„როდესაც სახელმწიფო გადის რეგიონიდან, ცდილობს შექმნას მასშტაბური ქაოსი - არსებული ურთიერთობების ჩამოშლა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეშლა“

„როდესაც სახელმწიფო გადის რეგიონიდან, ცდილობს შექმნას მასშტაბური ქაოსი - არსებული ურთიერთობების ჩამოშლა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეშლა“

USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის პროექტს დაფინანსება შეუჩერა. საზაფხულო სკოლას USAID-თან ერთად ევროსაბჭოც აფინანსებს, თუმცა ევროსაბჭოს ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. ამ გადაწყვეტილებამდე აშშ-მა საქართველოს 94 მილიონი დოლარის დახმარება გაუყინა, რომელის ნაწილიც მოიცავდა როგორც საზაფხულო სკოლის პროექტის, ასევე ლუგარის ლაბორატორიის კვლევების და ტრენინგების დაფინანსებას. დამატებით განმარტებებს აშშ-ის საელჩო არ აკეთებს, მაგრამ თუ გავიხსენებთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას, ამერიკა სხვადასხვა ბერკეტებს აამოქმედებს. რა იქნება შემდეგი, ამას უახლოეს დღეებში ვიხილავთ. 

ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია. მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება. მისი თქმით, სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს დღეებში მიმდინარე პროექტები გადაიხედოს.

„ყველამ მინდა კარგად იცოდეს, რომ რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არც ერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება და შესაბამისად, სისტემისთვის, ამ თვალსაზრისით, გახლავთ მნიშვნელოვანი. ამის მიუხედავად სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს დღეებში გადაიხედოს მიმდინარე პროექტები. შესაბამისად, შეფასდეს მიმდინარეობა და ამის მიხედვით ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჩვეულად და მას რაიმე შეფერხება არ ჰქონდეს“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

მაშ ასე, აშშ ხელისუფლებას ღიად ებრძვის, თუმცა ვალში არც მმართველი გუნდი რჩება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ხანდახან ცალკეულ ფინანსებს უყურებენ როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ აქვს სურვილი, რომ ქართველი ხალხისთვის რამე სასარგებლო გააკეთოს რომელიმე ქვეყანამ, რა თქმა უნდა, მეგობრობა ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და სწორედ, ასევე ეხმარებოდა საქართველო ამერიკელებს, როდესაც ქვეყნის შეიარაღებული ძალები ავღანეთში გაემგზავრა და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად იომა.

„რა თქმა უნდა, მეგობრობა ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და ასევე ვეხმარებოდით ჩვენ ამერიკელებს, როდესაც ავღანეთში წავედით და ვიომეთ. იქ ანგარიში არ წარგვიდგენია შემდეგ ამერიკელი ხალხისთვის. ამ მეგობრობას ვუყურებთ იმ მხრივ, რომ როდესაც საჭიროა გვერდში დგომა, გვერდში ვუდგავართ მეგობარ ამერიკელ ხალხს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ხანდახან ცალკეულ ფინანსებს უყურებენ როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს იმისთვის, რომ მოახდინონ გავლენა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკაზე, თუ პროცესების მიმდინარეობაზე. ეს, რა თქმა უნდა, სწორი არ არის და რაც მთავარია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებას, როდესაც საერთაშორისო დახმარება გამოიყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დაუსაბუთებელი, უარგუმენტო შემოტევა საქართველოზე - ასეთია ანალიტიკოსების შეფასება. თავის მხრივ მნიშვნელოვანია რა დგას აშშ-ის ამ კონკრეტული გადაწყვეტილების უკან. პროფესორი, მეცნიერი თემურ მაისურაძე ფიქრობს, რომ აშშ-სთვის, კარს მომდგარი 26 ოქტომრის არჩევნების შედეგების არაპროგნოზირებადობის გამო, საჭირო გახდა გარკვეული საიდუმლო კვლევების შეჩერება. მისი თქმით, ამ კვლევების შინაარსთან, საქართველოს მთავრობას არა აქვს არანაირი ინფორმაცია.

