ტალიავინის დასკვნა: „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა ცხინვალი, ეს არ იყო თავდაცვითი აქცია და პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა...“

ტალიავინის დასკვნა: „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა ცხინვალი, ეს არ იყო თავდაცვითი აქცია და პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა...“

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის განსაკუთრებით უხეში დარღვევა სააკაშვილის მიერ 9 აგვისტოს გამოცემული საომარი მდგომარეობის შესახებ აქტითაც ცალსახად და უდავოდ დასტურდება, სადაც შავით თეთრზე მითითებულია, რომ რუსები საქართველოში შემოიჭრნენ 8 აგვისტოს, რაც, მისი თქმით, ტალიავინის დასკვნის სასარგებლოდ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. ანალიტიკოსის შეფასებით, საომარი მდგომარეობის შესახებ ამ 9 აგვისტოს აქტით პირდაპირ აღიარებულია, რასაც ტალიავინი ამბობს თავის დასკვნაში: „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს მიერ განხორციელებული ოპერაცია არ წარმოადგენდა მხოლოდ თავდაცვით აქციას“...

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

რა მოხდა 2008 წელს, რატომ ვერ, ან არ აიცილა მაშინდელმა ხელისუფლებამ საომარი ვითრება?

დავით ზარდიაშვილი: საომარი ვითარების თავიდან აცილება არც შედიოდა მაშინდელი ხელისუფლების გეგმებში. ამას ადასტურებს მოვლენეთა განვითარების მთელი ლოგიკა აგვისტოს ომამდეც და ცხადია, თავად ამ ომშიც. აშკარად იკვეთება, რომ სააკაშვილის რეჟიმი არ ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული ინტერესებით, ქვეყნის უსაფრთხოების უზურნველყოფის კონსტიტუციური ვალდებულებებით და ვითარების დეესკალაციას არ ესწრაფვოდა. პირიქით, დიდი ალბათობით, სწორედ გარედან კარნახით, იგი მუდმივად ძაბავდა ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან და ამისთვის არ ერიდებოდა კონფლიქტის ზონაში ღია პროვოკაციებსაც. აშკარა პოლიტიკურ ავანტურად და ამდენად, პროვოკაციადაც უნდა შეფასდეს მაგ. თავის დროზე ფართოდ გაშლილი და „გაპიარებული“ კამპანია - „კოკოითი ფანდარასტ“, რასაც მოჰყვა მთელი რიგი უკანონო და ანტი-კონსტიტუციური ნაბიჯებიც, მათ შორის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზება, როცა შეიქმნა ე.წ. დროებითი ადმინისტრაციული ერთეული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სადაც დაინიშნა სანაკოევი სახელმწიფო რწმუნებულად, ხოლო ამის პარალელურად, იგივე სანაკოევი „არჩეული“ იქნა თითქოსდა „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად“.

თვალსაჩინო იყო, რომ ეს ე.წ. არჩევნები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ და უკანონოდ მთლიანად ორგანიზებული იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ, ტარდებოდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჰქონდა სამართლებრივად აბსურდული (საქართველოს ხელისუფლება არ შეიძლება თავად ახალისებდეს და აორგანიზებდეს ასეთ ანტიკონსტიტუციურ არჩევნებს საკუთარსავე ტერიტორიაზე), ხოლო პოლიტიკურად პროვოკაციული მიზანი - სანაკოევი გამოეცხადებინათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად ასევე, თვითმარქვია კოკოითის მაგივრად.

ბუნებრივია, რეალურად ეს გახლდათ სამართლებრივი ნონსენსი, ასევე, სულ მცირე, პოლიტიკურად უგუნური ავანტურა, ხოლო, ფაქტობრივად, პროვოკაციული ნაბიჯი ვითარების ესკალაციისათვის. ვითარების ესკალაციას განაპირობებდა ისიც, რომ ხელისუფლება არ მიმართავდა ქმედით ნაბიჯებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის, არ ცდილობდა იგივე რუსი სამშვიდობოების, რომლებიც მუდმივად ასრულებდნენ დესტრუქციულ როლს და ყოველმხრივ მხარს უჭერდნენ სეპარატისტებს, ჩანაცვლებას, ე.წ. დაგომისის ხელშეკრულების, რაც საქართველოსათვის იმთავითვე წამგებიანი იყო, გადასინჯვას და საერთაშორისო დღის წესრიგში იმ საკითხის აქტიურად დასმას, რომ კონფლიქტის მოწესრიგების სხვა, უფრო ეფექტიანი და სამართლიანი მექანიზმები შექმნილიყო, ვიდრე ეს დაგომისის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმატი იყო, რაც კონტრპროდუქტიულად მუშაობდა.

