შეუძლია თუ არა ჩინეთს უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერება? ბოლო დროს დასავლეთში და უკრაინაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ჩინეთს ამის მოგვარება პუტინთან მხოლოდ ერთი ზარით შეუძლია. ამაზე ღიად საუბრობს, როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი, ასევე ევროკავშირის მაღალჩინოსნები და ევროპული ქვეყნის ლიდერები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ ჩინეთი მტკიცე პოზიციას დაიკავებს, მას შეუძლია აიძულოს რუსეთი შეაჩეროს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ თემაზე მან უკრაინული მედიის ცნობით, ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
„თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია აიძულოს რუსეთი შეაჩეროს ეს ომი. როცა მთელ სამყაროზე ვსაუბრობთ, ჩინეთი ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ერთ-ერთი გავლენიანი ძალა. ვისურვებდი, რომ მათ არ ჰქონოდათ შუამავლის მისია, ვისურვებდი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ, რომ ომი დასრულდეს; ისევე, როგორც შეერთებული შტატები ახორციელებს ზეწოლას; ისევე, როგორც ევროკავშირი ახდენს ზეწოლას“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ისურვებდა, ჩინეთს ჰქონდეს ძლიერი პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით, რათა მან შეძლოს რუსების შეჩერება.
ზუსტად იგივე აზრისაა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რომელმაც ჩინეთს მოუწოდა მხარი დაუჭიროს უკრაინაში სამშვიდობო პროცესს და შეაჩეროს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი რუსეთში. ამის შესახებ ბორელმა, 26 ივლისს, ლაოსში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვანგ აისთან შეხვედრისას განაცხადა.
ბორელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთის მიმართ უარყოფითად აისახება ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობებზე და სთხოვა გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა ხელი შეუწყოს ომის დასრულებას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ვანგ აის მაისში ჩინეთისა და ბრაზილიის ერთობლივი განცხადება შეახსენა, სადაც ისინი სამშვიდობო კონფერენციას მოითხოვდნენ, თუმცა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არ ახსენებდნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, გეორგი ტიხის განცხადებით კი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრისთვის მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს.
ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შორის მოლაპარაკების შედეგებზე ისაუბრა, რომელიც 24 ივლისს გუანჯოუში გაიმართა.
„დააახლოვა თუ არა მინისტრ კულებას ჩინეთში შეხვედრამ, მოლაპარაკებებმა და ვიზიტმა უკრაინისა და ჩინეთის ლიდერების პოტენციური შეხვედრა? უეჭველად დააახლოვა. მაგრამ როდის გაიმართება ასეთი შეხვედრა, როდის იქნება ეს შეთანხმება, ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხდა გეორგი ტიხიმ.
სამხედრო „ჟურნალ არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ჩინეთის მიმართ მოლოდინი, რომ ის უკრაინის ომს თუნდაც ერთი ზარით დაასრულებს, არასწორია. ალადაშვილის აზრით, პუტინი ახლა იმდენად შორს არის წასული და იმხელა მადა აქვს გახსნილი, რომ მისი დათანხმება რაიმეზე, მით უმეტეს პოზიციების დათმობა, ძალიან რთული იქნება.
„ჯერ ერთი, ეს ომი ისეა ჩიხში შესული, რომ ერთი საათში და ერთი ზარით ამის დასრულება წარმოუდგენელია. არ ვიცი რატომ ჰგონიათ, რომ ჩინეთს პუტინის რაიმეზე დაყოლიება შეუძლია. რუსეთმა ამ პერიოდის განმავლობაში მთელი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა. მან მოახერხა და ჩრდილოეთ კოერეედან და ირანიდან საკამოდ კარგი დახმარების ხაზი გაჭრა. ამიტომ მას არ უჭირს ამ ეტაპზე ისე, რომ რამეზე უკან დაიხიოს,
მით უმეტეს როცა პუტინი წინ მიიწევს ფრინტის ხაზზე და ნელ- ნელა უკრაინის სხვა ტერიტორიების დაპყრობას ახერხებს. ჩინეთიდან რუსეთი არ იღებს, არც ეკონომიკურ დახმარებას და არც შეიარაღებას იმ სახის, რომ მასზე დამოკიდებული იყოს. ამიტომ მიჭირს მე ამ ოპტიმიზმის გაზიარება. პუტინის პირობებს, რომელიც მან ცოტახნის წინ წარმოადგინა, თუ მიიღებენ, მაშინ კი ბატონო, სხვაგვარად არ ველი, რომ ეს ომი დასრულდება. ცეცხლის შეწყვეტა გასაგებია და ჩვენც შევწყვიტეთ ასე აფხაზეთსა და ოსეთში, მაგრამ რაც მივიღეთ, ფაქტი ხომ სახეზეა. იგივე მოხდება უკრაინის შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტაზე იქნება საუბარი.
