„აგვისტოს ომი მონაგონი იქნება, ისეთ უბედურებაში გაგვხვევენ, უფრო მეტიც, აღგვიან პირისაგან მიწისა არა მარტო ქართულ სახელმწიფოს, არამედ ქართველის სახსენებელს“

„აგვისტოს ომი მონაგონი იქნება, ისეთ უბედურებაში გაგვხვევენ, უფრო მეტიც, აღგვიან პირისაგან მიწისა არა მარტო ქართულ სახელმწიფოს, არამედ ქართველის სახსენებელს“

ევროკავშირის შემდეგ, აშშ-მა 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. მოტივად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული მოქმედებები დაასახელა და აქვე განმარტა, რომ ყალბი განცხადებები ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ნორმებს არ შეესაბამება. ბლინკენი ამატებს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ისეთი დახმარების გაწევას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას წაადგება,

მაგრამ არ აკონკრეტებს ვინ იგულისხმება საქართველოს მოსახლეობაში, ან რას ნიშნავს „წაადგება“. ცხადია, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი ე.წ. დახმარება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობას არ მოხმარებია, მაგრამ წარმატებით მოხმარდა იმ ჯგუფს და პირთა წრეს, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს, კერძოდ - რადიკალურ ოპოზიციას და ე.წ. ენჯეო სექტორს.

იმუქრება კონგრესმენი უილიამ კიტინგი, რომლის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედება პასუხის გარეშე არ დარჩება. კონგრესმენი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს მთავრობას მხარს არ დაუჭერს. აშშ-ის შემდეგ ასპარეზზე გამოდის ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხოლო კონტროვერსიული კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. სტანოს თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ოფიციალურ პირებთან. ასევე, საქართველოს მთავრობისადმი განიხილავენ ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა და ქვეყნისთვის განსაზღვრული დახმარებების გაჩერება, ძირითადად, მათ აქ ყოფნას ემსახურება და მას პირდაპირი გავლენა საქართველოს მოქალაქეებზე, მთავრობის ფუნქციონირებაზე ან პენსიაზე, ხელფასზე, ჯანდაცვაზე, თავდაცვასა თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებაზე არ აქვს. „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ეს თანხები საკმაოდ მცირეა და მათივე პროგრამების განხორციელებას და სტაფის მომსახურებას ხმარდება.

„რაც შეეხება სასოწარკვეთილი მდგომარეობის შექმნის მცდელობას, ეს არის მცდელობა იმისა, რომ მოსახლეობა არჩევნების წინ შანტაჟის ქვეშ ამყოფონ და რამენაირად „ლელოსნაირ“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავს პარტიებს სპეკულაციისთვის სასიცოცხლო ჟანგბადი მიაწოდონ. ეს არის სამწუხარო და ძალიან დასანანი ფაქტი.

საქართველო საკმაო გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც დემოკრატიის გზაზე აშკარა პროგრესი გააჩნია. ქვეყანა ამ გაუგებრობას გადალახავს. საპარლამენტო არჩევნებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ვითარება ნორმალიზაციისკენ წავა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დონორი ორგანიზაციები, მათ შორის აშშ-დან და ევროკავშირიდან, რომლებიც სუბიექტური შემფასებლები არიან, ობიექტურ შემფასებლებად ვეღარ გამოდგებიან. დეპუტატის განცხადებით, როდესაც პოლიტიკურ ოპოზიციასა და პოლიტიკაში გადავარდნილ NGO-ს სუბიექტურად აფინანსებ, ამის შემდეგ შენი შეფასება დამაჯერებელი აღარ იქნება. მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიცია შოკშია, რადგან იციან, რომ არჩევნებში მარცხდებიან და ამის გამო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, დელეგიტიმაციაზე საუბრობს.

„კარგად იციან, რომ მათ არჩევნები წაგებული აქვთ, ხალხი მათ წაგებას ოქტომბერში დე იურედ გააფორმებს და არსებულ ხელისუფლებას დატოვებს ხელისუფლებაში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერება არ არის მხოლოდ ფინანსური საკითხი, ამას აქვს პოლიტიკური განზომილება, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყანაზე.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე ნიშნავს მეტ სიღარიბეს და მეტი ქართველის წასვლას საქართველოდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ცხადი ხდება, რომ როგორც აშშ-ის, ისე დღევანდელ ევროკავშირის გამოკვეთილი მიზანია საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და იმ ძალით ჩანაცვლება, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები.

„ისმის კითხვა - რატომ? იმიტომ რომ, ფაქტია, უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ ისინი უკრაინაში. მოდით, გახსნილად ვთქვათ, უკრაინაში ომი მიმდინარეობს არა რუსეთ-უკრაინას შორის, არამედ მიმდინარეობს დასავლეთის გლობალური ომის პარტიას, ანუ ომის საერთაშორისო იმპერიალისტებს შორის. ამიტომ, ახლა ერთ ნაწილს ძალიან გაუჭირდა და უნდა რამენაირად ყურადღება გადმოტანილი იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, რომ საქართველო ამ ომში იქნას ჩართული. ცალსახად ამას ვერ აკეთებენ საქართველოში დღეს და თვლიან, რომ თუ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ასეთ შემთხვევაში ჩართული იქნება ომში. აი, ამას ემსახურება ის 30 მილიონი, რომელიც ევროკავშირმა ჩამოართვა ჩვენს ჯარს და გადასცა ლომჯარია-გიგაურს, ასევე ის 95 მილიონი, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, თითქოსდა ეხმარებიან ქართველ ხალხს. ცარიელ ჯამში ხელს არავინ არ ყოფს. არავინ არ წარმოიდგინოს, რომ ეს გრანტები არის საჩუქარი. არა ბატონებო, ეს არის ქართველი ხალხის კისერზე დადებული თანხები.

