„რუსეთს ესმის ვისთან აქვს საქმე“, - არიან თუ არა მზად უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ?!

„რუსეთს ესმის ვისთან აქვს საქმე“, - არიან თუ არა მზად უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ?!

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთს ესმის, ვისთან აქვს საქმე და რომ, მეორე მხარე თავის ვალდებულებებს არღვევს. აღნიშნული განცხადება პუტინმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, უკრაინასთან მოლაპარაკების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

არიან თუ არა მზად უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და მოვლენათა როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ? – for.ge-ს კითხვებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს.

- უკრაინა მკაფიოდ არასდროს ამბობს უარს მოლაპარაკებებზე - თავიდან, პარალამენტის დონეზე სხვა გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ შემდეგ, არ გამორიცხავდა მოლაპარაკებების შესაძლებლობას, რადგან თვლიდა, რომ ჰქონდა წარმატების გარკვეული შანსი და ელოდებოდა კონტრ-შეტევას. რუსეთი ხშირად აცხადებდა მზაობას მოლაპარაკებების დაწყებისთვის, მაგრამ კატეგორიულ უარზეც იყო. ამ დროისთვის, რუსეთი არის მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგი. პუტინი ფიქრობს, რომ აზრი არ ქვს უკრაინასთან მოლაპარაკებას - ამბობს, რომ უკრაინა შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე და როგორ შეიძლება ასეთ მხარესთან მოლაპარაკება. თუმცა, პირობები არ დაუყენებია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდრე უკრაინა კურსკის ოლქიდან არ გაიყვანს ჯარებს, აზრი არ აქვს მოლაპარაკებას.

არ მეგონა, თუ უკრაინას ჰქონდა პოტენციალი რუსეთის ტერიტორიაზე განეხორციელებინა სახმელეთო შეტევა - ეს საკმაოდ თამამი და მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. აშკარაა, რომ მოულოდნელი იყო რუსეთისთვისაც. ჯერჯერობით, რუსეთმა ვერ განახორციელა დამატებითი შეტევები კურსკის მიმართულებით - ის გაჩერებულია იქ, სადაც ომი დაიწყო, რეალურად, ვერ გავიდა დონბასიდან, იმ ტერიტორიებიდან, რაც ისედაც ჰქონდა დაკავებული 2016 წლიდან.

აშკარად უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები. უკრაინამ იმიტომ დაიწყო კურსკის მიმართულებით შეტევა, რომ რუსეთი აიძულოს ამ ახალ რეალობას ანგარიში გაუწიოს და მოლაპარაკებების დროს, კურსკიდან მისი გამოსვლა იყოს რუსეთის მხრიდან ერთ-ერთი პირობა. ამის საპირწონედ კი უკრაინა პირობებს დაუდებს რუსეთს, რომ საოკუპაციო ძალები გაიყვანოს მისი ტერიტორიებიდან, მაგრამ რუსეთი ჯერ კიდევ თვლის, რომ წარმატებას მიაღწია და დღეს მზად არ არის მოლაპარაკებებისთვის.

არის თუ არა შესაძლებელი წლის ბოლომდე, კონკრეტული კონტურები გამოიკვეთოს მოლაპარაკებების დაწყების კუთხით? თქვენი აზრით, რას უნდა ველოდოთ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში?

- უკრაინა ყოველთვის პრაგმატულია და ამის რეალიზაციას რამდენად მოახდენს, სხვა საკითხია. ამ პროცესში, რუსეთის ყველა ამოცანა ჩავარდა. უნდა ველოდოთ, რომ უკრაინის რაციონალიზმს აყვება რუსული რაციონალიზმი. პუტინი გაბრაზებულია, რადგან ვერაფერს მიაღწია, თუმცა, მაინც ჯიუტა სურს თავისი გაიტანოს და ამას უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე ეწირება.

