მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში გადაჯგუფება თითქმის დასრულდა და პოლიტიკოსები რეგიონებში მოსახლეობასთან შესახვედრად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაეშურნენ, უკვე სკანდალში გაეხვნენ.
„უცხო ქვეყნის უხეში ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში“, – ასე აფასებს მმართველი გუნდი დემოკრატიის ფესტივალს, რომელიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დაფინანსებით წალენჯიხასა და თელავში ჩატარდა. ის, რაც ოპოზიციის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიაა და მოსახლეობასთან შეხვედრები, მმართველი გუდისთვის იმის ნათელი ლუსტრაციაა, თუ როგორ ერევა დასავლეთი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში.
ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ იყო. ფესტივალზე, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრის საშუალება ჰქონდათ, გამოფენილი იყო მათი საარჩევნო ატრიბუტიკა და მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პლაკატები, მისივე გათავისუფლების მოთხოვნით. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნება“ დანიური დაფინანსებით ჩატარებულ ფესტივალს ოპოზიციის წინასაარჩევნო პლატფორმად აცხადებს და კითხვები შეხვედრების ორგანიზატორებთან აქვს.
მმართველი გუნდის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ როგორც ოპოზიციაში, ისე შეხვედრის ორგანიზატორ ორგანიზაციაში, სადაც აცხადებენ, რომ მსგავსი ფესტივალები დანიური პრაქტიკაა და შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა წინასაარჩევნოდ
ამის პარალელურად, ოპოზიცია რუსეთთან მიმართებაში მოულოდნელად გარდაისახა და მათ განცხადებებში ახალი გზავნილები ჩნდება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გამოსვლას, სადაც მან არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაბალანსებული პოლიტიკის გატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, მმართველი გუნდის კრიტიკა მოჰყვა. სწორედ ამ კონტექსტში იყო ნახსენები რუსეთთან ვაჭრობა, რაც ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდის პარალელურად გიორგი ვაშაძისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობაში მყოფი პოლიტიკოსი, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთთან საზღვრების ჩაკეტვას ითხოვდა, ხაზს უსვამს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ახლაც ეწინააღმდეგება და ამ საკითხს არც წარსულში უჭერდა მხარს.
ვაშაძე არ არის ერთადერთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც რუსეთთან მიმართებაში მანამდე გაკეთებული რადიკალური განცხადებები შეცვალა და ტონი მნიშვნელოვნად შეარბილა. მაგალითად „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ იგივე გაიმეორა. იგივე თქვა, ნიკა მელიამაც. „ლელოსაც“ პოზიცია რადიკლაურად აქვს შეცვლილი. თუმცა, მათი დღევანდელი ხედვა და პოზიციები ამავე პოლიტიკური აქტორების მიერ არცთუ შორეულ წარსულში გაჟღერებულ გზავნილებს მკვეთრად ეწინააღმდეგება.
ოპოზიციის საარჩევნო კამპანია და შანსები
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ როგორც კახეთში, ასევე სამეგრელოში, ოპოზიციის საარჩევნო კამპანია დანიის გადამხდელებმა დააფინანსეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, რადგან ოპოზიციის ნებისმიერ კამპანიას უცხო ძალის და ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურა არ უნდა აფინანსებდეს.
„დასავლელი აქტორები, ჯიუტად და ცინიკურად ე.წ. არასამთავრობოების, რეალურად კი ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას განაგრძობენ. ეს კი, მე ვიტყოდი, უპრეცედენტო ფაქტია, რადგან ამის დემონსტრირება ღიად ხდება. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების შანსებს, მათი სიტუაცია კიდევ უფორ გაუარესებულია.
თითქოს თავიანთი მესიჯბოქსები შეცვალეს და ახალ ნარატივზე გადაერთნენ. ახლა გამოგვიცხადეს, რომ თითქოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის მომხრეები არიან და ამით ვითომ ფერმერების და აგროსექტორში დასაქმებული მოქალააქეების გულები უნდათ მოიგონ. თუმცა ეს არის ფიქცია, რომელიც თუნდაც, თეორიულად დავუშვათ და ოპოზიციამ მოიგო, ისევ შებრუნდებიან და მეორე ფრონტის გახსნის რიტორიკას გააგრძელებენ. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, ველი, რომ უახლოეს მომავალში „ევროპული საქართველოს“ მსგავსი განხეთქილება მოხდება. ეს, რა თქმა უნდა, საარჩევნო სიის შედგენის დროს მოხდება. მეგაამბიციებით და არარეალური პოლიტიკური წონადობის მქონე ჩვენი პოლიტიკოსები პრეტენზიულები იქნებიან. ამიტომ უნდა ველოდოთ მორიგ დაპირისპირებას და ეს საზოგადოების უმრავლესობისთვის კი ძალიან სახალისო საყურებელი იქნება“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, რეალური საარჩევნო პროგრამები ამ ეტაპზე არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ წარუდგენია.
