ესპანეთის ლა ლიგის მეოთხე ტურში მადრიდის „რეალმა“ სევილიის „ბეტისს“ უმასპინძლა, რომელიც 2:0 დაამარცხა, რაც მთავარია, კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა.
ფრანგს აქამდე ევროპის სუპერთასზე ჰქონდა გატანილი, ლა ლიგაში კი ეს მისი პირველი გოლებია.
კარლო ანჩელოტის გუნდმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა: 67-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდეს შესანიშნავი პასის შემდეგ მბაპე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა. სულ მალე ვინისიუსმა პენალტი მოიპოვა, რომელიც მბაპემ გოლად აქცია და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
„რეალს“ ოთხი ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და მეორეა, მაგრამ ლიდერ „ბარსელონასთან“ 4-ქულიანი ჩამორჩენა გააჩნია, ხოლო მომდევნო ტურში 14 სექტემბერს, სტუმრად „სოსიედადს“ დაუპირისპირდება.