არსებობს სხვა ფაქტებიც, რაც მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ 2004 წლიდან, როცა ოქრუაშვილმა წარუმატებლად სცადა კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა, სააკაშვილის რეჟიმი არ იყო დაინტერესებული სამშვიდობო მოწესრიგებით და მუდმივად, მათ შორის მილიტარისტული პროპაგანდით, ქმნიდა სერიოზულ აღქმას, რომ ემზადებოდა ისევ ძალისმიერი გადაწყვეტისთვის, ელოდა რა „ხელსაყრელ“ მომენტს.

ასეთ მომენტად, როგორც ჩანს, მან მიიჩნია ვითარება, რაც გეოპოლიტიკურად შეიქმნა ნატოს 2008 წლის ბუდაპეშტის სამიტის შემდგომ, როცა საქართვლომ, უკრაინასთან ერთად მიიღო ნატოში გაწევრიანების იმთავითვე უსაფუძვლო დაპირება. სამწუხაროდ, ეს დაპირება ფუჭი აღმოჩნდა და ძალზე მავნეც. გარდა იმისა, რომ უკრაინაცა და საქართველოც გახდნენ რუსეთის აგრესიის აშკარა სამიზნეები, ამ ფუყე დაპირებამ ასევე ხელი შეუწყო სააკაშვილის ავანტურისტული გეგმების მოტივაციის საშიშ ზრდასაც.

აგვისტოს ომის წარმოებამდე ხელისუფლებამ მიიღო საკამოდ უცნაური გადაწყვეტილება. ჯერ იყო, რომ შექმნა სანაკოევის ე.წ. ხელისუფლება და ლენინგორს შეეცვალა სტატუსი და დაარქვა ახალგორი, შემდეგ მიადგნენ კოდორის ხეობას, ჯერ დაშალეს „მონადირე“ და ვიცით რა პროცესები უძღოდა „მონადირის“ დაშლას. ამის შემდეგ ხეობას დაექვა ზემო აფხაზეთი. ანუ, იურიდიულად ორივე რეგიონი აღმოჩნდა ოსებისა და აფხაზების კონტროლ ქვეშ. აქ საინტერესო დეტალია ისიც, რომ ზემო აფხაზეთი უბრძოლველად გადასცეს რუსეთს. ამ შემთხვევაში რა ინტერესი იყო ჩადებული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ?

- სტრატეგიული ინტერესი, რითაც გარედან კარნახით მოქმედებდა სააკაშვილი, გახლდათ რუსეთის აგრესიის პროვოცირება, რათა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო შენარჩუნებული ესკალაციის დონე და საბოლოოდ შექმნილიყო „casus belii“, გეოპოლიტიკური რღვევის საომარი ზონა „ჰარტლენდსა“ და „რიმლენდს“ ე.ი. რუსეთის ფედერაციასა და მის გარემომცველ სახელმწიფოებს შორის. რასაკვირველია, ამ სტრატეგიის, რასაც დღესაც ატარებს „გლობალური ომის პარტია“, მიზანი მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადანაწილებაა და ამ სტრატეგიის ფარგლებში ათამაშებდნენ სააკაშვილსაც. იგი ორმხრივად თამაშობდა იმისდა მიხედვით, სად ექნებოდა მეტი ხეირი და წარმატება.

გარდა ამისა, მას ამოძრავებდა „მანია გრანდიოზა“, ყოველთვის სურდა და ახლაც, ცხადია, ისევ სურს იყოს ყველაზე, ყველაზე, ყველაზე დიადი. ეს ორი რამ - მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადანაწილების „მოდუს ვივენდი“, რაც სააკაშვილის და მისი რეჟიმის გარედან ნაკარნახევ სტრატეგიას ქმნიდა, აგრეთვე თავად სააკაშვილის ფსიქოტიპი, მისი მანია, როგორც „მოდუს ოპერანდი“ ქმნიდა საბოლოოდ იმ აბსურდს, რასაც შეეწირა საქართველოს ეროვნული ინტერესები, მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. უკლებლივ ყველა თქვენს მიერ კითხვაში ჩამოთვლილი უგუნური გადაწყვეტილება ამის შედეგია.