„ძირითადად, ოპოზიციის განცხადებები ზედაპირულია და სადღეგრძელოებით შემოიფარგლება. მაგალითად, 1000-ლარიანი პენსია, საარსებო მინიმუმის 4-ჯერ და 5-ჯერ გაზრდა და ა.შ. რასაკვირველია, ის ოპოზიციონრები, რომლებიც პარლამენტში არიან, მათ იციან საქართველოს ბიუჯეტის პარამეტრები და სამომავლო პერსპექტივები. ასე რომ, ეს იაფფასიანი პოპულისტური განცხადებები არაფერს ეფუძნება. ასევე, ისიც გავითვალისწინოთ, რომ მცდელობა იქნება სიტუაციის კვლავ დაძაბვის.
ოპოზიცია ისევ რადიკალიზმით წასვლას შეეცდება. ნებისმიერი მიზეზით და საბაბით ეცდებიან, რომ ქვეყანაში პროცესები დაძაბონ. თუმცა ეს საერთო სურათს არ შეცვლის. მე უფრო ვიტყოდი, რომ შესაძლოა, რამდენიმე პარტიას პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო მოაკლდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ გიორგი გახარია არავისთან არ აპირებს ალიანსის შეკვრას. თუმცა პარტიულ სიაში, არ არის გამორიცხული, სხვადასხვა ოდიოზური პოლიტიკური პერსონები ვიხილოთ. მაგალითად, „ლელოში“ ასეთ პერსონად უპრინციპო ალეკო ელისაშვილი გაფორმდა. ამ პარტიაში ე.წ. პოლიტიკური აჯაფსანდალით არაფერი შეიცვლება და პირიქით, მათ რეიტინგს კიდევ უფორ დააზიანებს“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, „ლელოს“ ლიდერებს ჯაფარიძეს და ხაზარაძეს საფრანგეთის არბიტრაჟმა ძალიან ცუდად დაარტყა და ამით მათ პოლიტიკური ქულები კიდევ უფრო დაკარგეს. აბაშიძე ამბობს, რომ ასევე, გვარამია და მელია ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან, რომლებიც აგრარულ ბაზრებში დადიან და იქ დასაქმებულ ადამიანებთან ხელს სურათის გადასაღებად ართმევენ. თუმცა არც ერთი მათგანი არ ამბობს, რეალურად მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ამ ხალხისთვის რა შეიცვლება.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის სურვილი უფრო ძლიერი აქვს, ვიდრე „ოცნების“ დამარცხების იმედი. ამიტომ ანალიტიკოსი for.ge-სთან ფიქრობს, რომ 4-მდე ფლანგზე გაშლილი ოპოზიცია ყველაზე მეტად ხელს „ოცნებას“ აძლევს.
„ოპოზიცია, რომელიც მხარდაჭერას ელის არა საკუთარი მოსახლეობისგან, არამედ ქვეყნის გარედან, საკმაოდ სუსტია და გამარჯვების შანსები კიდევ უფრო ნაკლები აქვს. როცა მოსახლეობასთან მოვალეობის მოხდის მიზნით და იმისთვის გადიხარ, რომ რაღაცა წინასაარჩევნო კამპანიად ჩაგეთვალოს, რომელი ხელისუფლების დამარცხების იმედი აქვთ? რეგიონებში მმართველი გუნდის მხარდაჭერა კიდევ უფორ მაღალია, ვიდრე დიდ ქალაქებში.
ჩვენს ოპოზიციაში კი პარლამნეტში შესვლის დაუოკებელი სურვილი, ამბიციები და პოლიტიკური ამპარტავნობა სჭარბობს. ჩვენთან ხომ ყველას პირველობა უნდა და აქ ვინ რისი დამთმობია? მაშინ გამოდის, რომ პარტიებზე უნდა თქვან უარი და სერთო სია უნდა გაკეთდეს. აქ კი ყველას 10-ეულში და 20-ეულში მოხვედრა უნდა. ეს ლოგიკურიც არის, რადგან მმართველ გუნდს კვლავ აქვს შანსი ხელისუფლებაში უმრავლესობით დაბრუნების. ამიტომ საუბარი გადაჯგუფება-გადმოჯგუფებებზე უფრო დასავლეთიდან წამოსული სურვილი მგონია, ვიდრე რეალობა, იქიდან უფრო არის იმის მოლოდინი. აქ, ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში კი სრულიად სხვა რეალობაა“, - ამბობს საყვარელიძე.