ექსპერტი დავით ჩიხელიძე აცხადებს, რომ ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის საგზაო რუკა უნდა იყოს, რადგან ზუსტად ის სცენარი გამჟღავნდა, რომელი სცენარიც საქართველოს შემთხვევაში განიხილება - არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება და საპროტესტო მუხტის გამოწვევა. მაგრამ, როგორც ექსპერტი აცხადებს, აქ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც საქართველოს და ვენესუელას განასხვავებს: ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე; პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია; საზოგადოების განწყობები და სხვა.
for.ge დავით ჩიხელიძეს ესაუბრა.
32.4% „ქართულ ოცნება“ 17.3% - „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“. ამასთან, 12.8% „ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი“ აქვს და 11.2 % „საქართველოსთვის - გიორგი გახარიას“ პარტია - ასეთია Edison Research-ის კვლევის შედეგები, კითხვაზე თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას აირჩევდი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კვლევის დამკვეთი არის ტელეკომპანია „ფორმულა“, ცხადია, რომ მიზანი არის საზოგადოებრივი განწყობების შექმნა, რომ ოპოზიცია არჩევნებში იმარჯვებს. ასევე, თუ გავითვალისწინებთ სხვა წინა კვლევებს, დაახლოებით იგივე შედეგი იყო მაშინაც, მაგრამ ამან საზოგადოებაზე გავლენა ვერ მოახდინა. ამ შემთხვევაში კვლევის ამ ფორმით წარმოდგენის მოტივი რა არის?
დავით ჩიხელიძე: როგორც წესი, სოციოლოგიური კვლევის ჩატარების დროს, ცდომილება 2-3% არის, რაც, ასე ვთქვათ, ოქროს სტანდარტად ითვლება, მაგრამ 2020 წელს Edison Research-ის კვლევის ცდომილება დაახლოებით 20% იყო, შესაბამისად როგორ შეიძლება მათ კვლევებზე სერიოზულად ვისაუბროთ. „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს კვლევაში არის წარმოდგენილი, ასევე გასათვალისწინებელია „ლელოს“ რეიტინგი, რომლის ლიდერმა რამდენიმე დღის უკან ფრანგულ საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა წააგო. შეუძლებელია ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს მილიარდნახევარს ედავება, ადამიანს, რომლის ბანკსაც ასობით ადამიანზე აქვს სახლი ჩამორთმეული, ხმა მისცე. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის 13% სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი ხალხია, მე ქართველებზე უფრო აღმატებული წარმოდგენა მაქვს და მჯერა მათი გონიერების, სწორედ აღნიშნული და საზოგადოებაში არსებული განწყობები მეუბნება, რომ „ლელოს“ რეალური რეიტინგი 5%-თან ახლოს არის. Edison Research-ის კვლევა სიტუაციის მოთელვას ემსახურებოდა, რომელიც კონკრეტულ კაბინეტში დაიწერა და გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი პაზლის ერთი მცირედი ნაწილია, რომელიც დასავლეთის მიერ არის შედგენილი.
გამოითქვა ასეთი შეფასებაც, რომ „ქართულ ოცნებას“ 35%-ზე მეტის აღების პერსპექტივა დღეს რეალურად არ აქვს, რაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის. როგორ ფიქრობთ, მმართველ გუნდი შესაძლოა დადგეს ამ რეალობის წინაშე, რომ უკვე მეორედ მოუწიოს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება?
- ჩემი პირადი პოზიციაა, რომ 2012 წელს შექმნილი მთავრობა სტანდარტული გაგებით კოალიციურ მთავრობად არ ითვლება, რადგან ეს იყო არჩევნებამდე შემდგარი ოპოზიციური ერთობა, რომელიც პარტიაში ერთი ნომრით და სახელით შევიდნენ, მათ არ დასჭირვებით მთავრობის ფორმირებისთვის ვაჭრობა და დათმობებზე წასვლა, შესაბამისად, კლასიკური გაგებით, კოალიციურ მთავრობად ვერ განვიხილავ, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ კოალიციურ მთავრობასთან სიახლოვე ნამდვილად ჰქონდა. რაც შეეხება 2024 წელს გასამართ არჩევნებს და მის შედეგებს, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ დღევანდელი მოცემულობით კოალიციური მთავრობის შექმნის საფრთხე არ დგას, მაგრამ არჩევნებამდე დარჩენილ დროს რეიტინგებში გარკვეული ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.
