ოჩამჩირის სამხედრო ბაზა რუსული გემების მისაღებად ემზადება. როგორც რუსული მედია წერს, პორტის მშენებლობა, პარტიკულად, დასრულებულია. იქ სამუშოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. პორტში მშენებლობის შესახებ ასევე ინფორმაცია და სატელიტური ფოტოები საგამოძიებო ჯგუფმა „ბილინგატმა“ გაავრცელა.
ირკვევა, რომ პუტინმა ოჩამჩირის პორტში დამატებითი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ფოტოებით დასტურდება, რომ ოჩამჩირეში პორტის ტერიტორიაზე რამდენიმე ახალი შენობა-ნაგებობა უკვე დგას. ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ პუტინთვის ოჩამჩირეს პორტს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება, რადგან ის რუსული სამხედრო გემებისთვის თავშესაფრის ფუნქციას შეასრულებს.
თუმცა ქართული მხარე ამბობს, რომ მინიმუმ 3 წელი მაინც არის საჭირო იმისთვის, რომ ოჩამჩირის პორტის ინფრასტრუქტურის გამართვა მოხდეს და გემების მიღება შეძლოს. უფორ მეტიც, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაშიც ოჩამჩირის პორტში მხოლოდ ერთი გემის მიღება იქნება შესაძლებელი.
ინტერნეტგამოცემა „ნავალ ნიუსის“ ცნობით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემი უკვე შევიდა. როგორც გამოცემა წერს, შავი ზღვის პორტი, შესაძლოა, რუსული ფლოტისთვის მნიშვნელოვან ნავსაყუდლად იქცეს უკრაინული საზღვაო დრონებისგან დასაცავად.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ოჩამჩირის პორტში უკვე გაჩერებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი რამდენიმე საპატრულო ხომალდი, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნულ პორტში სამხედრო ხომალდი გამოჩნდა.
„ნავალ ნიუსი“ წერს, რომ რუსეთის ფლოტის სამხედრო გემი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფზახეთის პორტში ნოვოროსიისკიდან შევიდა, სადაც ის უკანასკნელად 28 ივნისს დააფიქსირეს. შემდეგ გემი რამდენიმე დღით გაუჩინარდა და ოჩამჩირეში 4 ივლისს შენიშნეს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 3 ივლისს უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ საზღვაო დრონების გამოყენებით, იერიში მიიტანა ნოვოროსიისკზე. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, რუსული გემი ამ დროს ღია ზღვაში იმყოფებოდა და თავი ოჩამჩირეს შეაფარა.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასაწყისში რუსული ფლოტი შავ ზღვაში დომინირებდა. რუსული სამხედრო ხომალდების ძირითად ბაზას სევასტოპოლი წარმოადგენდა. უკრაინელთა აქტიურობის შედეგად რუსეთმა გემების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, სევასტოპოლი კი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების, საზღვაო დრონების და სარაკეტო თავდასხმებისგან დაუცველი გახდა. შედეგად, რუსული ხომალდების დიდი ნაწილი ნოვოროსიიკსში გადაიყვანეს, თუმცა საფრთხე მათ იქაც დაემუქრათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ოჩამჩირის სამხედრო პორტის ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მსხვილი ხომალდების მიღებას, სულ მცირე სამი წელი დასჭირდება, რათა ამ კონდიციამდე მივიდეს.
„ინფრასტრუქტურა, რაც იქ არსებობს, ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების მიღებას. იმისათვის, რომ გარდაიქმნას არსებული ინფრასტრუქტურა, ექსპერტების გათვლებით, სულ მცირე, სამი წელიწადი დასჭირდება, რათა ეს პორტი თავისი წყლის დაღრმავებით და ინფრასტრუქტურული განვითარებით ამ კონდიციამდე მოვიდეს. შეკითხვა იყო პარლამენტში, რომ ეს საფრთხეს უქმნის ანაკლიას. ანაკლიას საფრთხეს მარტო პორტი კი არ უქმნის, ანაკლიის პროექტს მთლიანად საფრთხეს უქმნის ოკუპაცია. წარმოიდგინეთ, ანაკლიის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში დგას რუსეთის რეგულარული არმია, რამდენიმე ათასი შეიარაღებული ჯარისკაცით და მძიმე ტექნიკით. ის, რომ ეს არის საფრთხე საქართველოსთვის – ეს იყო და არის ოკუპაციის საკითხი. თუ კიდევ ასე გაგრძელდა, იქნება საფრთხე საქართველოსთვის, მათ შორის ანაკლიის პორტისთვის. სხვათა შორის, ოჩამჩირის სამხედრო პორტის სახელით აშენებული ინფრასტრუქტურა გაუაზრებელი დაძაბულობის ფონზე იქნა აშენებული. ეს გაითვალისწინეთ და ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა პოზიციები მაშინ მყოფი თანამდებობის პირების, რომლებიც დღეს პარლამენტში მრავლად ისხდნენ, საერთოდ რამეზე თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
საქართელოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე for.ge-სთან ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგობის შემდეგ, რუსეთს, ლოგიკურია, გაფართოვება სჭირდება. არსებობს საფრთხე, რომ იარაღს, რომელსაც უკრაინა დასავლეთიდან მიიღებს, რუსულ ხომალდებს ნოვოროსიბირსკამდე მისწვდება, ამიტომ საფრთხის გამო კრემლი ალტერნატიულ ნავსადგურს ეძებს.