7 აგვისტოს წინ უსწრებდა ჩაშლილი მოლაპარაკება, რომელშიც ჩართული იყო ხაინდრავა, როგორც სახელმწიფო მინისტრი; ამის შემდეგ მატულობდა დაძაბულობა; საქართველოში ჩამოდის კონდოლიზა რაისი და აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ დაიწყოს საომარი ვითარება, თუმცა ვიცით რაც მოხდა. დღეს როგორ ფიქრობთ, მაშინ სააკაშვილმა ვისი ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არჩევნები იყო აშშ-ში და პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა ჯონ მაკეინი?

- რაც არ უნდა ამტკიცოს ქ-ნმა რაისმა, რომ მან კატეგორიულად გააფრთხილა სააკაშვილი, მოხდა ის, რაც მოხდა - სააკაშვილმა, რომელიც ზემოტივირებული იყო საქართველოს ნატოში მიღების ფუჭი დაპირებით და თუნდაც ჯორჯ ბუში უმცროსის თბილისში ვიზიტისას ნაჩვენები ჟესტით, როცა მან ხელით მოხაზა კავკასიონის მთები და ამით „შთამბეჭდავად“ აჩვენა „გეოპოლიტიკური რღვევის“ საზღვრები, ის „წითელი ხაზები“, რასაც რუსეთი თითქოსდა ვერასდროს გადმოლახავდა, მოსახდენი მოხდა: რუსეთმა გადმოლახა ეს წითელი ხაზები, ხოლო სააკაშვილმა ყველა პირობა შექმნა ამისთვის. ამ ჯიუტი ფაქტის გამო კონდოლიზა რაისის „ალიბს“ არავითარი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს.

7 აგვისტოს გენერალმა ყურაშვილმა გვამცნო, რომ ქართული შეიარაღებული ძალები იწყებენ კონსტიტუციური წესრიგის აღდენას, რასაც მოჰყვა საომარო მოქმედების დაწყება. საინტერესო პარალელია, როგორც ტამიშის ბრძოლის ველი დატოვა აკია ბარბაქაძემ, ასევე ბრძოლის ველი იმ მოტივით, რომ მკლავზე მიიღო ჭრილობა, დატოვა ყურაშვილმა, რომელიც დღეს ამბობს, რომ იმპულსური იყო მისი ეს განცხადება. ბატონო დათო, არ იცოდა ხელისუფლებამ, რომ როკის გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა რუსეთის რეგულარულ არმიას? თუ იცოდა, რატომ წავიდა ამაზე გამიზნულად?

- ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლების მოქმედება იყო ანტიკონსტიტუციური და სრულიად უკანონო. არსებობს ორი ვერსია. ერთი ვერსია მოცემულია ტალიავინის კომისიის დასკვნაში, სადაც პირდაპირ წერია: „მისია ვერ დარწმუნდა საქართველოს იმ შეხედულებების ჭეშმარიტებაში, რომ თითქოს რუსი ჯარისკაცები როკის გვირაბის გავლით უკვე შემოიჭრენ საქართველოს ტერიტორიაზე ცხინვალზე საჰაერო და სახმელეთო შეტევამდე, რაც 7 აგვისტოს 23:35–ზე დაიწყო.

რუსეთის არმიის ნებისმიერი შეყვანა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ამ მომენტის შემდგომ განხორციელდა, არ შეიძლება შეფასდეს როგორც წინმსწრები შეტევა, რაც საქართველოს მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებას, როგორც თავდაცვათ ღონისძიებას, დაასაბუთებდა“. მეორე, საპირიპირო ვერსიაა, რომ ტალიავინის კომისიამ ცუდად იმუშავა, ვერ მოიპოვა ანდა სულაც დამალა ფაქტები, რომ რუსი ჯარისკაცები როკის გვირაბის გავლით უკვე შემოიჭრნენ საქართველოში 7 აგვისტოს ღამით დაწყებული ცხინვალის დაბომბვამდე, ანუ ადგილი ჰქონდა საქართველოზე რუსეთის წინმსწრებ სამხედრო თავდასხმას.

ორივე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომელი ვერსიაა მართალი, სააკაშვილმა უხეშად დაარღვია მოქმედი კონსტიტუცია და სამართალი. თუ ტალიავინის დასკვნას დავუჯერებთ, აშკარაა, სააკაშვილმა კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გამოიყენა შეიარაღებული ძალები, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა - საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფა. თუ ტალიავინს არ დავუჯერებთ, მაშინ სააკაშვილმა ასევე კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ საკუთარ ქვეყანას და არა მარტო ქვეყანას, არამედ მთელს მსოფლიოს, დაუმალა საგარეო თავდასხმის ფაქტი, რაც კიდევ უარესი, საერთოდაც წარმოუდგენელი, უპრეცენდენტოდ (მე არ ვიცი მსგავსი შემთხვევა, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს ამ ქვეყნის წინააღმდეგ ომის დაწყება დაემალა!) ამაზრზენი მოღალატეობრივი დანაშაულია.

