„ნაცური პროპაგანდა კლავს“

„ნაცური პროპაგანდა კლავს“

„რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი გეგმები. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ გამძლეობა“ - ასე აფასებს მმართველი გუნდი წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში როლანდ ნუცუბიძის „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის მივარდნას და შეურაცხყოფას, რის შემდეგაც „ოცნების“ წევრი ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა. ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა. გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ აგრძელებს ოპოზიციური ფალნგიდანაც იმ ფაშიზმს და ტერორს საზოგადოებაზე, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახორციელებდა. ამიტომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მათი ქმედებები მით უფრო საშიში გახდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოფელ გეგუთში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში მსგავსი არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.

„ამის არაერთი შემთხვევა გვაქვს. მე შემიძლია გავიხსენო (კოლეგები მახსენებდნენ) ფაქტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მსგავსად მოკლა პოლიციელი (თუ სწორად გვახსოვს ყველას). სამგორის რაიონში მოხდა ეს ფაქტი, როცა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს და ეს პოლიციელი გარდაიცვალა ადგილზე (თუ სწორად გვახსოვს). 2020 წელს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, აი, ამ ფაშისტური, ნაცური ერთკვირიანი ბულინგის შედეგად გარდაიცვალა. კადრები ვნახეთ უმძიმესი და შეიძლება ეს კაციც შეგეცოდოს, ვინც ეს ბულინგი განახორციელა. ღირსება ქართველი კაცისთვის არის მთავარი რამ. ეს სლოგანში კი არ არის მარტო ასახული, ადამიანის გულსა და სულშია. ამ პროპაგანდის მსხვერპლმა შეურაცხყოფა მიაყენა ამ ადამიანს, ეს ადამიანი გარდაიცვალა გულის შეტევით ადგილზე. ყველას უნდა ახსოვდეს, პოლიტიკოსი იქნება თუ ჟურნალისტი, როდესაც ასეთი პროპაგანდის ავტორია, შემდეგ ამ პროპაგანდას განვრცობა მოჰყვება საზოგადოებაში და ადამიანი შეიძლება ღირსების შელახვის გამო გულის შეტევით გარდაიცვალოს. ცოტა უნდა დავფიქრდეთ ყველა, რისთვის ვკლავთ ერთმანეთს. ნაცური პროპაგანდა კლავს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანალიტკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, ის რაც წყალტუბოში მოხდა, „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა და ისინი საზოგადოებაზე ძალადობას ოპოზიციური ფლანგიდანაც აგრძელებენ. აბაშიძე ამბობს, რომ მათთვის ჩვევა რჯულზე უმტკიცესია და ამიტომ, იმას, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკთებდნენ, ახლაც აგრძელებენ. ანალიტიკოსი შიშობს, რომ არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, სასოწარკვეთილი ნაცოპოზიციიდან რადიკალური ქმედებები კიდევ უფორ აქტიურ სახეს მიიღებს.

„ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს, შესაბამისად, ყველაზე კარგად რაც იციან და გამოსდით, ეს საზოგადოების ტერორია და ამ ნაცად ხერხს მიმართავენ. სამწუხაროდ, მათ უსინდისო საქციელს და შანტაჟს წყალტუბოში „ოცნების“ მხარდამჭერის გარდაცვალება მოჰყვა. ნებისმიერი კვლევის მიხედვით, ოპოზიცია მომდევნო არჩევნებში ვერ იმარჯვებს. რაც უფრო ფიასკოს წინაშე დგანან, „ნაცმოძრაობის“ ქმედებები მით უფრო აქტიურ სახეს იძენს. ამ ყველაფერში კი ძალიან სამარცხვინოა და უტიფრობაა, მიუკერძოვებელი და ვითომ ნეიტრალური ორაგნიზაციების პოზიცია, როგორიც არის „ისფედი“, „საია“, ეკა გიგაურის „გამჭვირვალობა საქართველოს“ დუმილი და ამ საზარელი დანაშაულის არშემჩნევა.

ეს ადამიანები საარჩევნო პროცესს შერჩევითად აკვირდებიან. არ იმჩნევენ ამგვარ უხეშ დარღვევებს, ტოქსიკური ელემენტების შეტანას რადიკალების მხრიდან; იგონებენ ბრალდებებს, რომელიც რეალურად სასაცილოა. სინამდვილეში კი „ნაცმოძრაობის“ ტერორს „ოცნების“ ამომრჩეველზე არ იმჩნევენ. როცა მმართველი გუნდის მხარდამჭერებზე მიდის ტერორი, შანტაჟი, ბულინგი, ზიზღის ენით საუბარი, ისინი ბრმავდებიან და ყრუვდებიან“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა წყალტუბოში მომხდარი ფაქტი და მას სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს. აბაშიძე ამბობს, რომ ეს არის ადამიანის სიკვდილამდე მიყვანა და კანონის მხრიდან სათანადო პასუხის გაცემაა საჭირო.

