ბენზინის იმპორტის ყველაზე იაფი არხი წლის ბოლომდე დაიკეტა - საწვავი, სავარაუდოდ, გაძვირდება

ბენზინის იმპორტის ყველაზე იაფი არხი წლის ბოლომდე დაიკეტა - საწვავი, სავარაუდოდ, გაძვირდება

როგორც ჩანს, რუსეთში ნავთობპროდუქტების სერიოზული დეფიციტია, რადგან ქვეყანამ ბენზინის ექსპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნებულია. აქამდე შეზღუდვა ძალაში ოქტომბრამდე იყო. ეს ნიშნავს, რომ ახლო მომავალში საქართველოში ბენზინი გაძვირდება, რადგან მოწოდების იაფი არხი კარგა ხნით დაიკეტა.

„2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რუსეთში კვლავ იმოქმედებს ბენზინის ექსპორტის დროებითი შეზღუდვა. ამის მთავარი მიზეზია, შენარჩუნდეს სტაბილური მდგომარეობა სანავთობო ბაზარზე მაღალი სეზონური მოთხოვნისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებში გეგმიური რემონტის პერიოდში“, - ნათქვამია რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეზღუდვა არ გავრცელდება, საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით, მათ შორის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის ექსპორტირებული საწვავის მიწოდებაზე, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავზე.

რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 2023 წლის 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით გასულ წელსაც აიკრძალა, რათა საავტომობილო საწვავის შიდა ბაზარზე ფასები დასტაბილურებულიყო.

რუსეთმა აკრძალვა მეორედ 2024 წლის 1-ელ მარტს აამოქმედა. განკარგულების თანახმად, აკრძალვა ძალაში 6 თვით უნდა ყოფილიყო, თუმცა 20 მაისს კვლავ მოხსნა შეზღუდვა და 1-ელ ივლისამდე გააგრძელა.

ბოლო დადგენილებით, რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 31 აგვისტოს ჩათვლით იყო აკრძალული, თუმცა უკვე გაირკვა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვახტანგ იობაშვილ ამბობს, რომ აღნიშნული ბაზარი დღეისათვის არასტაბილურია.

„არა მხოლოდ სანავთობო ბაზარი, არამედ მთლიანად ეს ქვეყანა არის დღეისათვის არასტაბილური. ამას ყოველთვის ვამბობდი და მომავალშიც ვიტყვი, მაგრამ ჩვენ რუსეთიდან საწვავს იმიტომ ვყიდულობთ, რომ შედარებით იაფია. საქართველოში საწვავის დეფიციტი და სხვა კატაკლიზმები გამორიცხულია. ჩვენ გეოგრაფიულად ისეთი მდებარეობა გვაქვს, რომ თუ ვერ შევისყიდით საწვავს ჩრდილოეთიდან, მაშინ ევროპიდან და შუა აზიიდან მოვახდენთ იმპორტს.

რუსეთმა სანავთობო ბაზარი რამდენჯერმე ჩაკეტა და შემდეგ ისევ გახხნა. ამით ჰგონია, რომ საქართველოს პრობლემას შეუქმნის და ჩვენ რაიმეს დაგვაკლებს. ასე არ მოხდება. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კომპანიები და მათ გზა აქვთ ხსნილი ყველა მიმართულებით.

თანაც აზერბაიჯანი საქართველოში ბენზინის შემოტანას იწყებს. გადაიარაღება ფაქტობრივად დასრულებულია, ამიტომ რუსეთის ვერანაირი ქმედება ვერ შეგვიქმნის საფრთხეს, თუ რა თქმა უნდა, რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა“, - განაცხადა იობაშვილმა.

მთავარი ბაზრიდან იმპორტის შემცირების მიუხედავად, 27.3%-ით არის გაზრდილი ზოგადი მაჩვენებელი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში საქართველომ სულ 631.6 მლნ აშშ დოლარის ნავთობი და მისგან წარმოებული პროდუქტები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 496.1 მლნ აშშ დოლარის.