ირკვევა, რომ 33 წლის განმავლობაში მხოლოდ აშშ-დან ყოფილა შემოსული 6 მილიარდი. ვინმემ დამისახელოს ამ თანხებიდან რომელი ერთი ქარხანა-ფაბრიკა აშენდა, რა დახმარება მივიდა თითოეული უბრალო ქართველის ოჯახამდე. ეს თანხები მიდიოდა მათივე „სუკინ სინების“ ჯიბეებში, რომელი „სუკინ სინებიც“ ძალიან არიან მომრავლებული ლომჯარიას, გიგაურის, მელიების, გვარამიების, ხაბეიშვილების და სხვა ასეთი პოლიტ-ორფეხების სახით. რატომ? - იმიტომ რომ, ესენი წარმოადგენენ იმათ დასაყრდენს აქ, რომლებიც როგორც ხელს გაუტკაცუნებენ, ისე მოიქცევიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოსის განცხადებით, მოულოდნელი არ იყო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსების შეჩერება და ფიქრობს, რომ მოსალოდნელია უფრო მძიმე გადაწყვეტილებები.

„უარესებს უნდა ველოდოთ. ისინი ხედავენ ქართველი ხალხი გამოფხიზლდა საღათას ძილიდან, რომელშიც ბოლო 30 წელია მოაქციეს. გამოფხიზლდა როგორც თვითონ ქართველი ხალხი, ისევე საქართველოს ხელისუფლება და განაცხადა, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნისო. წინააღმდეგ შემთხვევაში აგვისტოს ომი და აფხაზეთის კონფლიქტი მონაგონი იქნება ისეთ უბედურებაში გაგვხვევენ. უფრო მეტიც, აღგვიან პირისაგან მიწისა არა მარტო ქართულ სახელმწიფოს, არამედ ქართველის სახსენებელს დედამიწაზე. ამიტომ, სწორედ, იმ 26 ოქტომბერს ემსახურება ის 30 მილიონის შეწყვეტა და კიდევ ბევრი რამე. პირდაპირ აცხადებენ, რომ ჩვენ არსენალში კიდევ გვაქვს სხვა გეგმები, რომელსაც დროდადრო გამოვიყენებთო. ამიტომ, უნდა ვიმოქმედოთ ბალანსირების პოლიტიკით, რომლის მეშვეობითაც დგას საკითხი ასე - ქართული ეთნიკური ერთეულის და ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ 30, 95 თუ კიდევ მეტი მილიონით ჩვენი „დასჯა“ მხოლოდ დადებითად უნდა განვიხილოთ, რადგან ქვეყანა ვითარდება სწორი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით და ეს არის ჩვენი გადარჩენის საწინდარი. მისი თქმით, დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა „სულის მიყიდვისთვის“ მორიგი შეჩერებული საფასური უკუვაგდოთ და ავინაზღაუროთ „დანაკლისი“ საკუთარი ძალებით მოპოვებული ფინანსური შესაძლებლობებით.

„არავის უთქვამს, რომ ამ ბოროტი ძალის კუდის უკანასკნელი მოქნევა უმტკივნეულო იქნებოდა, მაგრამ „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია“. ჩვენ აღმოვჩნდით ფასეულობათა „მსოფლიო ომის“ ეპიცენტრში სწორედ იმ გლობალური იდეოლოგიური კრიზისის ფონზე, რომელიც ჩვენ თვალწინ არყევს დღეს კაცობრიობას და თავის მწვავე, სისხლიან ფაზაში გადასვლით იმუქრება. დიახ, ეს „ის არის“, რასაც გაფრთხილებული უნდა შეხვედროდა მსოფლიო, მაგრამ თავისი ტოტალური ურწმუნოების გამო, როგორც ყოველთვის მოუმზადებელი ხვდება.

მაგრამ ყოველ „საგიჟეთში“ თუნდაც ერთი ნორმალური და ჯანმრთელი კაცი აუცილებლად მოიძებნება (მაკმერფისა არ იყოს „გუგულის ბუდეში“) და დღეს ეს მისია ჩვენს გადარეულ სამყაროში სწორედ საქართველოს ეკისრება, ზუსტად ისე, როგორც ეს წმინდა მამებმა იწინასწარმეტყველეს. ამასთან შედარებით, 30, 95 თუ კიდევ მეტი მილიონით ჩვენი „დასჯა“ მხოლოდ დადებითად უნდა განვიხილოთ, როგორ ჩვენი სულის მატერიალიზაციის მცდელობიდან თანდათანობითი გათავისუფლება.

დღეს საქართველო ღმერთის მიერ მიღებულ „ტალანტებს“ აღარც ფლანგავს და აღარც მიწაში მარხავს, არამედ ამრავლებს მათ. და, სანამ ამ შემართებას ჩვენი ხალხისა და ზეცის „სინერგია“ წარმართავს, ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს. სწორედ ამას არ გვპატიობენ და თავის მოკლე ჭკუით - „გვსჯიან“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

 

მერაბ.g დაანებეთ თავი პანიკის თესვას! რას გვიზამენ: ვაშაძეს, ხაზარაძეს და გვარამიას მილიარდიც რომ მისცენ, არჩევნებს ვერ მოიგებენ; ატომურ ბომბს გვესვრიან, თუ კოვიდზე უარეს ვირუსს შეგვყრიან?
თუ ვინმეს მოკლავენ, მითუფრო ნაკლები
შანსია ცალ ფეხზე მდგომთა ხელისუფლებაში მოსვლის
აქ მთავარი სხვაა: რატომ იკლავენ თავს და არ უნდათ გასაჯაროვდეს საქართველოში და სავარაუდოდ საქართველოს გავლით რაში იხარჯება მათი ფული?
3 თვის უკან