კონსტიტუციის განსაკუთრებით უხეში დარღვევა თავად სააკაშვილის მიერ 9 აგვისტოს გამოცემული საომარი მდგომარეობის შესახებ აქტითაც ცალსახად და უდავოდ დასტურდება. ამ აქტში შავით თეთრზე მითითებულია, რომ რუსები საქართველოში შემოიჭრნენ 8 აგვისტოს, რაც, რასაკვირველია, ტალიავინის დასკვნის სასარგებლოდ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. აღარაფერს ვამბობ ევროსაბჭოს ცნობილ რეზოლუციაზე, რადგან თავად სააკაშვილის მიერვე, საომარი მდგომარეობის შესახებ ამ 9 აგვისტოს აქტით პირდაპირ აღიარებულია, რასაც ტალიავინი ამბობს თავის დასკვნაში: 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს მიერ განხორციელებული ოპერაცია არ წარმოადგენდა მხოლოდ თავდაცვით აქციას... სამხედრო ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქი ცხინვალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამხედრო მოქმედება არ იყო მხოლოდ წინმსწრებ ინციდენტებზე საპასუხო რეაქცია, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა....“ ამრიგად, ნებისმიერ შემთხვევაში, რათა არმიის გამოყენება კონსტიტუციის შესაბამისი და კანონიერი ყოფილიყო, სააკაშვილი ვალდებული იყო შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე 7 აგვისტოს ღამით ტელეფონოგრამით გაცემული ბრძანება დაუყოვნებლივ წერილობით დაესაბუთებინა, მაშინათვე და არა 2 დღის დაგვიანებით (როცა უკვე სრულიად აშკარა იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია), გამოეცა ნორმატიული აქტი საომარი მდგომარეობის შესახებ და უწყვეტ რეჟიმში გაევრცელებინა ეს ბრძანებულება ყველა შიდა თუ საერთაშორისო საინფორმაციო არხებით. მან ეს არ გააკეთა. ხოლო შეიარაღებული ძალების ანტიკონსტიტუციურმა გამოყენებამ რუსეთს მისცა საბაბი განეხორციელებინა სრულმასშტაბიანი სამხდრო აგრესია და ქვეყანა სამხედრო-პოლიტიკური კრახის წინაშე დადგა.

3-დღიანი ომი როგორც დასრულდა, ვიცით. ჩამოდის სარკოზი 7-პუნქტიანი გეგმით, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი, სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნით მოხდა ერთ-ერთი პუნქტის ამოღება. ბატონო დათო, რას ითვალისწინებდა მუხლი, რომელიც იქნა ამოღებული და საერთოდ, რა იყო ეს შეთანხმება?

- ეს გახლავთ სააკაშვილის მორიგი უმძიმესი დანაშაული. მისი დაჟინებული მოთხოვნით (!) ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან, ე.წ. მედვედევ-სარკოზის დოკუმენტის იმ ვერსიიდან, რაც სარკოზიმ ხელმოსაწერად მოსკოვიდან ჩამოიტანა, ამოღებული იქნა პუნქტი, რაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსების საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გადაწყვეტას ითვალისწინებდა. ეს პუნქტი ქმნიდა სამართლებრივ გარანტიას, რომ რუსეთი ცალმხრივად არ აღიარებდა ამ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას.

