ბობოხიძემ და წერეთელმა, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი პარტიიდან გააგდეს

ბობოხიძემ და წერეთელმა, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი პარტიიდან გააგდეს

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ პარტიის გენერალურ მდივანთან აკაკი ბობოხიძესთან „სერიოზული ღირებულებითი კონფლიქტის“ მოტივით დატოვეს. დღის ბოლოს ბოკერიამ თქვა, რომ ტოვებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს, რადგან ვერ დარჩება ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში. „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, პარტიაში უთანხმოება პრაიმერიზის ჩატარების წესმა გამოიწვია. აღნიშნულ თემაზე დაპირისპირებამ გამოავლინა სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი პარტიის გენერალურ მდივანთან, აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერ გუნდთან.

კერძოდ, ბოკერიას თქმით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, ამ ყველაფერმა კი პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, მათ შორის, დაისვა თავმჯდომარის, პასუხისმგებლობის საკითხი.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, „ევროპულ საქართველოში“ შიდაპარტიული პრაიმერიზი დასრულებულია - ჩემი აზრით, ყველა ხარვეზის მიუხედავად, ეს იყო უაღრესად დადებითი პროცესი - წინასწარ რეგისტრირებულმა დელეგატებმა აირჩიეს პარტიის საპარლამენტო სია, რაც ძალიან იშვიათი პრეცედენტია ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. კონკურენცია იყო საკმაოდ მწვავე, რაც რეალური პრაიმერიზისთვის სრულიად ნორმალურია.

თუმცა, სამწუხაროდ, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, ჩემი, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით. კერძოდ, მე მხარი დავუჭირე პრაიმერიზში მონაწილე იმ გუნდს, რომელმაც ლომის წილი შეიტანა ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში და პარტიის ახალი შინაარსის შექმნაში, რამაც „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა საგრძნობლად გაზარდა და ეს ჩვენი კონკურენტების კვლევებითაც დასტურდება“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ამას გარდა, აზრთა არსებითი სხვადასხვაობა გამოიწვია საკითხმა, თუ ვის უნდა ჰქონოდა პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება. პარტიის თავდაპირველი შეთანხმებით, ეს მხოლოდ იმ პირებს უნდა შესძლებოდათ, ვინც არ ერიდება „ევროპული საქართველოს“ მიმართ მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირებას.

გიგა ბოკერიას განცხადებით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, რომლებსაც არ სურდათ „ევროპული საქართველოს“ მკაფიო, საჯარო მხარდაჭერა.

„ამ ყველაფერმა პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, მათ შორის, დაისვა თავმჯდომარის ანუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი. მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია „ხმების გაფლანგვის და რეჟიმისთვის ჩუქების“ თაობაზე, ამ დაპირისპირების გაღვივება, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, შეუძლებელს ხდის როგორც ამ პროპაგანდის განეიტრალებას, ისე პარტიის მხრიდან წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისედაც ბევრია ისეთი პარტია, რომელიც ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ისედაც ბევრია ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს ერთს, აკეთებს მეორეს. სამწუხაროდ, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ არჩეული კურსიდან გადაეხვია და სწორედ ამიტომ ჩვენი გზები აქ იყოფა. მე ვერ ავიღებ შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე ამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პარტიას ტოვებს ყველა ის ადამიანი, ვის სახელსაც რაიმე ახალი უკავშირდება პარტიაში.