საინტერესოა Edison Research-ის კვლევის კიდევ ერთი ნაწილი, რომლის თანახმად, 29% ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა არჩევა დაიმსახურა, 71%-ის აზრით კი, დროა, სხვა პარტიას მიეცეს შანსი. კვლევის ამ ნაწილს თუ გავყვებით, შეეცდებიან ფერადი რევოლუციის მეშვეობით ხელისუფლების ცვლილებას, ასევე თუ გავითვალისწინეთ სუს-ის გამოძიებას, რა მოცემულობა გვაქვს?
- ზოგადად, კვლევა ციფრებით მანიპულირების და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საუკეთესო საშუალებაა, თითქმის 33% ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს, პარალელურად, 29% თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა არჩევა დაიმსახურა, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 4% თვლის, შანსი სხვა პარტიებს უნდა მიეცეს. თუ ეს რეალობას ასახავს, ეს ადამიანი მხარს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ სხვა პარტიას დაუჭერდნენ... როგორ შეიძლება კვლევაზე სერიოზულად ვისაუბროთ, რომელსაც ასეთი აბსურდული აცდენები აქვს?!
რაც შეეხება რევოლუციურ ფონს, რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობის შექმნას და რყევების გამოწვევას შეეცდებიან, რაც რევოლუციისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება, მაგრამ რევოლუციას ხალხის რაოდენობა და მუხტი სჭირდება, ოპოზიციისგან განსხვავებით, საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი არ არის. არც ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვია დიდია, რომ რევოლუცია მოაწყონ, შესაბამისად, რევოლუციური სცენარი ვერ განხორციელდება და მკვდარშობილ წამოწყებად დარჩება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება, გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერები ალასანიასთან, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მსხვერპლი და სისხლი სჭირდებათ. მათთვის სასურველი მსხვერპლი ბიძინა ივანიშვილია, რადგან ეს არის ადამიანი, რომლის რეიტინგი განუზომლად დიდია და მისი პატიოსანი თამაშის წესებით დამარცხება შეუძლებელია.
ცხადია, რომ დასავლეთი და აშშ, ამ შემთხვევაში, არიან მხარე, ღიად დადგნენ ხელისუფლების ოპოზიციაში და ამასვე ადასტურებს გაყინული გრანტები და მუქარები იმის შესახებ, რომ არსენალში აქვთ სხვა ბერკეტებიც. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში შეეცდებიან ვენესუელის მოვლენების განმეორებას და ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და ასევე, ძალოვანმა უწყებებმა?
- რა თქმა უნდა დასავლეთი და აშშ მხარეს წარმოადგენენ, ისინი ყოველი განცხადებით ოპოზიციის ფლანგს აძლიერებენ, რაც პირდაპირ ვთქვათ, მიუღებელია. მიუღებელია ხელისუფლების და ხალხის გაყოფა. შენი ვალდებულებაა პირადი სიმპათიები გვერდზე გადადო და ესაუბრო ხალხის არჩეულ მთავრობას, მიუხედავად იმისა, ის მისაღებია თუ არა. სამწუხაროდ, აშშ ახალ მახინჯ სტანდარტს ამკვიდრებს, მათ ხალხი და ხელისუფლება გაყვეს, რაც დაუშვებელია.
ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის საგზაო რუკა უნდა იყოს, რადგან ზუსტად ის სცენარი გამჟღავნდა, რომელი სცენარიც საქართველოს შემთხვევაში განიხილება - არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება და საპროტესტო მუხტის გამოწვევა. მაგრამ აქ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ჩვენ და ვენესუელას განგვასხვავებს: ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე, პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია, საზოგადოების განწყობები და სხვა. შესაძლოა, ოპოზიციისთვის ვენესუელის სცენარი თეორიულად, იდეალური ვარიანტია, მაგრამ მისი პრაქტიკაში განხორციელება შეუძლებელი, რადგან ეს საქართველოა.