„რუსეთს, ფაქტია, გაფართოვება და ოჩამჩირე საზღვაო ბაზად სჭირდება. მეორე საკითხია, შეძლებს თუ არა ამას რუსეთი. ეს არის ძალიან დიდ სამუშაოებთან დაკავშირებული. დღევანდელი ბაზის მდგომარეობა მხოლოდ ნავსადგომია, რომელიც სამხედრო მხარდაჭერის სახეს ატარებს და მხოლოდ ერთი გემის მიღებას ითვალისწინებს. დანარჩენი შეუძლია 10-მდე სანაპირო დაცვის კატარღა მიიღოს. თვითონ სამხედრო საზღვაო ბაზა რთული ინფრასტრუქტურაა.
სანაპირო სახმელეთო კომპონენტსაც მშენებლობა უნდა, ლაზარეთები, საწყობები, შეიარაღებული ტექნიკის დაცვის პუნქტებია საჭიროა. ანუ რთულად გასაკეთებელია ეს ნავსადგური და დროში ასე სწრაფად მისი მოსწრება შეუძლებელია. თუმცა აქ პოლიტიკური ხასიათიც არის. ძირითადად, ოჩამჩირის ნავსადგურს ახლა რუსებისთვის მხოლოდ მხარდაჭერის გაწევა შეუძლია. ისიც გარკვეული მოდერნიზების შემდეგ. თუმცა პოლიტიკურად მნიშვნელობა აქვს ის, რომ რუსეთი აფხაზეთში ფეხს იკიდებს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზეთის დაბრუნება ჩვენს ინტერესში შედის და მათთან ინტეგრირება გვჭირდება. ეს იქნება ძალიან დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი“, - ამბობს კაპანაძე.
მისივე თქმით, ოჩამჩირის ნავსადგური მეორე მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება ანაკლიის პორტის მშენებლობის შემთხვევაში.
„30 კილომეტრში ანაკლიის პორტიდან რუსული ნავსადგურის არსებობა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ხელისშემშლელი იქნება. როდესაც ჩაატარებენ საზღვაო სწავლებას ამ ბაზის ჩართულობით, საზღვაო გზები, საჰაერო სივრცე დაიკეტება, რა თქმა უნდა, ეს ხელისშემშლელი იქნება სავაჭრო გემების ან გადაზიდვებისთვის. ფსიქოლოგიურად, მორალურად, უსაფრთხობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, რთული იქნება.
რუსეთი, რომელიც სრულიად არაპროგნოზირებადი ქვეყანაა, მისი ნდობა არავის აქვს. რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას ამ შემთხვევაში, უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორი ვერ იქნება. ჩინეთი არ გაუწევს ანგარიშს რუსეთს და ამის გამო ანაკლიის პორტზე მშენბელობაზე უარს არ იტყვის. თუმცა რა იქნება შემდეგ, როგორ განხორციელდება მენეჯმენტი, როგორ იმუშავებს და რამდენად ფუნქციონირებადი იქნება ანაკლიის პორტი, საკითხავი ეს არის.
ერთადერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვნია, იმედი მაქვს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ოპერატიული გეგმების გადახედვა, ნებისმიერ შემთხვევაში, 30 კილომეტრში რუსული ბაზის გააქტიურება გარკვეული საფრთხის მატარებელია“, - ამბობს გენერალი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, შესაძლოა თუ არა უკრაინამ ოჩამჩირის ბაზაზე თავდასხმა განახორციელოს, გენერალი ამბობს, რომ ყირიმიდან ოჩამჩირის ბაზა 800 კილომეტრში იმყოფება და უკრაინას მალე ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ამ მანძილზე რუსებს მისწვდეს.
„დიპლომატიურ დონეზე ეს არის საქართველოს ტერიტორია, რომელზეც საცეცხლე ზემოქმედებას მეგობარი ქვეყანა უკრაინა განახორციელებს. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს დიპლომატიურ კაზუსს და ორ ქვეყანას შორის ამაზე კომუნიკაცია უნდა შედგეს. ჩემი გადასახედიდან, მივესალმები იმას, რომ სადაც არ უნდა იყოს რუსული ბაზა, მას დრონი მოხვდება თუ რაკეტა, მისასალმებელია.
საქართველო ამ ტერიტორიას ვერ აკონტორლებს და ეს არის რუსების მიერ ოკუპირებული. ამიტომ ჩვენს ხელისუფლებას ამაზე პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, თუკი რუსების ბაზა დაიბომბება. სამწუხარო ისაა, რომ ამით აფხაზეთის მოქალაქეები დაზარალდებიან, თორემ საქართველომ ამაზე რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს? აფხაზები ამ ბაზიდან წელიწადში 1 რუბლს იღებენ. უფასოდ აქვთ რუსებისთვის მიცემული. არც დაცულები არიან და მათი მოწყვლადობა და რისკი უფრო იზრდება. ამ კუთხით არის პრობლემატური, თორემ ჩავთვალოთ, თეორიულად, უკრაინამ ოჩამჩირის ნავსადგურზე იერიში მიიტანა, საქართველოს ნაბიჯი რა უნდა იყოს? რეალურად, ეს იქნება ჩვენს მოწინააღმდეგეზე განხორციელებული დარტყმა, რომელსაც ჩვენი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. არაფერი ვალდებულება არ გვეკისრება და არც პასუხისმგებელი ვართ რამეზე“, - ამბობს კაპანაძე.
დიახ, გეთანხმებით, ამ დილემის გადაწყვეტაში ჩინეთია მთავარი აქტორი. დანარჩენი დერივატივებია, მეტ-ნაკლებად ყურადსაღები.
აბა მოუსმინეთ ზელენსკის, ვის ეხვეწება რუსეთთან მოლაპარაკებაში გარანტორობას, ამერიკას, გერმანიას თუ საფრანგეთს? ჩინეთს.
მალე ყველა აღიარებს ჩინეთის როლს და ყველა დაწყნარდება. მართალია, ეს მარტივად არ იქნება მიღებული, მაგრამ მაინც ასე იქნება.