ჰელსინკის კომისიამ კეზერაშვილის „ქოლ-ცენტრები“ „ოცნებას“ „ჩაუდო“

ჰელსინკის კომისიამ კეზერაშვილის „ქოლ-ცენტრები“ „ოცნებას“ „ჩაუდო“

აშშ-სა და საქართველოს შორის ჰიბრიდული ომი გრძელდება და არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო მძაფრი ხდება. ამჯერად ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.

კომისია რეკომენდაციით მიმართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ შეაჩეროს ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ. აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ მოქმედებისკენ გასულ თვეში, ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილ წერილშიც მოუწოდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კომისია ამ შემთხვევაში მხოლოდ ზეპირი განცხადებებით შემოიფარგლება და ის გაჯერებული არ არის მტკიცებულებით. როგორც ჩანს, კომისიამ „არ იცის“, ან „არაფერის სმენია“ ბრიტანული გამოძიების შესახებ, რომლის საფუძველზეც ბრიტანეთი სასწრაფო წესით დატოვა ქოლ ცენტერების მთავარმა ფიგურანტმა, მისტერ ოფშორმა დავით კეზერაშვილმა და კვიპროსს შეაფარა თავი. ეს ის კეზერაშვილია, რომელსაც ევროპული გამოძიება ბრლას სდებს ევროპელი პენსიონერების ძარცვაში. ეს ის კეზერაშვილია, რომელიც ნაძარცვი ფულით აფინანსებს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და ტელეკომპანია „ფორმულას“. ეს ის კეზერაშვილია, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა და სწორედ ასე გახდა ოფიციალური მილიონერი. მაგრამ „ობიექტურ“ ჰელსინკის კომისიას, როგორც ჩანს, „გამორჩა“ კეზერაშვილის და რადიკალური ოპოზიციის შავი ფულის სალაროს ისტორია. სამწუხაროდ, ასეთია ამერიკული სამართლის ობიექტურობა და სწორედ ასეთი პოლიტიკით აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოში ანტიამერიკული განწყობა შეექმნათ.

უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, ჰელსინკის კომისიის დასკვნა არის წინასაარჩევნო პროცესში პირდაპირი ჩარევა ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად. დეპუტატი აცხადებს, რომ განცხადება სრული აბსურდია, რომელსაც მტკიცება სჭირდება.

„ჰელსინკის კომისიის დასკვნა ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა. მათი განცხადება, რომლის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიღებული. განცხადება კეთდება, პირდაპირ უნდა ითქვას, ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად. ამ განცხადებაში იკითხება, რომ თურმე რაღაც ქოლ-ცენტრები არსებობს, რომ თურმე იქ შავი ფულია, რომელიც ოპოზიციის საწინააღმდეგო კამპანიას ხმარდება. სრული აბსურდია! ამას აუცილებლად სჭირდება მტკიცება. ჩვენ ველოდებით, რომ მათგან კონკრეტული მტკიცებულებები იყოს წარმოდგენილი, თუმცა რაც ბუნებაში არ არსებობს, წარმოდგენილი ვერ იქნება.

აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, არ მახსენდება ჰელსინკის კომისიის რაიმე სახის განცხადება, იმ საერთაშორისო გამოძიებაზე, რომლითაც გერმანელმა, ქართველმა და კიდევ სხვა ქვეყნების საგამოძიებო უწყებებმა ერთობლივად ამხილეს ის დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც კრიმინალმა კეზერაშვილმა განახორციელა ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ. ისევე, როგორც არ მახსენდება ჰელსინკის რაიმე ღია პოზიცია სააკაშვილის ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არის ორმაგი სტანდარტი, არასამართლიანი მიდგომა და ფაქტების სრული დამახინჯება. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერებული თითოეული განცხადება დიდი ყურადღების ქვეშ არის ქართველი ხალხის მხრიდან, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია იმედოვნებს, რომ ჰელსინკის კომისიის განცხადებას სექტემბერში მოჰყვება რეაგირება და ამოქმედებული იქნება ფინანსური სანქციები, რომელიც მელიას თქმით, საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.

„როდესაც პოლიტიკური კავშირები გაყინულია, როდესაც დასავლური ფული გრანტებისა და ტრანშების სახით აღარ შემოდის, რადგან დარწმუნდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ფულს ავტოკრატიის გაძლიერებას ახმარდა და არა დემოკრატიის განვითარებას, როდესაც უკვე ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების სქემა არის „ქართული ოცნების“, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ფინანსური სანქციები ადრე თუ გვიან არ ასცდებათ. სჯობს ადრე, ვიდრე გვიან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ იმ გარემოებაზე, რომ თუ ეს რეალობას შეეფერება, ეს არ არის ერთი დღის, ერთი კვირის და ერთი წლის მოვლენა. შესაბამისად, თუ ასეთი ინფორმაციები აშშ-ს გააჩნდა, მას, მათ შორის, ჰქონდა, როგორც სათანადო პროპაგანდის წარმოების, ასევე სათანადო სამართლებრივი რეაგირების მიზეზი. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამერიკელი სენატორის და კონგრესმენის ბოლო ვიზიტი, რომელიც საქართველოში განხორციელდა და რომელიც აშშ-ისათვის სასარგებლო არ იყო, არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ამ ინფორმაციის გამოქვეყნების.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება აუცილებლად უნდა ემყარებოდეს მყარი მტკიცებულებითი ფორმის დოკუმენტებს და შესაბამისად, თუ ასეთი დოკუმენტები არსებობს, უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა. თუ ეს ხორციელდება სადაზვერვო პროპაგანდის ნაწილში, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კონტრპროპაგანდის მექანიზმების ამუშავება და ამასთან ერთად, სათანადო სამართლებრივი დევნა. კიდევ ერთელ, თუ ეს დეზინფორმაცია არის, ეს არ მატებს ავტორიტეტეს ისეთ სახელმწიფოს, რომელიც გამორჩეული არის მაღალი დემოკრატიის სახელით.

როგორც ექსპერტი აცხადებს, აქ კდევ უფრო საინტერესოა ის გარემოება, რომ თუ ასეთი ტიპის ინფორმაციები არსებობდა, გარდა იმისა, რომ რეაგირება არ განხორციელდა აშშ-ის მიერ, არამედ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მაღალი რანგის თანამდებობის პირების და მათი წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში და შეხვედრები მათ შორის „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„თუ ასეთი მონაცემები არსებობდა, ამ ინფორმაციის დამალვა არ აძლევს მაღალი ავტორიტეტის გამყარების საშუალებას დემოკრატიულ სახელმწიფოს აშშ-ს, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ასეთი ტიპის ორგანიზებული ქმედებები ხდებოდა და ჰქონდათ ინფორმაცია, მაშინ რატომ მალავდნენ ამ ინფორმაციას? ფიქრობ, რომ ასეთი სახის ინფორმაციების გავრცელებას ძირითადი დატვირთვა აქვს ის, რომ მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ მოახლოებულ არჩევნებში მათთვის სასურველი გადანაწილება და მათთვის ხელსაყრელი პირები და პირთა ჯგუფები მოხვდნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

მერაბ.g ჰოლცენტრების საქმეს წლებია იძიებენ გერმანელები, ათეულობით ადამიანია პატიმრობაში; ამერიკელებს სიმართლე თუ აინტერესებთ, შეეკითხონ მათ; თუ ჭორაობა უნდათ, იჭორაონ საქართველოში მათ ნათქვამს ხაზარაძის, სააკაშვილის, გვარამიას და ჩახდილ ზურაბას ნათქვამის ფასი აქვს
3 თვის უკან