ძველი თბილისის რეაბილიტაციის სურვილი კი ბევრ კომპანიას აღმოაჩნდა, მაგრამ როგორც გაირკვა, მერიის პროექტის განხორციელების პატივი ოდენ 9 კომპანიას ერგო. დანარჩენი 25 ჯერჯერობით გაწბილებული დარჩა. მათ გამაწბილებლებს არგუმენტები არ წარმოუდგენიათ, მაგრამ იმედი კი დაუტოვეს.
როგორც გაირკვა, პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მეორე ეტაპში 34-დან მხოლოდ 9 კომპანია ჩაერთვება. დაფინანსებას მხოლოდ “არსი”, “კიდ არქიტექტურა”, “კალასი”, “კერა პლუსი”, “თბილელი ჰაუსი”, “სევენ სქაი”, “ბაგები სითი”, ასევე ამხანაგობები “გუნიას 22” და “ქეთევან წამებულის 64” მიიღებენ. გამარჯვებულებს 47 მილიონამდე ლარის კრედიტს “საქართველოს ბანკი”, “თიბისი”, “კორ სტანდარტ ბანკი” და “ბაზისბანკი” გამოუყოფენ.
პროექტის მიღმა დარჩნენ უმსხვილესი დეველოპერები “აქსისი”, “ოლიმპიური ვარსკვლავი” და “ნიკე”. პროექტი ჯერ კიდევ გრძელდება და ამ ეტაპზე პროექტის გარეთ მყოფ კომპანიებს შანსი კიდევ რჩებათ.
პროექტის მეორე ეტაპზე დეველოპერები მერიის გარანტიით 200 მილიონამდე დოლარს ითხოვდნენ. პროექტის პირველ ეტაპში კი 11 კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც ბანკებისგან 53 მილიონი ლარი მიიღეს. გამოდის, რომ მეოერ ეტაპზე კომპანიათა რიცხვიც შემცირდა და დაფინანსების ოდენობაც.
ვიცე-მერმა არ დააკონკრეტა რა კრიტერიუმებით შეირჩნენ გამარჯვებული კომპანიები, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ გამარჯვებული 9 კომპანია პროექტს წარმატებით განახორციელებს.
უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მერიამ არჩევანი იმ კომპანიებზე გააკეთა, ვინც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა. უძრავი ქონების სააგენტო “გორო ჯგუფის” დამფუძნებლის გიორგი ბარვენაშვილის განცხადებით, კომპანიების ნაწილმა ვერ დააკმაყოფილა მერიის მოთხოვნა იაფ საცხოვრებელთან დაკავშირებით და პროექტს მიღმა აღმოჩნდა.
მერიის გადაწყვეტილებამ პროექტს მიღმა დარჩენილი კომპანიებში დაბნეულობა გამოიწვია. კომისიის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. უმეტესობა კონკურსის შედეგების საჯარო კომეტირებისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი აშკარად დაჩაგრეს.
“ცენტრ პოინტში” კონკურსის შედეგების გამო გულდაწყეტილები არიან, მაგრამ ახალი პროექტების განხორციელებაზე უარს არ ამბობენ.
“გულდაწყვეტილები ვართ, რომ ვერ გავიმარჯვეთ და კიდევ კარგი ამ პროექტზე არ ვიყავით დამოკიდებულნი. გეტყვით იმასაც, რომ თანხების მოზიდვაზე აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო ბანკებთან, მაშ შორის ისრაელის ბანკებთანაც, საიდანაც მოზიდული თანხებით სხვადასხვა პროექტებს განვახორციელებთ”, - აცხადებს “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი.
პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მესამე ეტაპი 2010 წლის ბოლოს გამოცხადდება.
კომპანია “არსის” დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ პროექტის მეორე ეტაპის მიმდინარეობისა და გამარჯვებულთა გამოვლენის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.
“კონკურსში ცნობილი კომპანიებიც მონაწილეობდნენ და ნაკლებად ცნობილები. ვისაც ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა, კონკურსს გამოეთიშა. დანამდვილებით ვიცი, რომ კონკურსი გაგრძელდება მომავალშიც, იქნება მესამეც, მეოთხეც და ა.შ. ყველას აქვს შანსი, მიიღოს მონაწილეობა და დაფინანსება მოიპოვოს”, - აცხადებს როსტომაშვილი.