სააკაშვილმა მოითხოვა და რასაკვირველია, ეს პუნქტები შეთანხმების ტექსტიდან რუსებმაც დიდი სიამოვნებით ამოიღეს, რასაც მოჰყვა კიდეც რუსეთის მიერ ამ რეგიონების დე იურე სახელმწიფოებად აღიარება. ბუნებრივია, სააკაშვილის ეს ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც მოღალატეობრივი დანაშაული. სარკოზი თავის მემუარებში მიიჩნევს, რომ ეს იყო შეცდომა. თუ სარკოზის აქვს მხედველობაში ტალეირანის ცნობილი გამოთქმა: „ეს დანაშაულზე უარესია, ეს შეცდომაა“, მაშინ მას უნდა დავეთანხმოთ. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ეს კარგად გააზრებული განზრახ დანაშაული გახლდათ. ესეც, უდიდესი ალბათობით, ასევე გარედან კარნახით იქნა ჩადენილი იგივე სტრატეგიული მიზნით, რომ საქართველოს ოკუპაცია და მისი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია, როგორც მუდმივი სისხლმდენი ჭრილობა საქართველოს სხეულზე, ყოფილიყო რუსეთთან ასევე მუდმივი მტრობის მიზეზი და შესაბამისად, casus belii, რაც ამ რეგიონების სახელმწიფოებად ცნობამ განაპირობა, წარმოსადგენ პერსპექტივაში ურყევად შენარჩუნებული ყოფილიყო. ცხადია, ის პუნქტი რომ დატოვებულიყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, მაშინ, თუკი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსები საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გადაწყდებოდა, შეიქმნებოდა რეალური შანსი რუსეთსა და საქართველოს შორის საზავო ხელშეკრულების დადებისაც. დღეს ასეთი შანსი, სანამ რუსეთი უკან არ წაიღებს თავის უკანონო აღიარებებს, რასაკვირველია, არ არსებობს. 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, საზავო ხელშეკრულება არ არის. სააკაშვილის მიზანი, რისი შესრულებაც მას ევალებოდა, სწორედ ეს გახლდათ - მომსპარიყო ყოველგვარი შანსი რუსეთთან დაზავებისა. ეს მიზანი მიღწეულია. ჩვენს შორის ზავი შეუძლებელია, ვიდრე ეს casus belii არ აღმოიფხვრება.

ომის შემდეგ სტრატეგიული ობიექტები გადადის რუსეთის ხელში, მოხდა ორი რეგიონის დამოუკიდებლად აღიარება, და იგივე ძალა, დღესაც იგივე გეგმით მოქმედებს, ცდილობს გარეშე კარნახით ქვეყანა ჩართოს საომარ მოქმედებაში და ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ?

- დიახ, „გლობალური ომის პარტია“ და მისი აქაური „მეხუთე კოლონა“ იგივე სტრატეგიით მოქმედებენ, რათა შენარჩუნებული იქნას ესკალაცია და ვიდრე გეოპოლიტიკური გადანაწილება არ დასრულდება, მუდმივად არსებობდეს ცეცხლის განახლების საფრთხე. ამავდროულად, ეს არ გამორიცხავდა ეკონომიკური სარგებლის მისაღებად, მტრობის მიუხედავად, სააკაშვბილის მიერ სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გასხვისბასაც და ასევე, თითქოსდა მტრის ინტერესებში ეკონომიკურ თანამშრომლობასაც.

დღეს საქართველოს ხელისუფლება მოვალეა, ნებისმიერ შემთხვევაში, იმოქმედოს ეროვნული ინტერესებით, არ დაუშვას მომავალში რომელიმე სტრატეგიული ობიექტის გასხვისება, ხოლო კონფლიქტების მოსაწესრიგებლად გამოიყენოს ყველა მშვიდობიანი გზა, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობაც, რათა შეიქმნას პირობები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.

ცხადია, ეს დამოკიდებული იქნება ბევრ ფაქტორზე, უწინარეს ყოვლისა, მიმდინარე გეოპოლიტიკური გადანაწილების შედეგებზე, იმ ახალ მსოფლიო წესრიგზე, რომელიც უკვე დანგრეულის ნაცვლად უნდა შეიქმნას. იმედი დავიტოვოთ, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი უფრო სამართლიანი და ხელსაყრელი აღმოჩნდება ჩვენთვის, ვიდრე აქამდე იყო და რამაც საქართველოდან მის განუყოფლი ტერიტორიების ჩამოშორებაც განაპირობა.

ბატონო დათო, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება დააანონსა ხელისუფლებამ, ესეც პოლიტიკური პიარია, თუ შესაძლებელია გამოძიების დაწყება და რას ელოდებით მისგან?

