პუტინი უკრაინელებზე პასუხის გასაცემად ელიტარულ დანაყოფებს კურსკში აგზავნის - უკრაინელები დასახვედრად ემზადებიან

პუტინი უკრაინელებზე პასუხის გასაცემად ელიტარულ დანაყოფებს კურსკში აგზავნის - უკრაინელები დასახვედრად ემზადებიან

რა პასუხს გასცემს ვლადიმირ პუტინი უკრაინს კურსკში და რა სახის ძალების გადასროლას აპირებს ის მათი კურსკის ოლქიდან განდევნისთვის? როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, პუტინმა უკვე გასცა ელიტარული დანაყოფების კურსკში გადასროლის ბრძანება, რათა უკრაინელების ოლქიდან განდევნა მოხდეს. თუმცა მაისაიას აზრით, სიტუაცია საკმაოდ რთულია და ჭირს იმის პროგნოზირება, რომელი მხარე შეძლებს კურსკში უპირატესობის შენარჩუნებას. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე უკრაინელების წინსვლა ჯერჯერობით რუსებმა შეაჩერეს, თუმცა უკან დახევას არც უკრაინელები აპირებენ.

ამის მტკიცებულებად კი სამხრეთ რუსეთში, კურსკის რეგიონში უკრაინის შეტევის მეექვსე დღეს, ბრიგადის ნაწილი 2000 კაცი და პლუს, მინიმუმ, ერთი დამოუკიდებელი 400-კაციანი ბატალიონი ადგილზე დარჩენას გეგმავს. ამის შესახებ Forbes წერს.

ფრონტის ხაზის გასწვრივ ან მის მახლობლად, პოზიციური ომის მოლოდინში, უკრაინელები სანგრებს ჭრიან. სანგრებს თხრიან რუსებიც. ის, რომ ორივე მხარე აძლიერებს პოზიციებს, არ ნიშნავს, რომ უკრაინელებმა წინსვლა დაასრულეს. ეს არც იმას ნიშნავს, რომ რუსებს არ შეუძლიათ კონტრშეტევა და უკრაინელების უკან დაბრუნება საზღვრამდე. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დღის წესრიგშია ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია და კურსკის ნაწილის გრძელვადიანი უკრაინული ოკუპაცია“, - წერს გამოცემა.

ამ ეტაპზე კი კურსკის ოლქის 28 დასახლებას უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ - ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა უკვე აცნობა პუტინს.

როგორც სმირნოვი იუწყება, უკრაინის ჯარებმა რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეში შეაღწიეს და მათ მიერ კონტროლირებად სოფლებში მცხოვრებ ორიათასამდე ადგილობრივთან კავშირი არ აქვთ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, კურსკის ოლქიდან 121 ათასი ადამიანი ევაკუირებულია და საჭიროა კიდევ დაახლოებით 180 ათასის ევაკუაცია.

გუშინდლიდან ევაკუაციაა ბელგოროდის რაიონშიც. გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, მოსახლეობის 50-70%-მა უკვე დატოვა სასაზღვრო ქალაქი შებეკინო.

პუტინმა კურსკის დასაცავად უკრაინიდან „შედარებით მცირე“ ჯარის დანაყოფების გაყვანა დაიწყო - ამის შესახებ კი უკრაინის არმიის სპიკერი გამოცემა POLITICO-სთან საუბრობს.

„რუსეთმა უკრაინის სამხრეთ ტერიტორიიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდანაც, გადაიყვანა თავისი ჯარის დანაყოფების ნაწილი“, - განუცხადა გამოცემას დმიტრო ლიხოვიიმ.

პარალელურად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიის წაღებით არაა დაინტერესებული და მას საკუთარი ხალხის დაცვა სურს. უწყების ცნობით, შეტევა შეჩერდება მაშინ, როდესაც რუსეთი მშვიდობას დათანხმდება.

 „კურსკში „გაცვლის ფონდი“ იზრდება... უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციისა და კურსკის რეგიონში ჩვენი ოპერაციების შესახებ ანგარიშებს ვიღებ. რთული და ინტენსიური შეტაკებების მიუხედავად, ჩვენი ძალები კურსკის რეგიონში წინსვლას განაგრძობენ, იზრდება ჩვენი სახელმწიფოს „გაცვლის ფონდიც“.

უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება - იქ ინსპექციისა და სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება. ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავებაც გრძელდება. გმირული სამსახურისთვის ჩვენი მებრძოლების მადლიერი ვარ. მზადება გრძელდება შემდგომი ნაბიჯებისთვის“, - წერს ზელენსკი.

ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ის რაც ახლა კურკსში ხდება, უკრაინის მხრიდან ჩატარებული ბლიცკრიგია, რომლის განხორციელებაც პუტინს 2022 წელს კიევზე უნდოდა, თუმცა არ გამოვიდა. მაისაია ამბობს, რომ კურსკში მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვერსიები არსებობს და რთულია წინასწარ იმის თქმა, რა მოხდება. თუმცა კრემლის მხრიდან დაბნეულობა აშკარაა, რადგან ოპერატიული უპირატესობა უკრაინელების ხელშია.