„ყველა, არაფერი არ არის ის, რაც იქ დარჩება, ყველაფერი დევს ერთ ყუთში, ყველაფერი არის ციფრული, ამიტომ იზრდებოდა პარტია და ა.შ. ის ყუთი არსად არ მიდის, ჩვენ რაც გვაქვს, თან დაგვაქვს. ასე რომ, პოლიტიკურ მოღვაწეობას, რასაკვირველია, ვაგრძელებთ. ამ ბრძოლაში იმიტომ არ შემოვსულვარ, რომ კაკო ბობოხიძემ და გიგი წერეთელმა ხელი შემიშალონ. გეგმებს გაგაგებინებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება, ვიდრე დღეს. ვიმოქმედებთ ამომრჩევლის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვნახავთ, რომ დრო არ გვყოფნის, შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩვენ ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„ევროპულ საქართველოში“ არსებულ დაპირისპირებას ადასტურებს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, რომლის განცხადებით, პრაიმერიზის ჩატარების წესმა სერიოზული უთანხმოება გამოიწვია. შესაბამისდ, გიგა ბოკერიამ საკუთარი პასუხისმგებლობა დაინახა და პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„პარტიაში იყო ძალიან სერიოზული უთანხმოება, განსაკუთრებით პრაიმერიზის შემდეგ, იყო მომენტები, რამაც ნდობა ფაქტობრივად ნულამდე დაიყვანა. იყო სერიოზული უკმაყოფილება პარტიის ლიდერების, როგორც რეგიონული, ასევე, პოლიტსაბჭოს წევრების დიდ ნაწილში. დეტალებზე მოგვიწევს საუბარი, მე ვხედავ, რომ პარტიის თავმჯდომარემ დაინახა თავისი პასუხისმგებლობა ამ ვითარებაში და მიიღო ეს გადაწყვეტილება. შევიკრიბებით, პარტიაში არის პოლიტიკური საბჭო, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორი იქნება პარტიის სტრატეგია სამომავლოდ, იქნება ეს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა, თუ შესაძლოა რაიმე კოალიცია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორციხავს, რომ გიგა ბოკერიამ შეიძლება ხელი ჩაიქნია პოლიტიკურ პერსპექტივაზე, რადგან დაინახავდა მას, როგორც პოლიტიკოსს როგორი პერსპექტივა აქვს.

„საერთოდ, რა იდიოტობაა ნეიტრალურის მონაწილეობა პრაიმერიზში, ეს არსად არ ხდება. მაგას თუ დაუშვებ, მაშინ თავისუფლად შეიძლება შენმა კონკურენტმა შეიტანოს თავისი ინტერესები. გაუგებარია რითი იცავენ თავს, თუ პარტიულობით არ შემოიფარგელებიან. ამიტომ, მე, მაინც ვთვლი, რომ ბოკერია არ გრძნობს ისე მყარად თავს ამ საარჩევნო სიტუაციაში, რომ ჰქონდეს ბრძოლის გაგრძელების ხალისი. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს მისი განცხადება, რომ მომიზეზებული უარია და ეს რეალური მიზეზი უარის თქმისა ასეთი მებრძოლი ფიგურებისთვის გაუგებარია.

ეს ხომ არაა ჩვეულებრივი პარტია? ერთ-ერთი ძველი გვარდია არის „ნაციონალური მოძრაობის“, რომელმაც „ნაცმოძრაობის“ ბევრი საფეხური ბრძოლაში გამოიარა და მერე „ნაცმოძრაობას“ დაუპირისპირდა. ანუ, აქტიური პარტია არის და ამ აქტიური პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან პარტიის მიტოვება, გაუგებარია. მაგრამ თავს უფლებას მივცემ, ვთქვა, რომ შეიძლება პოლიტკაში დარჩენის მოტივი არ ჰქონდეთ ამ ადამიანებს, რომლებმაც საკამოდ ბევრი წაგება იწვნიეს. ელოდნენ მიზეზს, რომ პოლიტიკიდან წასულიყვნენ და მიზეზმაც არ დააყოვნა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციაში რაც მეტად და სწრაფად გაიხლიჩებიან საპარლამენტო სიების გამო, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის.

„პირველი რაუნდი არჩევნებამდე იქნება, მომდევნო, არჩევნების შემდეგ, როცა დახარჯული თუ მითვისებული ფინანსების გამო დანასისხლად გადაეკიდებიან ერთმანეთს. სრულდება რაღაც „პარტიუგების“ საჯარო სივრცეში არსებობის მრავალწლიანი პერიოდი“, - აცხადებს გია აბაშიძე, რომლის განცხადებით, ბოკერია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს ე.წ. სამზარეულოს პარტიაში პრაიმერიზის ჩატარების წესზე უთანხმოების გამო.

მერაბ.g წყალს წაუღია წერეთელიც, ბობოხიძეც და ბოკერიაც! ბობოხიძე და ბოკერია ავტომატით ხელში ებრძოდნენ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და დაამხეს ზვიადი! წერეთელი ხან ნაცი იყო, ხან არანაცი, მანამდე პოქკავშირში იყო და ედიკას მზეს ფიცულობდა ... სამივე ერთმანეთს ეჯიბრებოდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის გაპრავებაში ...
ახლა ვინ სად წავა, ვის აინტერესებს? კისერიც უტეხიათ!
4 თვის უკან