქადაგებებში გამოდიან საეკლესიო პირები და ეხებიან მსგავს თემებს, ეხებიან კრიტიკული ფორმით. ასეთ დროს, ჩვეულებრივ მოაზროვნე ადამიანს უჩნება კითხვა - რატომ უნდა იქადაგო იმაზე, რაც არ არსებობს? მაგალითად, თეა თუთბერიძე ანგაჟირებული ”ტიპია” ხომ?! ... ის ძალიან ანეგდოტური სიტუაციებიდან გამომდინარე იწყებს ამ თემებზე ლაპარაკს.

მოდით, შიგნითვე გადაწყდეს ეს პრობლემები, ან თქვან თუ ეს პრობლემები არ არსებობს. ჩვენს შემთხვევაში, თუ თეა თუთბერიძის და მისი დამქაშების მხრიდან ადგილი აქვს განკითხვას, ჩვენ ამ შემთხვევაში მხილებაზე გვაქვს საუბარი. თუ ეს პრობლემა არ არსებობს, ესეც ხმამაღლა უნდა ითქვას...

თქვენს წერილს ასრულებს ასეთი ფრაზა: - ”მტრისადმი მტრულად პასუხის გაცემა მამა-პაპათგან გვისწავლია უფლის ნებითა”. ეს მუქარაა? მტერში ვის გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა ხელისუფლებას ვგულისხმობთ.

არა იმ ოკუპანტებს, რომლებიც აშკარად გვმტრობენ და ტერიტორიებს გვართმევენ?

- მოდით ესე ვთქვათ. რუსი რომ ოკუპანტია, ეს ვიცი მაინც და ის ამბობს კიდევაც, რომ მე ჩემოვედი და რაღაცა ჩემს წესებს ვაწესებ. ეს (ხელისუფლება) რა წესებს მიწესებს? მეუბნება, სიტყვის თავისუფლებაო -  სიტყვის თქმის უფლებას მიზღუდავს, მუბნება ბიზნესის თავისუფლებაო - ბიზნესს მირეკეტებს, მუბნება რელიგიის თავისუფლებაო და ეკლესიებს მინგრევს.

დღეს თუ ჩავიხედავთ კანონში რელიგიის ჩესახებ, ვნახავთ, რომ ნებისმიერ სატანისტს, სატანისტების ჯგუფის შექმნა შეუძლია. დაფიქსირდება იურიდიულ პირად და მას აქვს თავისუფლება სადაც გაუხარდება, იქ ჩაატაროს თავისი რიტუალები. ღმერთმა შემინდოს მე, თუ რაიმეს ვცოდავ, მაგრამ ბევრი სასულიერო პირი გამოდის და ამათ ხელის შემწყობს, ფეხსაცმლიდან რომ ჩლიქები უჩანს, შარვალში კუდს ვერ მალავს და თავზე ქუდს ვერ იხურავს, იმიტომ რომ რქები აქვთ, მონათვლას უპირებს და დავით აღმაშენებელს უწოდებს.  რა ვქნა ახლა მე? ამათ დავუჯერო, თუ იმას ვინც ამბობს, რომ ეს არ შეიძლება?!

-ცუდი ამბები შეიძლება დატრიალდეს. ეს მუქარა კი არა, ეს არის გაფრთხილება. ჩვენ ისტორიას ვახსენებთ ამ ხალხს. საქართველოს ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა ცუდი რამეები, გადაგვიტანია არაბების, მონღოლების, თურქების, სპარსელების და ბევრი სხვა მოვარდნილი უცხოტომელის შემოსევები. ბევრი გაჭირება გადაუტანია ამ ქვეყანას. დღეს ყველაზე მეტად იმიტომ უჭირს ამ ქვეყანას, რომ  მატერიალური გაჭირვების დახმარებით, სინამდვილეში ურტყამენ სულიერ გაჭირებას.

ეს ხალხი დადის ეკლესიაში, ერთ კვირას იმრუშებენ, მოინანიებენ და ისევ იმრუშებენ. ყოველ კვირას ერთი და იგივე ცოდვებს ინანიებენ. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ - ”მტრისადმი მტრულად პასუხის გაცემა მამა-პაპათგან გვისწავლია უფლის ნებითა”, ამაში იმაზეა საუბარი, ხვალ რომ ქუჩაში ან ტყეში გავიდეს ვინმე, ვიღაცა სახელად ”მაჭახელა” გვარად ”თოფისროლიაშვილი” და თოფი ესროლოს ხელისუფლებას, რა ვუთხრათ იმ კაცს? ამ დონეზე რატომ გაბრაზდიო?  ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მოსულია მტერი და სულებზე ნადირობაა ქვეყანაში გაჩაღებული.