ევროკავშირმა 30 მილიონი ევრო გაუყინა თავდაცვას და გადასცა ენჯეო სექტორს და ოპოზიციურ არხებს იმ მოტივით, რომ საქართველოში ამ ორგანიზაციებს ზეწოლის ქვეშ უწევთ ფუნქციონირება, შემდეგ იყო დანია 17 მილიონით და ბოლოს აშშ-მა გაყინა 94 მილიონი. რისთვის იყო გამოყოფილი ეს თანხა, რა დამატებით ზომებს უნდა ველოდოთ და საერთოდ, ამ თანხების გაყინვით რას ცდილობენ? ამერიკის მოქმედი ხელისუფლების შანტაჟი რა გავლენას მოახდენს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე?
- ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობაში ძალადობრივი მექანიზმის გამოყენება დაუშვებელია, რას ნიშნავს დაფინანსების გაყინვა? ეს არის გაბუტული ბავშვის ქცევა, რომელსაც სათამაშო მეგობრისთვის უნდა ეჩუქებინა, მაგრამ გაბრაზდა და სათამაშოს თავისთვის დატოვება გადაწყვიტა. გაბრაზების მიზეზი კი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მეორე დღეს არცკი ახსოვს, რომ გაბრაზდა. დაახლოებით ასეთ სიტუაციაში იმყოფება დასავლეთი...
დღეს საქართველოს ბიუჯეტი, სიდიდით საკუთარ მაქსიმუმზე იმყოფება, ასევე, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების ზრდა და ა.შ. რაც ნიშნავს რომ საქართველო დონორებზე დამოკიდებული აღარ არის და პროექტების განხორციელება მათ გარეშე შეუძლია, ამის მაგალითია თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსების შეჩერება, რომელზეც სახელმწიფოს ღირსეული პასუხი ჰქონდა, სახელმწიფომ თავდაცვის სამინისტროს დამატებით იმაზე დიდი ოდენობის თანხა გამოუყო რაც „პარტნიორებმა“ შეაჩერეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ეს თანხა რა მიზნებით იყო გამოყოფილი, აქ მთავარია, რომ სახელმწიფოს აქვს რესურსი, ჰქონდეს თვითმყოფადი ბიუჯეტი და პროექტები დამოუკიდებლად განახორციელოს.
კითხვის მეორე ნაწილი შანტაჟს შეეხება, საქართველოსთან მუქარით და შანტაჟის ენით საუბარი შედეგის მომტანი არ არის, რადგან შესაძლებელია დააშანტაჟო კონკრეტული ადამიანი, მაგრამ ვერ დააშანტაჟებ ქართველი ხალხის ნებას. დღეს მთავრობა იმიტომ არის ძლიერი, რომ ისინი ქართველი ხალხის ნებას და ეროვნულ ინტერესებს იცავენ, შესაბამისად, ჩვენი, ქართველი ხალხის დაშანტაჟებას ვერავინ მოახერხებს.
რა მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება ძალთა ბალანსი პარლამენტში?
- პროგნოზი უმადური საქმეა, პარლამენტის სრული შემადგენლობის წინასწარ პროგნოზი რთული არის, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ცალსახაა, რომ მმართველი გუნდი 2024 წლის პარლამენტში მყარი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, ოპოზიციური ფლანგი კი, დიდი ალბათობით, პარლამენტში 3 პარტიას შეიყვანს.
საინტერესოა, რადიკალური ოპოზიციის მიზანი არ არის - მზადება არჩევნებისთვის, თუ მზადება პროცესების რადიკალიზაციისთვის?
- ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციისთვის ემზადება, ეს არის ისეთივე ჭეშმარიტება, როგორც 2+2 არის 4. ოპოზიციას ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს, ეს მათთვის კარგად არის ცნობილი. რადგან საჯაროდ ამის შესახებ არ საუბრობენ, არ ნიშნავს, რომ მათ რეალური სურათი არ აქვთ. შესაბამისად, ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი საშუალება რევოლუცია არის. მათ ავიწყდებათ, რომ თანამედროვე სამყაროში რევოლუციის სივრცე არ რჩება, დემოკრატიული სამყარო ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ ლეგიტიმურ გზად არჩევნებს მიიჩნევს, შესაბამისად, უნდა ავირჩიოთ დემოკრატიული ქვეყანა ვართ თუ მესამე დონის, განუვითარებელი ქვეყანა, სადაც გადამწყვეტი არა უმრავლესობის აზრი, არამედ ერთი კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფის ინტერესია.