აშშ-ს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით წერილს უგზავნის, სადაც ჯო ბაიდენი „ოცნების“ პოლიტიკას და „გამჭვირვალობის“ კანონს ღიად აკრიტიკებს. წერილში ბაიდენი შეშფოთებას გამოხატავს გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით და მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს ანტიდემოკრატიულად აფასებს. აქვე, ამერიკის პრეზიდენტი საუბრობს საერთო ღირებულებებზე, რომელიც ქვეყნებს აერთიანებს. მისი თქმით, 32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, საქართველო და შეერთებული შტატები ერთად იცავდა მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს.
ბაიდენის წერილს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის „უცხოური აგენტების“ კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს, - წერია წერილში.
აშშ-ის პრეზიდენტის წერილს საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ეს არის არაობიექტური მიდგომა და პოლიტიკური ზეწოლა. მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო.
„პრეზიდენტის განცხადებაში ზოგადად წერია ანტიდემოკრატიული ქმედებები. მას ამის არც ერთი მაგალითი არ მოჰყავს, გარდა იმისა, რომ ასახელებს კანონს, რომელსაც თვითონ ამერიკელებმა „რუსული“ დაარქვეს. კანონის დასახელებაში კი იყენებს სიტყვას, რომელიც კანონში საერთოდ ნახსენები არ არის. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ზეწოლასა და არაობიექტურ მიდგომას.
ჩემი ღრმა რწმენით, ეს გამოწვეულია არა მიღებული კანონით, არამედ გამოწვეულია იმით, რომ საქართველომ ყველაზე მაღლა საკუთარი ეროვნული ინტერესები დააყენა და არ ჩაერთო ომში! ის, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სტრატეგიული თანამშრომლობა და მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ესეც არის საკითხი, რომელიც გაღიზიანებას იწვევს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტის წერილი პირდაპირი გზავნილი და კარტების სრულად გახსნაა. მისი აზრით, ბაიდენმა ამ წერილით „ოცნებას“ თითი დაუქნია.
„ბოლოს და ბოლოს ყველამ კარგად ვიცით რა არის კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ამერიკის ადმინისტრაცია „ქართულ ოცნებას“ არ სწყალობს. ეს არის მათ გარეშე, დამოუკიდებლად წარმოებული პოლიტიკა და ჩინეთის ფაქტორი. ბაიდენის ასეთი ღია გზავნილი იმის მანიშნებელია, რომ ამერიკას არ სურს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა და ამას აღარ მალავენ. მთავარი მათი პრობლემა გამჭვირვალობის კანონი არ არის. ეს არის ტყუილი და უკვე ყველა მიხვდა, რომ აქ საუბარი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობაა, რომელიც ამერიკას ასე მწვავედ ხვდება გულზე. მათთვის საქართველო ყოველთვის იყო ის პლაცდარმი, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სადაც თავისუფლად აკეთებდნენ იმას რაც უნდოდათ. ასევე, ჰყავდათ სრულიად დამჯერი ხელისუფლება სააკაშვილის მეთაურობით, რომელთა მართვა მათთვის ძალიან მარტივი და უპრობლემო იყო. ახლა კი „ოცნების“ მიერ საგარეო პოლიტიკაში ლავირებამ, საკუთარ ქვეყანაზე და მის მოსახლეობაზე მთავარმა ფიქრმა, ამერიკას გაუჩინა ეჭვები, რომ თითქოს „ოცნება“ რუსეთისკენ იხრება. ეს რომ ტყუილია ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახა, ამიტომ ასეთი ღია მხარდაჭერა ოპოზიციის, ნიშნავს იმას, რომ არჩევნებისთვის კონკრეტული სცენარი მზადდება“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ, პროცესები ვენესუელას სცენარით განვითადეს, სადაც დასავლური სამყაროს ნაწილმა სახელისუფლებო გუნდის გამარჯვება არ აღიაროს. ხოლო ამერიკამ ოპოზიციას მხარი ღიად დაუჭიროს.
