დედაქალაქში მუდმივი სატრანპორტო კოლაფსია - „გვინდა თუ არა, უნდა გაკეთდეს ახალი ხიდები და ესტაკადები“

დედაქალაქში მუდმივი სატრანპორტო კოლაფსია - „გვინდა თუ არა, უნდა გაკეთდეს ახალი ხიდები და ესტაკადები“

დედაქალაქის მასშტაბით, არაერთი სატრანსპორტო კვანძია, სადაც გადაადგილება საცობების გამო ჭირს. მაგალითად, ასეთია გმირთა მოედანი, სააკაძის მოედანი, ლაგუნა ვერეს, დიდი დიღმის და ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიები, ჭავჭავაძის გამზირი, წერეთელი, თბილისის შესასვლელი და სხვა, რომელიც .. ცხელ ადგილებად ითვლება.

სპეციალისტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, რაც პიკის საათებში და სხვა დროსაც სატრანსპორტო კოლაფსს ქმნის. ესენია:

ქაოსური განაშენიანება;

ავტომობილების დიდი რაოდენობა;

მზარდი მოსახლეობა;

ინფრასტრუქტურა, რომელიც არა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, არამედ ავტომობილზეა მორგებული;

სატრანსპორტო რეფორმის ნელი ტემპი;

ნაკადების სამართავი ჭკვიანი სისტემის არარსებობა;

არათანმიმდევრული ურბანული პოლიტიკა;

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი გამოსავალს მობილობის შემცირებაში ხედავს, რაც დეცენტრალიზაციით მიიღწევა. ფიქრობს, რომ საკითხი უკვე გასცდა დედაქალაქის მერიის კომპეტენციას და საქართველოს მთავრობის დონეზე გადაინაცვლა.

დღეს სახელმწიფო დაწესებულებები დედაქალაქის ცენტრშია თავმოყრილი, ეს დაწესებულებები დაუყოვნებლივ გასატანია ქალაქის ცენტრიდან. ცენტრში ძირითადად საფეხმავლო გზები, ველობილიკები, მოპედებისთვის ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. ქალაქს განმუხტავს დეცენტრალიზაცია, - განაცხადა მესხიშვილმა.

იმისათვის, რომ სატრანსპორტო კოლაფსი არ შეიქმნას, საჭიროა ქალაქის სიგანეში გაფართოება და შუქნიშნების სწორი მონტაჟი, რაც გზის გამტარუნარიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტის მევლუდ მელაძის აზრით, რა პრინციპითაც ქალაქდაგეგმარება ხდება, ამისთვის თბილისი მზად არ აღმოჩნდა. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის საგზაო კოლაფსი, რაც დღესდღეობითაა.

ახლა ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე გზების გაფართოება გადაწყდა, მაგრამ პრობლემას ეს ვერ მოაგვარებს. როგორც ვიცით, გზის გაფართოება ამ მონაკვეთზე მრავალსართულიანი შენობის აშენების გამო იგეგმება. ქალაქის მოწყობა მისასალმებელია, მაგრამ უნდა მოხდეს ისე, რომ გაფართოება-გაშლა მოხდეს ტერიტორიის გაშლით და არა მაღალი შენობების ჩადგმ. ქალაქის სიმაღლეში ზრდა ამ მხრივ დიდ პრობლემას შექმნის. გამოდის, რომ საცობები ისევ იჩენს თავს და ეს გაფართოება საკმარისი არ იქნება.

ჩვენს საგზაო მონაკვეთებზე კატასტროფა ხდება, ამიტომ ეს წერტილები, მაკავშირებლები, ასე თუ ისე, ცნობილია ყველაზე ცენტრალური და მასიურია გმირთა მოედანი, გამსახურდიას გამზირი, გლდანი (მინდელის ხიდზე რომ გადავდივართ და გლდანში ავდივართ, მთელი გზა სულ საცობია), ვარკეთილი, ავლაბარი, ვერა და ვაკე (ბაგებიდან მომავალი გზაც). ყველა ამ ჩამოთვლილ უბანში, როგორც მინიმუმ, მისვლა გართულებულია.

არის ადგილები, სადაც გვინდა თუ არა, უნდა მოხდეს ხიდების და ესტაკადების მოწყობა. ამისთვის შესაბამისი ადგილი დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს. რთულია, ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნოს. ყველაზე სწორი იქნება, ქალაქი არ გაიზარდოს სიმაღლეში, არამედ სიგანეში. აქცენტი გადატანილ იქნას ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მაღალსართულიანი შენობები ვაშენოთ, - განაცხადა მელაძემ.

სატრანსპორტო რეფორმა რომ ხანგრძლივი, ძვირი და შრომატევადი საქმეა, ყველა თანხმდება, პრობლემა რეფორმის ნელი ტემპი და ის სამშენებლო გადაწყვეტილებებია, რომელიც ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას საფუძველს აცლის. მოსახლეობა კი საცობში ცხოვრებას ეჩვევა.

თუ დავუშვებთ, რომ დღეში საცობში მინიმუმ ორ საათს ვკარგავთ, გამოვა, რომ თვეში ეს დრო 56 საათია, წელიწადში 672 საათი ანუ 28 დაკარგული დღე.