ვაშინგტონში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოზე, უნგრეთზე და უკრაინაზე იმსჯელა. სხდომა, რომელიც 30 ივლისს გაიმართა, სენატორმა შაჰინმა მოიწვია. სენატის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ჯიმ ობრაიენი იყო, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, რომელმაც საქართველოსთან დაკავშირებით სამი პირობა წამოაყენა, ეს არის ჩინეთთან ურთიერთობა, გამჭვირვალობის კანონი და არჩევნები. ობრაიენის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციების პაკეტი მზადდება. ასევე საუბარია ივანიშვილის დასანქცირებაზე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში ამერიკის ადმინისტრაცია პირდაპირ და ღიად არის ჩართული და ღიად მზადდება კონკრეტული სცენარები საქართველოსთან მიმართებაში.
არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ადმინისტრაციის მხრიდან რიტორიკა „ოცნების“ წინააღმდეგ კიდევ უფორ მწვავდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციის ღია გულშემატკივრობას აღარ მალავენ?
- ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დაუფარავად იღებს ჩვენს არჩევნებში მონაწილეობას. ისინი ჩვენი დაქსაქსული ოპოზიციის ლიდერებს წრმოადგენენ. არ ვიცი ვირტუალურ სიაში, შესაძლოა, ობრაიენი და ბლინკენიც კი არიან შეყვანილები. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ხალხი ჩვენს საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის მხარეს ღიად არიან ჩართულები. უცხო ქვეყნის ოფიციალური პირები ასე დაუფარავად, ჩვენს არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ მონაწილეობდნენ, ამის მომსწრე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ალბათ, პირველად ვართ. ობრაიენმა 3 წინაპირობის გარდა, ათასი სისულელე ილაპარაკა. მან სენატში რამდენიმე დღის წინ მოსმენების დროს თქვა, რომ ამერიკა ახალ სახმელეთო დერეფანზე მუშაობს, ცენტრალური აზიიდან ევროკავშირის მიმართულებითო. ეს უნდა იყოს რუსეთისა და ჩინეთის გვერდის ავლით. სახმელეთო დერეფანი ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანზე და სომხეთზე გავა. მე მაინტერესებს სომხეთის რომელ ნავსადგურში ჩავა ცენტრალური აზიის ეს პროდუქცია? ახალ გეოგრაფიას ქმნიან, ახალ გლობუსზე მუშაობენ, თუ რას აპირებენ, სომხეთს რამე ზღვას უყენებენ ხელოვნურად? რას ლაპარაკობს ეს ხალხი, წარმოდგენა არ აქვთ.
ამ განცხადებების მიხედვით გამოდის, რომ ამერიკას სურს საქართველო დასაჯოს და როგორც პარტნიორი და სტრატეგიული ქვეყანა თამაშიდან გაიყვანოს?
- რა თქმა უნდა, ეს არის შურისძიება და ცდილობენ საქართველო რეგიონალურ კონტექსტშიც კი არ ახსენონ. აზერბაიჯანი და სომხეთი ჩაახუტონ ერთმანეთს, რომლებიც დანა-სისხლად არიან ერთმანეთს გადაკიდებულები. თამაშიდან უნდათ გაგვიყვანონ, არადა საქართველოა ერთადერთი საკვანძო და კარიბჭე ქვეყანა, რომელიც აზიას და ევროპას ერთმანეთს აკავშირებს. ამიტომ სრული მობილიზაცია მიდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად იყოს დასჯილი. ჩვენ რომ გვეგონა ზაფხული იქნებოდა პოლიტიკური არდადაგების პერიოდი, ასე არ გამოვიდა. არდადაგები მხოლოდ ჩვენი ოპოზიციისთვის არის, რომლის საარჩვენო კამპანიას, ფაქტობრივად, ბაიდენის ადმინისტრაცია ეწევა. გაკოტრებულ ოპოზიციას ქვეყნის შიგნით სათქმელი მოსახლეობისთვის არაფერი აქვს და აი, ამ განულებულ პოლიტიკურ სპექტრს ამერიკელები ყოველ დღე, რაღაცა ლუკმას უგდებენ, რომ მერე ამათ აქ იბოდიალონ, მათმა აგენტოკრატებმა რაღაცა პოლიტიკური ამინდი შექმნან.