„სამწუახროდ, ყველაფერი ამ სცენარისკენ მიდის და ღმერთმა არ ქნას, რომ ქვეყანაში ასეთი არეულობა დაწყოს. ბაიდენის წერილი არის მტკიცებულება იმის, რომ აქ 27 ოქტომბრისთვის კონკრეტული გეგმისთვის ეზადებიან. შესაძლოა, ზურაბიშვილს მოკავშირედაც აღიქვამენ, ამიტომაც ბაიდენის ადრესატი ზურაბიშვილი იყო. რა თქმა უნდა, ეს არის არჩევნების წინ ოპოზიციისთვის ღია მხარდაჭერა, რაც ცუდი და სამწუხარო ფაქტია. ამერიკელების ღია მიზანია, რომ ხელისუფლებაში ისევ ნაციონალები დაბრუნდნენ, რომელთაც მათთვის ნებისმიერი სურვილის შესრულება შეუძლიათ, იქნება ეს რევოლუციის მოწყობა თუ მეორე ფრონტის საქართველოში გახსნა. ამიტომაც მათ სურთ „ოცნების“ დასჯა და კანონი აქ არაფერ შუაშია“, - ამბობს საყვარელიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არის აგენტოკრატის აგენტისადმი მიწერილი წერილი, სადაც მიანიშნებს კონკრეტულ დავალებაზე და მოქმედების გეგმაზე. ქართველიშვილის აზრით, აგენტმა ამ წერილიდან მორიგი დავალება და შესასრულებელი ამოცანები უნდა ამოიკითხოს.
„აგენტოკრატი თავის აგენტს ანუგეშებს და ეუბნება ამ წერილით, რომ ის მივიწყებული არ არის, უყურადღებოდ არ არის დატოვებული და იცის რაც უნდა გააკეთოს. ბაიდენის ადმინისტრაციიდან ამ ტიპის ფორმულირებები, თითქოს საქართველოს ხელისუფლება, ევროკავშირის და ნატოს ფორმატს გასცდა და დემოკრატიის უკუსვლით არიან ვითომ იმედგაცრუებულები, უკვე სასაცილოც აღარ არის.
4 წლის განმავლობაში, ყველა არჩევნებში როგორი სახის დარღვევებიც ჰქონდათ და კარგა ხნის გარდაცვლილი ხალხი მონაწილეობდა მათ არჩევნებში, ასევე გარდაცვლილი ადამიანები აირჩიეს კონგრესში, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მისი კონკურენტის ტრამპის ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობა არ იყო? როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ და საპირწონედ კი მსოფლიო ბანკის და მსოფლიო ინსტიტუტების მიერ შემუშავებული ინდიკაციებით საქართველოს წარმოჩენა დემოკრატიის განვითარების გზაზე სულ უფრო მაღალ საფეხურზე ადის, მთელ რიგ დემოკრატიულ პარამეტრებში მოწინავე ქვეყანა ვართ. ბაიდენისთვის თუ ჩვენი ევროპული გზიდან გადახვევაა ის, რომ არ ვკლავთ და არ ვესხმით თავს ჩვენს ოპონენტებს, ეგ უკვე არ ვიცი. არ ვხურავთ ოპონენტების მედია საშუალებებს, ოპოზიციას არ ვუკრძალავთ საკუთარი პროპაგანდის გავრცელებას, მაშინ სად გადავუხვიეთ დემოკრატიული სამყაროდან? ჩვენ გვყოფნის იმის მოთმინება, რომ თვითონ ამ სივრცეებში, რასაც ნატო და ევროკავშირი ჰქვია, სიტუაცია შიეცვალოს და ჩვენც ამ ღირებულებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ჩვენი ოპოზიცია ამერიკასთან ერთად მოხიბლულია უკვე არა ვენესუელის სცენარით, არამედ ბანგლადეშის. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ნაცსექტანტები აღტაცებულები აცადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი გააქციეს და ქვეყანაში არეულობა მოაწყვეს. ქართველიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას ამ სცენარების საქართველოზე გადმოტანა არ შეუძლიათ, რადგან 26 ოქტომბერს მათი გამარჯვების მინიმალური შანსი არ არსებობს.
ტამადა სკაზალ ბოგ სკაზალ.....მორჩა კინო
ანუ, თუ მიჯერებ ჩემი ხარ, თუ არადა მტერი ხარ. ცალ ფეხზე იდგები, ნაქები იქნები.
ზვიად გამსახურდიას ამბავი ხომ გახსოვთ, დინების საწინააღმდეგოდ ცურვასთან დაკავშირებით. ჰოდა, ახლაც ისეა.