პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „ოცნების“ გუნდის დამარცხების ერთადერთ გამოსავლად „ქართულ ქარტიაში“ შეტანილი ერთ-ერთი პუნქტი ესახება, რომლის თანახმად, არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამარცხების შემთხვევაში, ტექნიკური მთავრობა ჩამოყალიბდება, რომელიც ერთ წელიწადში ახალი, სამართლიანი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
შეკითხვაზე, რომელიც მას 5 აგვისტოს პრესკონფერენციაზე დაუსვეს და არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენას შეეხებოდა, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქვეყანა ერთი წლის განმავლობაში ტექნიკურმა მთავრობამ უნდა მართოს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არც ერთი მათგანი არ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვისაც დღეს ჰგონია, რომ ამ თანამდებობას დაიკავებს. მას არ სჯერა, ოპოზიციური პარტიები პრემიერ-მინისტრობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას შესძლებენ, თუმცა, მისივე თქმით, შესაძლებელია ტექნიკურ მთავრობაზე შეთანხმება შეზღუდული მანდატით.
პარტიების გასაკონტროლებლად, რომ ქარტიის პირობები შესრულდეს, ზურაბიშვილს „ქმედითი“ მექანიზმი აქვს მოფიქრებული - ყველა ოპოზიციონერს საჯაროდ ამხელს, მას ვინც ქარტიის პირობებს დაარღვევს.
ზურაბიშვილის თქმით, ნდობა გაჩნდება, თუკი დაინახავენ მთავრობაში „არაპოლიტიკურ სახეებს, ახალ სახეებს, რასაც ჰქვია ექსპერტთა მთავრობა, რაც ჩვენ გამოცდილი არ გვაქვს, მაგრამ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, როდესაც ღრმა კრიზისი არის, ეს არის ის გამოსავალი, რასაც პოულობენ, რომ ცოტა ხნით ამ მთავრობამ გადალახოს ეს კრიზისი, შექმნას კონსენსუსი, რაც ძნელად მოსაპოვებელია. ეს ჩვენ შეგვიძლია“, - ამბობს ზურაბიშვილი.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედინი for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტია“ და მის გარშემო ვითომ გაერთიანებული ოპოზიცია, რეალურად, ლიდერად ზურაბიშვილს არ აღიქვამს. ამიტომ არც მის ქარტიაში გაწერილ და მოცემული პირობების გათვალისწინება უნდათ.
„ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არ აპირებენ არანაირ გაერთიანებას და არც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას და ამაზე შეთანხმებას. პრემიერ მინისტრზე შეთანხმება ხომ საერთოდ წარმოუდგენელი მგონია. რისი იმედი აქვს ზურაბიშვილს, არ ვიცი და რატომ იტყუებს თავს, მაგაზე პასუხიც მიჭირს. ოპოზიციური ლიდერებიდან ყველას პრემიერობის ამბიცია აქვს. გახარიას, ფაქტია, ისევ პრემიერის სკამი სურს, იგივე უნდა ჭიჭე ვაშაძეს. ხაზარაძეს, რა თქმა უნდა, ამის სურვილი აქვს. იქით ბოკუჩავასაც, ალბათ, ეგ უნდა. არ არსებობს ჩვენთან პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ეგ არ სურდეს.
ეს ხალხი გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდა და პრემიერზე და ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე როგორ შეთანხმდებიან?! რაც შეეხება ქარტიას, ესეც მხოლოდ საინფორმაციო სახის პიარი იყო, ვითომ პრეზიდენტი ცდილობს ოპოზიცია რაღაცის გარშემო გააერთიანოს და ოპოზიციას პრეზიდენტის ტრიბუნა გამოაყენებინოს. აღმოჩნდა, რომ ოპოზიციამ ესეც ვერ მოახერხა, ამის უნარიც კი არ აღმოაჩნდათ. ქარტიას რომ ხელი მოაწერეს, იმის შემდეგ ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის რაიმე სხვა აქტიურობა ყოფილა? რამე კომუნიკაცია ჰქონიათ? მარტო რაღაცა თითო-ოროლა შეხვედრა იყო და უშინაარსო საუბრები“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ზურაბიშვილი ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს. მას მხოლოდ უსმენენ და ქარტიაზეც ხელი იმიტომ მოაწერეს, რომ პრეზიდენტის სტატუსი აქვს. ასევე ახვლედიანის აზრით, ზურაბიშვილი ცდილობს დასავლეთსაც აჩვენოს, რომ ის პოლიტიკურად რაღაცებს აბალანსებს და რაღაცის შესაძლებლობა აქვს.