„ამ კატეგორიის კვლევები და დამდგარი შედეგები აბსოლუტურად „საიდუმლო“ გრიფით მიმდინარეობს. მაგალითად, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ლუგარის ლაბორატორია არის ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაცია, რომელშიც ინახება რეგიონში ყველა ვირუსული დაავადებების შტამები. ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ისეთი ბიოლოგიური იარაღის შექმნა, რომელიც მოდიფიცირების შედეგად, განსაკუთრებულად მომაკვდინებელი იქნება ჩვენი რეგიონის გენეტიკური ნიშნებისთვის?

ჩვენ ხომ უკვე ვიცით, როგორც შეიქმნა მაგალითად, კორონავირუსი, შემდგომ COVID 19-ის ვირუსული შტამები და მათი მოდიფიკაციები? ამაზე ხომ მსგავსი ლაბორატორიები მუშაობენ, რომლებიც აშშ-ს აგებული აქვს დედამიწის ყველა კონტინენტსა და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონებში! ვინმემ დამისახელოს თუნდაც ერთი დამდგარი შედეგი, რომელიც დაიდო ამ წლების მანძილზე, რაც ლუგარის ლაბორატორია ფუნქციონირებს. დაასაბუთონ, რომ ამ კვლევის ორიგინალურობა, სწორედ რეგიონალურმა ფაქტორმა განაპირობა. მაგალითად, საქართველოში ან რეგიონში გავრცელებული ვირუსების დამახასიათებელი შტამებმა განაპირობა მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო მიღწევა თუ აღმოჩენა“, - აცხადებს მაისურაძე.

როგორც მეცნიერი აცხადებს, ნებისმიერი დანიშნულების ლაბორატორია, რომელის კონტროლის ბერკეტიც არა აქვს სახელმწიფოს, დაუშვებელია ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად. მისი თქმით, კანონით უნდა იკრძალებოდეს მსგავსი ორგანიზაციის არსებობა. კითხვაზე, რას ნიშნავს საქართველოსთვის ლუგარის ლაბორატორიის გაუქმება და საერთოდ, რა საფრთხის მატარებელია ეს ლაბორატორია ამიერკავკასიაში, მაისურაძე პასუხობს, რომ თუ ასეთი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია იქნება სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ და იმოქმედებს რეგიონული გამოწვევების შესაბამისად, იქნება ძალიან კარგი და მისასალმებელი.

„იმ ფორმატში, რომელშიც შეიქმნა და მუშაობს დღეს, ნებისმიერ მომენტში, შესაძლებელია, ის იქცეს ბიოლოგიურ იარაღად, რომელიც, პირველ რიგში, სახელმწიფოს და შემდგომ რეგიონში მოსპობს ფლორის ან ფაუნის ნებისმიერ სასურველ სეგმენტს, ადამიანების ჩათვლით ისე რომ საჭირო არ იქნება რაიმე სხვა დამატებითი რესურსების შემოტანა თუ ძალების გამოყენება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძემ.

რაც შეეხება USAID-ის გადაწყვეტილებას, ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილის განცხადებით, ის, რომ ერთ-ერთი მაღალი ინტენსივობით მიდიოდა სასწავლო პროგრამები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ეს იყო ძალიან მაღალი რისკი სახელმწიფოსთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესებით ძალიან ხელსაყრელი პირობები ჰქონდა შექმნილი აშშ-ის სპეცსამსახურებს სადაზვერვო შეღწევდობისათვის. სამწუხაროდ, გვაქვს უამრავი მაგალითიები და მათ შორის ღია წყაროებში, სადაც პირდაპირ და ირიბად ჩანს აშშ-ის დაინტერესება სასამართლო კორპუსთან დაკავშირებით.

„ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ თუ ეს დაფინანსება შეჩერდება, უსაფრთოების კუთხით, ქვეყანა განსაკუთრებულს და მნიშვნელოვანს არაფერს არ წააგებს. მაგრამ ცუდია ის, რომ უკვე, ალბათობის მაღალი ხარისხით, სასამართლო კორპუსში აშშ-ს გააჩნია თავიანთი ნების გამტარებელი პირები და პირთა ჯგუფები, რაც სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს. არსებობს სამსახურები, რომელთა დატრენინგება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ უნდა მოხდეს განსაკუთრებული რეჟიმის პირობებში ისე, რომ დაცული იქნას ტრენინგს დაქვემდებარებული პირების უსაფრთხოება უცხო ქვეყნების სადაზვრებო შეღწევითობისგან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, საფრთხე მეტ-ნაკლებად ნეიტრალიზებულია, მაგრამ საფრთხედ რჩება ის, რომ აშშ-ის ეყოლება მათი ნების აღმსრულებელი პირები სასამართლო კორპუსში და ყავს კიდეც, ეს ჩანს როგორც ყოფილში, მათ შორის ახლანდელ სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებში, რომლებიც თავიანთი საქმიანობით გარკვეულ დესტრუქციულ მიზნებს ემსახურებიან, ან შეიძლება მოემსახურონ“, - აცხადებს კუხალაშვილი.

რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, დავით კუხალაშვილის განცხადებით, საქართველოს უარი არ უთქვია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ეს გადაწყვეტილება თვითონ აშშ-მა მიიღო და ამიტომ მას სჭირდებოდა საბაბი. ამ შემთხვევაში ეს არის კანონი გამჭვირვალეობის შესახებ, რომელზეც ძირითადი აპელირება არის გაკეთებული აშშ-ის მიერ.

„რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, საინტერესო პროცესები განვითარდეს. შესაძლებელია ძალიან ბევრი რამ გახდეს ცნობილი ისეთი, რომელიც შეიძლება გახდეს აშშ-ის ინტერესების დამაზიანებელი, მათ შორის ეს შეიძლება იყოს რომელიმე ხელისუფლების კომპრომეტაციის საფუძველი. რა თქმა უნდა, როდესაც გარკვეული დაფინანსების წყაროები ქრება, ერთი მხრივ ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ არის ცუდი. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი თავის შენახვა, ჩვენ უნდა შევქმნათ ის პროდუქცია, რომლის მიხედვით ჩვენ გავხდებით კონკურენტუნარიანი.

ამ შემთხვევაში, თუ გავაანალიზებთ იმ მონაცემებს, რაც საქართველოში შემოდიოდა, იმ თანხის ძალიან დიდი ნაწილი ხმარდებოდა დესტრუქციულ პროცესებს, რომელიც არანაირად არ ემსახურებოდა ქართული ეროვნული კულტურის და ტრადიცების შენარჩუნებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია აშშ-ის მიერ, ეს არის მათი მნიშვნელოვანი სტრატეგია. ვფიქრობ, რომ აშშ გარკვეულ ფინანსურ კრიზისშია და ამიტომ, ცალსახად მხოლოდ პოლიტიკური დაზვერვის ინტერესიდან გამომდინარე არ ვიფიქრებდი, რომ ის ამ ღონისძიებებს ახორციელებს“, - ამბობს კუხალაშვილი.

მისი თქმით, ალბათობის მაღალი ხარისხით, აშშ არის ეკონომიკურ კრიზისში და მას ასეთი ქმედებების განხორციელება მარტო საქართველოში არ უწევს. პრაქტიკულად, ავღანეთშიდაც იდენტური პროცესები განხორციელდა, რაც დღეს საქართველოში ხდება. კუხალაშვილი არ გამორიცხავს, რომ კიდევ სხვა მნიშვნელოვან ტერიტორიებზე ვიხილოთ ანალოგიური პროცესები.

„აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - როდესაც არსებობს სტრატეგიული თანამშრომლობის ასეთი ფორმა, სადაზვევრო ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც იცის სახელმწიფომ რომ ის უნდა გავიდეს რეგიონიდან, ცდილობს შექმნას მასშტაბური ქაოსი ვითარებაზე კონტროლის შესანარჩუნებლად და ამ მასშტაბურ ქაოსში იგულისხმება უკვე არსებული კავშირ-ურთიერთობების მიზანმიმართული ჩამოშლა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეშლა. მათ შორის, ვფიქრობ, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები ამ დამაზიანებელი ქმედებების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებას გადადგმული აქვს ნაბიჯები და ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხითაც, საქართველო შეძლებს საკუთარი ინტერესები გაატაროს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ამისთვის აუცილებელია ახალი სტრატეგიული პარტნიორების გამოძებნა და მშვიდობის მოპოვება იმ სახელმწიფოებთან, რომელთანაც ფიქსირდება მტრული დამოკიდებულება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

 

trampi ყოჩაღ ყოჩაღ.............. სათაური მომწონს ძალიან
დიახაც----- ჩქარა მოუწევს აქედან აბარგება
3 თვის უკან