„წინასაარჩევნო პერიოდი რაღაცნაირად სპორტში და კერძოდ, ფეხბურთში სატრანსფერო ციებ-ცხელებასაც გვაგონებს, როდესაც გუნდები ცდილობენ გაძლიერებას ახალი მოთამაშეების აყვანით თუ ძველების გაშვებით, შედეგის გასაუმჯობესებლად. გუნდები ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან, ვინ უფრო მაღალი კლასის მოთამაშის დამატებას შეძლებს. მაღალი შემსრულებლები არის თავისებური გარანტია ჩემპიონობისაკენ ან ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, რაც არის დამატებით გაყიდული აბონემენტები და ახალი სარეკლამო კონტრაქტები.
ქართულ სინამდვილესთან განსხვავება ისაა, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიები კი არ ერთიანდებიან ქვეყნის ინტერესებისათვის და ამომრჩეველთა რიცხვის გასაზრდელად, მოსახლეობისათვის უკეთესი მომავლის შეთავაზებისათვის, არამედ დიდი სრბოლაა გაჩაღებული როგორმე ე. წ განსვლელ სიებში მოსახვედრად. ერთიანი სიით გამოსვლაც იმიტომ ვერ შეძლეს, გამსვლელ სიაში ყველას ვერ მოხვედრის გამო.
როდესაც მეკითხებიან რატომ არ ვწერ ოპოზიციურ ველზე, აქეთ ვსვამ შეკითხვებს, რა არის გასაშუქებელი ან დასაწერი?! არანაირი რეალურ ბაზისზე მდგარი პროგრამები და ხედვები, გაერთიანების არანაირი იდეოლოგიურ-კონცეპტუალური ჩარჩო, საერთოდ გაუგებარია ვინ მემარჯვენეა ან მემარცხენეა…
დანარჩენი არის სრული ანტურაჟი სიყალბის და ხალხზე მზრუნველი მანტიის მოსხმისა, სახეზეა პოპულიზმი, მოძველებული და აშკარად გახუნებული დიდაქტიკა პრაქტიკულად წინა დაპირებების გადამღერებისა, “ღირსეულ ანაზღაურებაზე” და ათას ლარიან პენსიებზე, თითქოსდა რომელიმე მათგანის შემსრულებელი მაინც იყვნენ.
ხომ ვნახეთ რა ბლეფი იყო ასე გაპიარებული წინასაარჩევნო ბლოკები, და ,,კოალიციები”, რადგან კანონით აკრძალულია და საბოლოოდ რომელიმე პარტიის სიით მოუწევთ არჩევნებზე გამოსვლა!
ამ მოძველებული და ამორტიზირებული, ერთიდაიგივე სახეების პარტიათა მონაცვლეობა, საეჭვო გარიგებებში შესვლა ხელისუფლებასთან, უპრინციპობა და გუშინდელ პარტნიორებთან ხშირად სკანდალური გაყრა-შეყრის ეს სანახაობა იმდენად ამაზრზენია, რომ არა თუ უკეთესი მომავლის განცდებს ბადებს, არამედ დღევანდელ პერსპექტივასაც კი, როგორც ასეთს უარყოფს.
როდესაც ვერ ქმნი პერსპექტივის და მომავლის განცდებს, გაქვს წმინდა ვასალური დამოკიდებულება ნებისმიერ გარე რეკომენდაციაზე და უაპელაციოდ იღებ ყველაფერს, ცალ ფეხზე ხტუნვით, ვერც ევროკავშირში შეხვალ და ვერც ელექტორალურად გაფართოვდები! ხოლო როდესაც წლების მანძილზე, არჩევნებიდან არჩევნებამდე სიყალბის ტირაჟირებას ახდენ, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მოქმედებ პრინციპით - ვინც მე არ მეთანხმება, ჩემი მტერია, ვერასდროს გახდები არსებული ხელისუფლების ჩანაცვლევადი ალტერნატივა.
აი, ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც წლებია უკვე ვიმყოფებით, რეალური ოპოზიციის გარეშე. ქვეყანა ვერ განვითარდება ამ პოლიტიკური არქიტექტურის პირობებში, მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლების მიერ, წამყვან ოპოზიციურ პარტიას ბრალი ედება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებში და ქვეყნის ღალატში.
ოპოზიციის იმედი, რომ ხელისუფლებაზე დიდი საერთაშორისო ზეწოლით არჩევნებში გაიმარჯვებენ, არის ილუზორული, რადგან როდესაც 12 წლის მანძილზე ყველა დონის არჩევნებს აგებ, შედეგებს აპროტესტებ და ვერანაირ ფაქტობრივ და დოკუმენტალურად დადასტურებულ მტკიცებულებებს ვერ დებ შედეგების გაყალბებაზე, თანმდევი უაზრო ბოიკოტებით უნდა იცოდე, რომ არც საერთაშორისო ზეწოლა იმუშავებს და საკითხავია ეს არჩევნებიც რატომ უნდა მოიგო?!
მართალია, არჩევნების ბედს საბოლოოდ, ამომრჩეველი წყვეტს, მაგრამ არჩევანს არავინ აკეთებს უარეს და მით უმეტეს გაურკვეველ მომავალზე!“