ამიტომ მე ჯერ ვერ წარმომიდგენია ომის დასრულების სცენარი და გეგმა რა შეიძლება იყოს, რომ ორივე მხარე ამაზე წავიდეს“, - ამბობს ალადაშვილი.
მისივე თქმით, თუკი ახლო აღმოსავლეთში ირანსა, ჰეზბოლასა და ისარელს შორის ომი გაჩაღდა, უკრაინის ომი საერთოდ მეორეხარისხოვანი გახდება და არავის აღარ ემახსოვრება. ამიტომ სიტუაცია ძალიან რთულია და მოვლენების განვითარების პროგნოზირება ჭირს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი სრულიად სხვაგვარად ფიქრობს და for.ge-სთან ამბობს, რომ რუსეთზე ჩინეთი დიდი გავლენით სარგებლობს. პუტინს მათ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ზაქარეიშვილის თქმით, ჩინეთი ერთადერთი ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც თავისი ბუნებით ანტიდასავლურია და საერთოდ არ არის ვინმეზე დამოკიდებული.
„ჩინეთი თავისი მმართველობის სტილით კომუნისტური წყობის არის და საერთოდ ანტიდასავლურია. მას სერიოზული ეკონომიკური გავლენები აქვს მსოფლიოზეც და რუსეთზეც. საერთოდ, პირდაპირ შესაძლოა ითქვას, რომ რუსეთის პატრონია. შესაძლოა ვიღაცამ თქვას, რომ ჩინეთი რუსეთის პარტნიორია, მაგრამ პირიქით არის, რუსეთისთვის პარტნიორია, მაგრამ ჩინეთისთვის არა. ჩინეთი წამყავნი ფიგურაა და რუსეთი დანამატია. ამიტომ სწორია, როდესაც ფიქრობენ, რომ ჩინეთის პრეზიდენტს პუტინზე გავლენა შეუძლია უკრაინის ომის დასრულების კონტექსტში. თუმცა აქ ჩინეთის ინტერესები რა არის, ეგაა მთავარი.
ჩინეთს თუ არ აწყობს ეს ომი, მას აქამდე შეეძლო რუსეთისთვის ეკარნახა, რომ პუტინს პოზიციები შეეცვალა. თუმცა ამას არ აკეთებს. ამის მიზეზი კი ისაა, რამდენად სჭირდება თავად ჩინეთს ამის გაკეთება. ჩინეთმა რომ რუსეთს ომის დასრულება მოსთხოვოს, მაშინ მის წინაშე რაღაცა ვალდებულება უნდა აიღოს, რაღაცას უნდა შეპირდეს და გარანტიები მისცეს. ეს კი ჩინეთს საერთოდ არაფერში არ სჭირდება. მას ურჩევნია სუსტი და ძალაგამოცლილი რუსეთი ხელში მუდმივად ეჭიროს. რუსეთს ჩინეთის გარდა სხვა პატრონი არ ჰყავს. ამიტომ ჩინეთიც ამ სიტუაციიდან სარგებლის მიღებას ცდილობს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, ჩინეთს მეტი გარიგებები აქვს რუსეთთან და უნდა რომ ციმბირში პუტინმა მეტად შეუშვას. მისი აზრით, ჩინეთი უკრაინის გამო თავს რატომ შეიწუხებს, თუკი აქ მისი ინტერესები დაზიანდება. მაშინ პუტინს ჩინელები ბევრს ვერაფერს ვეღარ მოსთხოვენ და აქეთ ვალში იქნებიან. ამიტომ კონფლიქტოლოგი ნაკლებად მოელის, რომ ჩინეთი ომის დასრულებაში დიპლომატის როლს შეასრულებს და რუსეთს რამეს სთხოვს.