„რასაკვირველია, „ნაცმოძრაობა“ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას ცდილობს. ამიტომ ისინი ცესკოს იმიჯის მაქსიმალრად დაზიანებას გეგმავენ. ვითომ საარჩევნო პროცესი უფრო რადიკალური გახადონ, რომ შემდეგ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ეს არის სრული სისულელე, რადგან არჩევნები იყო და იქნება „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დემოკრატიულად ჩატარებული. ის იქნება იმ დონის გამჭვირვალე, რომ ვერც ერთ მყარ მტკიცებულებას გაყალბების, ან რაიმე დარღვევის, ვერ მოიტანენ. ამიტომ ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი. ახლა ნაციონალები შეეცდებიან ვითომ მასობრივი შევიწროვების სურათი შექმნან. ამის ნათელი მაგალითი კი 4 სექტემბერს მომხდარი ფაქტია, როცა გლდანში პოლიცია ნარკორეალიზატორის დაკავებას ცდილობდა, მას ხელი „ნაცმოძრაობის“ საკრებულოს წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ შეუშალა. ანუ, რა გამოვიდა, რომ პოლიციას ხელი შეუშალა ნარკობარიგის დაპატიმრებაში და ამას პოლიტიკურ შევიწროვებას არქმევენ. აი, ასეთ პროვოკაციებზეა ეს ხალხი წამსვლელი“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ის, რაც ამ ბოლო დღეებში ხდება, რა თქმა უნდა, დაგეგმილი იყო და ეს შემთხვევითი ამბავი არ არის. საყვარელიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ოპოზიცია ამაში ყველაზე კარგად არის გაწაფული, შესაბამისად, მსგავს ინციდენტებს არჩევნების მოახლოვებასთან ერთად უფრო ხშირი სახე მიეცემა.

„წინასაარჩევნო წელი ერთმანეთს ყოველთვის ჰგავს და მუდმივად ერთი და იგივე ხელწერასთან გვაქვს საქმე. მაშინაც და ახლაც იყო სიტყვიერი, ფიზიკური დაპირისპირებები. ოფისებში მივარდნა, ბულინგი და ზიზღის ენა, უმეტესად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გვესმის - იმის პროვოცირება, რომ საზოგადოების წევრებს შორის შეტაკება, დაპირისპირება მოხდეს, ქვეყანაში მუდმივად დაძაბული იყოს სიტუაცია, წინასაარჩევნო პროცესი გახდეს ტოქსიკური და პოლარიზაციის ხარისხმა მაღლა აიწიოს.

რატომ აკეთებენ ამას? ამას აკეთებენ იმიტომ, რომ საზოგადოების თვალში დაჩაგრულებად და შევიწროვებულებად წარმოაჩინონ თავი.  ფიქრობენ, რომ თავიანთი დაბალი რეიტინგის გაზრდა ამ ზიზღის ენით არის შესაძლებელი. არადა ვინ თუ არა ჩვენს საზოგადოებაზე უკეთესად არავინ იცის ეს პოლიტიკური ძალა რასაც წარმოადგენს და რაზეც არის წამსვლელი. ეს ხალხი მუდმივად ცდილობს იმას, რომ სიტუაცია, ზოგადად, წინარევოლუციურ მდგომარეობას მიუახლოვდეს. მოსახლეობის პორვოცირებას და გაღიზიანებას ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი ფეიკ ამბების გამოყენებით ეცდებიან“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, რევოლუციისკენ სწრაფვა ნაცმოძრაობას 12 წლის განმავლობაში ახასიათებს, თუმცა საბედნიეროდ ამას ჯერ ვერ მიაღწიეს. მისი თქმით, პრემიერ კობახიძის განცხადება ძალიან ნიშანდობლივია, სადაც მან ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებზე, ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების განვითარებისთვის თავდასხმებიც კი არ გამორიცხა. ამიტომ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება.

ლაზი 20 წელია, რაც ესენი ყოველნაირი ძალადობის დაჯავშნული პრივილეგიით სარგებლობენ. ამ ძალადობას იმდენი დამცველი, მაქებარი და მახოტბე ჰყავს, შიგნით თუ გარეთ, კაციშვილი პასუხს ვერ თხოვთ. ხელისუფლებაში არიან თუ ოპოზიციაში, ყოველთვის ახერხებენ ქვეყანა ტერორში ჰყავდეთ.
1 კვირის უკან