ჰელსინკის კომისიამ ამერიკის სახლემწიფო მდივანს პირდაპირ მოსთხოვა ივანიშვილის დასანქცირება. ჩვენი ოპოზიცია არც მალავს, რომ მათ მოლოდინი აქვთ ეს მოხდეს 26 ოქტომბრამდე ან კიდევ არჩევნების შემდეგ დღეებში. რა დამოკიდებულება აქვთ ივანიშვილის პერსონის მიმართ ამერიკელებს და რა გეგმა შესაძლოა მის წინააღმდეგ ვითარდებოდეს?
- სუს-ში მიმდინარე გამოძიება აბსოლუტურად არ არის შეთხზული ან შემთხვევითი, იმ ყველაფრის ფონზე, რასაც 15 მაისს, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე თავდასხმის შემდეგ საფუძველი ჩაეყარა და რასაც გაგრძელება ორბანთან დაკავშირებით, ავარიის შემთხვევაში ჰქონდა. ასევე, გაიხსენეთ სერბეთის პრეზიდენტთან დაკავშირებული ინციდენტი, გაგრძელებული ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით და ასევე - ირაკლი კობახიძის მისამართით ე.წ. მეგობრული რჩევის სახით - ხომ ნახე ფიცოს რაც მოუვიდა. მათთვის ბიძინა ივანიშვილი ინტერესის ობიექტია.
ამ ორი მილიარდის დაყადაღების საქმით მათ ვერ მიაღწიეს იმას, რომ ივანიშვილი გაეტეხათ, დაეჩოქებინათ, ვერ წაიყვანეს იმ თამაშის ყაიდაზე, რომელიც მათ სურდათ. ღია წყაროებით უკვე გაჟღერდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი დანარჩენი აქტივები მოასწრო და ისეთ საბანკო სივრცეში გადაიტანა, რომელიც ამ „გლობალური ომის“ პარტიის მესვეურებისთვის მიუღწეველია. როგორც ჩანს, ეს ბერკეტი თუ ხელიდან გამოეცალათ, არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის თამაშიდან გაყვანის უკანასკნელ შანსად მისი ფიზიკური ლიკვიდაცია ჩათვალონ. ამიტომ ეს არ არის ზღაპარი.
ეს არის სერიოზული საფრთხე, რადგან მაისის თვიდან, სუვერენული სახელმწიფოს ლიდერებზე, რომლებიც მათ ინეტერესებს არ აკმაყოფილებს, პირდაპირ ნადირობაა გამოცხადებული. არ დაგვავიწყდეს ასევე ირანის პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება. ვინც კი გულზე არ ეხატებათ, 5 ნოემბრის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ყველაზე თავდასხმა განხორციელდა, ან გაუგებარ ვითარებაში დაიღუპა. ეს არ არის სახუმარო საქმე და საფრთხე რეალურია.
ირანი ახსენეთ და მინდა პრემიერ ირაკლი კობახიძის ირანში, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ვიზიტზე გკითხოთ. ამას უკვე ოპოზიციიდან და მესამე სექტორიდან შეფასებები მოჰყვა. მათ კიდევ ერთ დასტურად მიიღეს ეს ვიზიტი, რომ საქართველომ არსებულ საგარეო კურსს გადაუხვია. ალბათ, ამერიკიდანაც მივიღებთ ამის გამო საყვედურებს. თქვენი აზრით, რატომ იყო პრემიერი იქ ჩასული და რა სახის პოლიტიკური გზავნილია ეს?
- ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, ძალიან მძიმე სიტუაცია განვითარდეს მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებამ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასული ჰამასის ლიდერი ცინიკურად მოკლა. ეს ყველაფერი ვაშინგტონისთვის მღვრიე წყალში თევზის დაჭერის პროცესი წინასაარჩვენო პერიოდში მოხდება, რითაც საკუთარი ამომრჩევლის ყურადღების გადატანას შეძლებენ. ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს პრეიერ-მინისტრის ირანში ვიზიტი მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. ირანი, შესაძლოა, რეგიონალური დონის დაპირისპირებაში ჩაითრიონ. რა ღლიცინზე და ბულინგზეა საუბარი, როდესაც საქართველო ვალდებულია წინასწარ ყველა რეგიონალური რისკი გათვალოს.
სამხრეთ კავკასიის აფეთქების გეგმა, ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, დღის წესრიგიდან არსად გამქარალა. თურქეთის მედია საშუალებამ ყველას აცნობა, რომ არსებობს ამაზე ინფორმაცია - რადგან საქართველოსთან დაკავშირებით აფეთქების სცენარი და მეორე ფრონტის მცდელობა არ გამოვიდა, შესაძლოა, ეს სომხეთში განახორციელონ. ჩამოთვალეს მთელი რიგი პროცედურები, რა გეგმითაც ამის მცდელობა იქნება. ამიტომ არ უნდა ჩავიდეს პრემიერი ირანში და არ უნდა შეხვდეს ახლად არჩეულ პრეზიდენტს? ხომ უნდა გავიგოთ რას აპირებენ და რა მოვლენები შესაძლოა განვითარდეს, როცა ირანთან ასე ახლოს ვიმყოფებით? ჩვენ წამოვიწყეთ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტები, რომლის მშვიდობიანად განვითარება ჩვენს ინტერესებშია. ამიტომ ეს ვზიტი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არავის საქმე არ არის, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრემიერი ვის შეხვდება.
ამერიკის ამ რიტირიკიდან გამომდინარე ფიქრობთ, რომ ეს ადმინისტრაცია, თუკი „ოცნება“ არჩევნებს მოიგებს, არ აპირებს მის აღიარებას? ორი დღის წინ „ედისონ რისერჩის“ კვლევა ვიხილეთ, სადაც მათი მონაცემებით, რამდენიმე ოპოზიციური პარტია 5%-ის გადალახვას ახერხებს. ეს რეალურად თავად ოპოზიციამაც არ დაიჯერა, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ასეთი კვლევები საზოგადოების აზრის მომზადებისთვის ხდება. მოვლენების რა სცენარით განვითარებას ელით?
- რა თქმა უნდა, ამ სცენარით მოვლენების განვითარება მზადდება. ამ ყველაფერს კი იმდენად ღია და სასაცილო სახე აქვს, რომ იმავე „ედისონ რისერჩის“ ე.წ. კვლევებით, ყველაზე პოპულარულ ადამიანებს შორის ლომჯარია და მარგველაშვილი არიან დასახელებულები. ამ კვლევების დანიშნულებაა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ფეიკ ინფორმაციის შექმნა მოხდეს. ასევე, ამის დემონსტრირება იმ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხდება, რომელიც საქართველოში არჩევნების შედეგებით არიან დაინტერესებულები. მათ წინასწარ აჩვევენ იმას, რომ აი, ყველაზე პოპულარული პარტია ვითომ „ლელოა“ და ყველაზე პოპულარული ადამიანი ლომჯარიაა. ათასი ასეთი სისულელეებით საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობენ. 27 ოქტომბერს კი დაიწყებენ წივილ-კივილს, რომ ხომ ხედავთ, როგორ გააყალბეს არჩევნები. თუმცა არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალი სტანდარტით, უახლესი მეთოდით და ვერავინ ვერ შეძლებს ერთი არგუმენტის მოყვანასაც კი, რომ არჩევნები გაყალბდა.