რუსეთზე ვერავინ მოახდენს ზემოქმედებას - ერთადერთი, შესაძლოა ჩინეთმა მოახდინოს, ანდა თავად მიხვდეს, რომ ეს ომი აბსურდული გახდა და უნდა შეწყვიტოს საკუთარი ხალხის დახოცვა. ჩინეთს რუსეთი საერთოდ არ ადარდებს, ჩინეთს აწყობს სუსტი რუსეთ - რაც უფრო დასუსტდება რუსეთი, მით უფრო იოლი იქნება მისი აღება.

თუკი რუსეთმა ბირთვული იარაღი მცირე ფორმებით გამოიყენა, არსებითაც შეიცვლება ომის ხასიათი და დასავლეთი უკრაინას მისცემს უფლებას მისი იარაღი უფრო ეფექტურად გამოიყენოს. გლობალური, ბირთვული ომი არ იქნება, რადგან რუსეთი მაშინვე წააგებს - უფრო, ალბათ, ლოკალური, ტაქტიკური ომი. როგორც კი რუსეთი გამოიყენებს ძალიან მცირე, ლოკალურ და შეზღუდულ ბირთვულ იარაღს, მსოფლიო უკრაინას მეტი იარაღით დაეხმარება.

თქვენი აზრით, უკიდურეს შემთხვევაში, თუკი რუსეთმა საბოლოოდ გაანალიზა, რომ ომს აგებს, წავა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე?

- მიუხედავად იმისა, რომ პუტინს აშკარად პარანოიდუ ქცევები აქვს და ასეთი ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველა თვითმკვლელი არ არის რუსეთში. ბირთვული იარაღის გამოყენებას მთელი ჯაჭვი აქვს - იმისთვის, რომ ვიღაცამ ბირთვული იარაღი გამოიყენოს, ბრძანებებმა, სულ მცირე, 5-6 მიჯნა უნდა გაიაროს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევითობა.

დღეს თუ ეს იარაღი გამოყენებული იქნება, 2 დღით ადრე მაინც ეცოდინება დაზვერვას ამერიკასა და ბრიტანეთში ამ კატეგორიის იარაღზე. რუსეთმა კარგად იცის ასეთი იარაღის გამოყენების ფასი - ეს კატასტროფული იქნება რუსეთისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პუტინს არანაირად არ აწყობს ბირთვული იარაღის გამოყენება.

როგორც ვიცით, რუსეთმა აფხაზებს გარკვეული სახის დახმარება შეუწყვიტა...

- აფხაზებს შეუწყდათ მხოლოდ აგვისტოს დახმარება. ამით რუსეთი აფხაზებს აშანტაჟებს, რომ იქნებ, ახლა მაინც დათმონ რაღაც. რუსეთს უნდა აფხაზები აიძულოს შეასრულონ ის პირობები, რაც თავის თავზე აიღეს. ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც შამბა დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად და გათავისფლდა ის არაპოპულარული და უაპლაციოდ ამბიციური ფიგურ, როგორიც იყო ძიბა. ამის ფონზე, ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მოვლენაა - ეს ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ სექტემბერში ჭკუას მოეგებიან აფხაზები.

რა იცვლება საქართველოსთვის უკრაინის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში?

- უკრაინის ომის დასრულება პირდაპირ არ მოახდენს გავლენას საქართველოზე, თუკი ჩვენი ხელისუფლება კვლავ დარჩა პრორუსული. თუ საქართველოს ხელისუფლება მართლა ელოდება ომის დასრულებას, რომ შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, ეს უკეთესი ვარიანტია, თუმცა, ჯობდა აქამდე არ მიეყვანა საქმე. ის, რაც ხდება ქართულ ოცნებაში, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება და ეს არის უპირატესი მიზეზი, რაც ოცნების პრორუსულობას განაპირობებს - მე ამ აზრს ვიზიარებ.

ასევე, არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც ოპოზიციაში განიხილება, რომ რუსეთი ავალებს ქართულ ოცნებას იყოს პრორუსული და ჩამოაშოროს საქართველო ევროკავშირსა და ნატოს, რადგან საქართველოს მმართველი პარტიის მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება. ქართული ოცნება ნებისმიერ რუსეთს შეეკვრება, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. უკრაინაში რუსეთის მარცხი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ კავკასიაში რუსეთის ინტერესები დაიკარგება.