- უნდა აღვნიშნო, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ აგვისტოს ომის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არა აქვს და ასევე, რაც ხაზგასასმელია, იგი განგრძობადი დანაშაულია. როგორც ეს უკვე ზემოთ ვთქვით, დამნაშავეები - „გლობალური ომის პარტია“ და მათი აქაური აგენტურა - იგივე სტრატეგიას და ხშირად ტაქტიკასაც მისდევს, რასაც აქამდე მისდევდა. საქართველოს ომში ჩათრევა დღეს გახლავთ იმ დანაშაულის გაგრძელება, რაც 2008 წლის აგვისტოში ჩვენი ქვეყნის მტრებმა ჩაიდინეს. იმედი მაქვს, პროკურატურა და ბოლოს სასამართლო ამ დანაშაულს წერტილს დაუსვამს, საბოლოოდ აღკვეთს, ხოლო დამნაშავეებს საკადრისი მიეზღვებათ. მოველი, რომ 2008 წლის მოვლენების გამო კვალიფიციური გამოძიება წარიმართება პროკურატურაში, რის შედეგადაც სააკაშვილს და მის ბანდას, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა, ბრალს წაუყენებენ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის („საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა“) მე-2 ნაწილით: „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, რამაც მისი მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკრგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია“, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუტმეტიდან ოც წლამდე ანდა უვადო თავისუფლების აღკვეთით.

მერაბ.g ტალიავინი პუტინის აგენტია, ისევე, როგორც ამერიკის, ბრიტანეთის საფრანგეთის და უკრაინის ის მაღალჩინოსნები, რომლებმაც პუტინთან ერთად მიიღეს "გამარჯვების პარადი" 2010 წლის 9 მაისს! პუტინის აგენტი იყო კონდოლიზა რაისიც, რომელმაც თქვა, რომ მიუხედავად მათი უარისა, სააკაშვილმა ომი მაინც დაიწყო ... და კიდევ ვინ მოთვლის
3 თვის უკან
ლაზი "რომ საქართველოს ოკუპაცია და მისი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია, როგორც მუდმივი სისხლმდენი ჭრილობა საქართველოს სხეულზე, ყოფილიყო რუსეთთან ასევე მუდმივი მტრობის მიზეზი და შესაბამისად, casus belii, რაც ამ რეგიონების სახელმწიფოებად ცნობამ განაპირობა, წარმოსადგენ პერსპექტივაში ურყევად შენარჩუნებული ყოფილიყო."
აი თურმე რა მიზანს ემსახურება დღევანდელი ზეწოლა საქართველოს ომში ჩასართავად. აბა საქართველომ რა საომარი პრობლემები უნდა შეუქმნას რუსეთს, უკრაინამ რომ ამით შეღავათი იგრძნოს. უბრალოდ ის ჭრილობა ოდნავაც არ უნდა მოშუშდეს.
მეორე და მთავარი, ამ ინტერვიუს კითხვები და პასუხები არ გავს ჩვეულებრივ რიგითს, ეს პირდაპირი შეტყობინებაა პროკურატურისათვის, რის საფუძველზეც ის ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. ასეთი რამეები უბრალოდ საზოგადოებრივი ინფორმირებულობის მოტივით ან მარტო პრესის აქტუალური თემატიკით დაინტერესებით არ იწერება.
3 თვის უკან
amo პროკურატურა ვერაფერს იზამს თუ პოლიტიური ნება არ იქნა. რაღას ელოდებიან, თუ ყველაფერს ფარდა არ ახადეს გადაგვივლიან და ხელისუფლება ხალხის მხარდაჭერის გარეშე დარჩება,
3 თვის უკან
ლევკოთეა 2007 წლის ნოემბრის მოვლენების და 2008 წლის იანვრის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების მერე, სააკაშვილი თავისი პოპულარობის ყველაზე დაბალ წერტილში იყო. ამ ფონზე მოინდომა ,,მიშა გამაერთიენებელის" ტიტული მოეპოვებინა და ოპონენტები გაეჩუმებინა. ამიტომ წამოიწყო ეს ავანტურა.
იქით, ალბათ, ბიძამისის მეშვეობით დააბოლეს რუსებმა, შემოდით და ჩვენ გავალთო. იმიტომ იყო, რომ ტრიბუნებით, იარაღზე უფრო მეტი დროშებით და დოლ-გარმონით მიდიოდნენ უგულავა და მისი ჭკუის მაღალჩინოსნები.
მე საერთოდ მეგონა, რომ პოპულარულობის გაზრდისთვის აფხაზეთში გაუცვალა რუსებს სამაჩაბლო და რომ ასე ბრმად რუსებს ომს არ დაუწყებდა.
ამ ბრიყვმა კი, ორივე რეგიონი და მოსახლეობა ასე გაწირა.
წეროვანში, მორალურად განადგურებული ლტოლვილების კოტეჯების შენებაშიც კი უამრავი ატკატებით აკეთეს ფული ამ არაკაცებმა.
3 თვის უკან