„ზურაბიშვილი ლიდერი რომ ვერ გახდებოდა, ეს ყველამ კარგად იცოდა. ეს ქალბატონი ყველანაირი პროცესის მუხრუჭია. მთელი თავისი არსით, ისტორიით, რაც საქართველოში ჩამოვიდა, ოპოზიციის შემაფერხებელი ფაქტორი იყო. თავისი არაადეკვატური მოთხოვნებით და პოზიციით, 2006 წლიდან მოყოლებული, ყველა შეთანხმებას შლიდა. ამიტომ ახლა მისი როგორც ლიდერის წინ წამძღვარებას არც არავინ აპირებს და არც არავინ ფიქრობს, რომ ის რაიმეს გარანტორი იქნება. რას ამბობთ, ნაციონალებმა ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები დაინახონ და ზურაბიშვილს შეეკითხებიან რა და როგორ გააკეთონ?!“, -ამბობს ახვლედიანი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ, ჯერ ერთი, ქარტიაზე ყველა პარტიას ხელი არ მოუწერია, ამიტომ მთელი ოპოზიცია ვერ იქნება ვალდებული იქ მოცემული პირობები შეასრულოს. ძაბირაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ მეორე მხრივ, თავად ამ ქარტიაში მოცემული ფორმულა ე.წ. ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაზე და მასში გაწერილი სამოქმედო გეგმა გაუგებარია.
„არ მგონია, რომ ოპოზიციაში ამ ქარტიის პირობებს, რადგან ხელი მოაწერეს, ყველა იზიარებს და ამას ვინმე ზუსტად ისე შეასრულებს, როგორც ქარტიაშია გაწერილია. ეს უფრო პიარული ნაბიჯად იქნა ჩათვლილი, ვიდრე მისი რეალური აღსრულების სურვილი ვინმეს აქვს. აქ ბევრი მომენტია, რომელიც ჩემთვის ძალიან გაურკვეველია. ე.წ. ტექიკური მთავრობა, როგორც პრეზიდენტს ამ ქარტიაში აქვს მოცემული, თურმე პროფესიონალური, მაგრამ აპოლიტიკური კადრებით უნდა დაკომპლექტდეს. ვერ გავარკვიე და ვერ ჩამოვყალიბდი რას გულისხმობს - ამ 30 წლის განმავლობაში, თუ ვინმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებით იყო დაინტერესებული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ან მთავრობაში იყო, ან პოლიტიკაში მოღვაწეობდა. საიდან უნდა მოიყვანონ ეს ხალხი, თანაც ისეთები, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში დიდი ნდობა იქნება, არ ვიცი. ან პრეზიდენტმა ეს როგორ უნდა შესთავაზოს, ვერ გავიგე. თან აქვეა ჩამოწერილი სამოქმედო გეგმა ამ მთავრობამ რაც უნდა გააკეთოს. მაშინაც ვთქვი და ახლაც ვამბობ, თუ ეს მთავრობა ამ ერთ წელიწადში იმას შეძლებს, რაც ამდენმა მთავრობამ 30 წელზე მეტია ვერ შეძლო, რატომ უნდა გადავირჩიოთ მაშინ ისევ ხელახლა და ახალი არჩევნები დავნიშნოთ? ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა ამ ქარტიაში და მე არ ვიცი ამ ოპოზიციამ საერთოდ რაზე მოაწერა ხელი და რას ეთანხმებიან“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, აქ არის კიდევ ერთი მომენტი, როცა პრეზიდენტმა 5 აგვისტოს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არჩევნებამდე უნდა მოხდეს ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბება და მათი შემადგენლობა, რომელიც კიდევ ცალკე უბედურებაა, რადგან შეთანხმების ვერანაირ რესურსს ვერ ხედავს.
„დღეს, რადგან ოპოზიცია გამაერთიანებელი ლიდერის გარშე მონაწილეობს ამ არჩევნებში, მაშინ მათ მიერ დასახელებულმა პრემიერობის კანდიდატმა და მთავრობის წევრებმა, ლიდერის ფუნქცია უნდა შეასრულონ. თუმცა აქაც მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ შესაძლოა, არჩევნების პერიოდში ამან უარყოფითად იმუშაოს. ესეც ჩემთვის ძალიან გაურკვევლი მოცემულობაა. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს ამ ქარტიის შედგენის დროს, ჯერ კონსულტაციები ოპოზიციასთან გაემართა. შეექმნა კონკრეტული გუნდი, რომელიც ამაზე იმუშავებდა და მერე დაეწერა ეს ქარტია. ახლა, ასე, რაღაცა ერთპიროვნულად შექმნილ ქარტიაზე და პირობებზე ოპოზიცია რომ არ წამოვა, ეს ხომ თავიდანვე ცხადი იყო“, - ამბობს ძაბირაძე.