სიკვდილი „დაამარცხა“, მაგრამ პატიმრობას თავი ვერ დააღწია. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულ და უკვე მსჯავრდებულ სააკაშვილს არც ერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდიდა სასჯელს. სასამართლოს გადაწყვეტილება კი პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ართმევს სააკაშვილის შეწყალების უფლებას. ახლა კი იუსტიციის სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის უკვე ციხეზე ეტაპირებისთვის.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გადაწყვეტილებაც განმარტა. კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს შესაბამისი საფრთხეები.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო, დასაკითხი არიან მოწმეები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებათა განადგურების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად, შუამდგომლობა საფუძვლიანია და ადგილზე თათბირით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის პროკურორმა გროგოლ ნიშნიანიძემ შუამდგომლობით განმარტა, რომ ვინაიდან მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა და მოწმეთა ხელახალი დაკითხვა იწყება, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისგან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ეს პოლიტიკური შეკვეთაა. ადვოკატს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას მისი გათავისუფლების შიში გაუჩნდა. ბასილაიამ მოსამართლეს დასაბუთება სთხოვა, თუ რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება.
„რით დასაბუთდება, რომ სააკაშვილი მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს? იცით, ხომ რომ „ვივამედშია“ მოთავსებული. აივნიდან გადასძახებს, თუ ადვოკატებს დაგვავალებს? თუ მედპერსონალი, ბადრაგის თანამშრომელი ჩაიდენს ამას? პალატაში მიიმალება? თქვენ დასაბუთებად თქვით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული იმის გამო, რომ არ მიიმალოს, საფრთხეები ჩამოთვალეთ. „ვივამედში“ მოთავსებული, ბადრაგირების ქვეშ მყოფი პირი როგორ უნდა მიიმალოს? საღი აზრის დონეზე, როგორ უნდა ვთქვათ, ადამიანს კიდევ სამი წელი რომ აქვს მოსახდელი - „ვივამედიდან“, მაგალითად, თოკებს ჩამოჰფენს, თუ ბადრაგები განახორციელებენ მის გათავისუფლებას?“, - მიმართა ბასილაიამ, რომლის განცხადებით, ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების და დამატებით მოითხოვეს ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბერკეტი.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მიმართა: „შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი - გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს, როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები? მართლაც საოცრებაა მართლმსაჯულების ასეთი დაცინვა და აბუჩად აგდება. თქვენ შეგიძლიათ, უსასრულოდ მასამართლოთ და მრავალი წელი გავიდეს. იმდენად სასაცილოები ხართ უკვე, რომ ჩვენი საარჩევნო ავტობუსის სამ მძღოლს ააღებინეს ხელი მის ტარებაზე. სამი ადამიანი და ავტობუსის მფლობელი დააშინეს. ავტობუსის რომ გეშინია, სხვა რაზე გვაქვს საუბარი?“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქმის პროკურორის განმარტებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, მიხეილ სააკაშვილმა როგორ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, როგორ გადმოკვეთა უკანონოდ საზღვარი, არსებობს რეალური საფრთხე, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებების მიმცემ პირებზე მოახდინოს ზემოქმედება. ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ორივე ინსტანციის სასამართლოში არსებობს პრეცედენტი, როცა მისჯილ ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
„სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა საქმის თავიდან დაწყება გადაწყვიტა. რაც შეეხება პატიმრობის გამოყენების საკითხს და რატომ დააყენა ბრალდების მხარემ აღნიშნული შუამდგომლობა, - როდესაც მიხეილ სააკაშვილს თავდაპირველ ეტაპზე ბრალი წარედგინა, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა იყო და ძირითადი მოწმეები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ მამხილებელ ჩვენებას აძლევენ, ის მოწმეები, რომლებმაც მას არამხოლოდ ხელი შეუწყვეს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში, არამედ, მის გადაადგილებაში მიიღეს მონაწილეობა, თავიდან უნდა დაიკითხონ.
მოცემულ შემთხვევაში, როცა მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარედგინა, ნამდვილად, ბრალდების მხარემ მხოლოდ წინა სასამართლო სხდომა განსაზღვრა, ვინაიდან იმ ეტაპზე მოწმეებზე ზემოქმედების და არც სხვა საფრთხეები არ არსებობდა, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა პატიმრობა გამოყენებულიყო. ახლა შემდეგი მოცემულობა გვაქვს: პირველი, ის გარემოება, რომ ის პირები, ვისაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების ეტაპზე ჩვენება აქვთ მიცემული, სასამართლო პროცესზე უნდა დაიკითხონ. თქვენი ყურით მოუსმინეთ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უდანაშაულოა, ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, რაც მიუთითებს, რომ ყველა მტკიცებულება არსებით გამოკვლევაზე უნდა მოხვდეს. ნამდვილად არსებობს მათზე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა“, - აცხადებს პროკურორი.
კონკრეტულად, როგორ და რა ფორმით შეიძლება ბრალდებულმა მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, ამაზე ბრალდების მხარემ შუამდგომლობის ნაწილში ისაუბრა და სასამართლომ დასაბუთებულად გაიზიარა. კერძოდ, დაცვის მხარემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს ელგუჯა ცომაიას, წოწორიების და სხვათა მიმართ. ბრალდების მხარე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პრეცედენტი არსებობს არამხოლოდ პირველ ინსტანციაში, არამედ მეორე ინსტანციაში, როცა მისჯილ ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს.
სასჯელის მიზანი სხვა რამეა, აღკვეთის ღონისძიების მიზანი - სხვა. თუ გავითვალისწინებთ იმას, მიხეილ სააკაშვილმა როგორ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, როგორ გადმოკვეთა უკანონოდ სახელმწიფოს საზღვარი, საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ მის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენებების მიმცემ პირებზე გარკვეულწილად ზემოქმედება მოახდინოს. „ბრალდების მხარემ ეს საფრთხე დაინახა, დაასაბუთა და სასამართლომ დასაბუთებულად გაიზიარა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.