„უკრაინელები ახლა ორ მიმართულებაზე ცდილობენ პოზიციების გამყარებას, ერთი ესაა კურსკი და მეორე ბელგოროდის მიმართულება. ასევე, შესაძლებელია ვორონეჟის მიმართულებითაც გავიდნენ. უკრაინა, დიდი ალბათობით, ამ დაკავებულ ტერიტორიებს დაზავებისთვის და ჩანაცვლებითი პროცესისთვის გამოიყენებს. ანუ ის შეეცდება, რომ კურსკის დაკავებული ტერიტორიები, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებში გაცვალოს. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ დაკავებულ ტერიტორიებზე, პუტინის წინააღმდეგ ე.წ. პოლიტიკური გათავისუფლების მოძრაობა დაიწყონ. შექმნან რაღაცა სეპარატისტული ტიპის რესპუბლიკა, ან ანტიპუტინისტური ქმედებები დაიწყონ, რომელიც საყრდენი წერტილი იქნება, რომელიც შემდეგ მთელ რუსეთის ტერიტორიას მოედოს. აქ არის, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური ინტერესები. ფაქტობრივად, ეს არის უკრაინული ბლიცკრიგი, რომელიც ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს“, - ამბობს მაისაია.

რას მოიმოქმედებს რუსეთი და რა სახის წინააღმდეგობის გაწევაა მათი მხრიდან მოსალოდნელი? მაისაია ამბობს, რომ პუტინმა უკვე გამოიყვანა მძიმე არტილერია, რომელსაც კურსკის ტერიტორიების დეოკუპაცია დაევალა.

„ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენი ხანი შეიძლება უკრაინამ კურსკის დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნოს. ახლა, უბრალოდ, დამკვიდრების და ადაპტაციის პროცესი მიდის. რუსები რამდენად შეძლებენ ასევე აჩრდილოეთის ძალების დაჯგუფების ჩამოყალიბებას და შემდეგ მის გადასროლს კურსკში, ყველაფერი ორივე მხარის მოქმედებებზეა დამოკიდებული. რუსებმა ახლა უნდა შექმნან ძლიერი მუშტის სახის დანაყოფები, რომლებიც უკრაინელებს ერთი დარტყმით კურსკიდან გამოიყვანს. შემდეგ აუცილებლად დადგება იმის ალბათობა და აუცილებლობა, რომ ისინი ხარკოვის და სუმის ოლქებში გადმოვიდნენ. რუსებმა მაშინ ამ ტერიტორიაზე ახალი ოკუპაცია უნდა მოახდინონ და ბუფერული ტერიტორიები დაიკავონ, რაც ჯერჯერობით რთულია. კურსკის და ბელგოროდის მიმართულებით რუსებმა ჯერჯერობით წინსვლა შეაჩერეს. ამიტომ ქალაქ სუნჯაშიც სიტუაცია გაურკვეველია. ერთ ნაწილს რუსები აკონტროლებენ, მეორეს უკრაინელები. იქ უბრალოდ, ბუფერული ზონებია და რუსები რაღაცა ნაწილებს აკონტროლებენ. ახლა მიდის ბრძოლა იმისთვის, რომ სუნჯას დაკავება მოხდეს, რადგან უკრაინელებს შემდეგ შეუძლიათ კურსკის ბირთვული ელექტროსადგურისკენ შეტევა განაგრძონ. ასევე, ბელგოროდის გზის სტრატეგიული შებოჭვა მოახდინონ. ამიტომ სუნჯას დაკავება ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია“,-ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, რუსებმა კურსკში ყველაზე ბრძოლისუნარიანი მეათე ბრიგადა უკვე გადმოისროლეს. ანლიტიკოსი ამბობს, რომ ეს დანაყოფი ყველაზე კრიზისულ სიტუაციებზეა გაწვრთნილი. ამიტომ უკრაინელებს რთულ ბრძოლებში ჩართვა მოუწევთ.

„რუსებმა კურსკში ასევე სადესანტო ჯარების 45-ე სადესანტო საშტურმო ბრიგადა გადმოისროლეს, რომელსაც  განსაკუთრებულ შემთხვევაში რთავენ ბრძოლაში. ასე რომ, კურსკში უკრაინელებს ელიტურ დანაყოფებთან დაპირისპირება მოუწევთ. თუ უკრაინამ დიდი ხანი მაინც გაძლო კურსკში და ამ დანაყოფებთან გამკლავება მოახერხა, მაშინ პუტინს ახალი მობილიზაციის გამოცხადება მოუწევს, ეს კი მის იმიჯს კიდევ უფრო დააზიანებს. ქვეყნის შიგნით დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს“, - ამბობს მაისაია.

ლევკოთეა პუტინის იმიჯს არაფერი ემუქრება რუსეთში. როგორც მიშამადიდებელ სექტანტებს ვერ დაარწმუნებ სააკაშვილის ავკაცობაში, ისე ვერ დააჯერებ რუსეთის აგრესიულად მორჩილი მოსახლეობის უმრავლესობას, რომ პუტინი მათი მამა-მარჩენალი არაა.
3 თვის უკან