კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ რამდენიმე საათში ამოქმედდება

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ რამდენიმე საათში ამოქმედდება

1 აგვისტოს უკვე ოფიციალურად ამოქმედდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ის მუხლი, რომელიც ორგანიზაციებს 2023 წლის დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს. უკვე მზად არის ტექნიკური ბაზა ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ, არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, კანონში არის გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა და ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია 25 ათასი ლარით ჯარიმდება.

ვინც დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მოუწევს ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, თუ ვისგან მიიღო კონკრეტული თანხები და რაში დახარჯა. რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს. ქვეყანაში საბანკო კონფიდენციალურობა დაცული არის სპეციალური კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს საბანკო სექტორს. აქედან გამომდინარე, კანონს ფინანსურ სექტორთან პირდაპირი შეხება ამ კუთხით არ აქვს.

ქართული არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ ისინი კანონს არ დაემორჩილებიან, რადგან თვლიან, რომ ფინანსები და მოქმედება გამჭვირვალეა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ენჯეო სექტორი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად პირდაპირ არი ჩართული საარჩევნო აგიტაციაში იმ გაუმჭვირვალე ფულით, რომელსაც იღებენ დონორებისგან. შესაბამისად, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს ქართული პოლიტიკა გაუმჭვირვალე ფულით.

„ერთ-ერთი ორგანიზაცია რეგისტრირდება საქართველოს ნაცვლად ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში. ანუ არ უნდა ერქვას, რომ არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია და პირდაპირ რეგისტრირდება უცხოურ ძალად. ეს ხომ სასაცილოც არ არის, არც სატირალი, არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. აქედან ჩანს, რომ ყველაფერი თითიდან არის გამოწოვილი. სინამდვილეში, ერთადერთი, რაც ადარდებთ კონკრეტულ დონორებსა და ორგანიზაციებს, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა.

მათ არ უნდათ, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორიც არის მიუღებელი პროპაგანდის დაფინანსება, ეკლესიის საწინააღმდეგო აგიტაციის დაფინანსება, რევოლუციის დაფინანსება, პოლარიზაციის დაფინანსება ამ ქვეყანაში, პოლიტიკური ინტერვენციის დაფინანსება რელიგიური სარჩულით. ფაქტები თუ გახდება ცნობლი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს არის პრობლემა დონორისთვის და ფულის მიმღებისთვის“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სწორედ ამ მოტივით მათ ურჩევნიათ, რომ შავმა ფულმა იტრიალოს საქართველოში და შავი ფულის წყალობით მოხდეს გარკვეული იდეების გავრცელება ქვეყანაში. კობახიძის პოზიციას იზარებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, როგორც ზოგიერთი NGO ამტკიცებდა, მილიარდები უნდა დასცემოდა თავს უცებ ისეთ ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს და მოლაპარაკებები დაიწყო. თუმცა, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს მილიარდები რატომღაც ან არ ეცემა მოლდოვას, ან არ იყენებენ, როგორც საჭიროა, ვინაიდან საქართველოს მოლდოვასთან შედარებით 7-ჯერ თუ 8-ჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. მისი თქმით, სწორედ ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა აქვს არჩეული.

„კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არათუ დაგვაზარალებს, პირიქით, უფრო გააძლიერებს სახელმწიფოს, ვინაიდან მოქალაქეებს ექნებათ მეტი ინფორმაცია თუ რა გავლენები არის პოლიტიკაში თუ მის მიღმა. საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რა გავლენები ხორციელდება, ვის მიერ არის ეს დაფინანსებული და ვინ დგას ამის უკან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატიაც კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც უფრო გამჭვირვალე იქნება.

ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე ეკონომიკური და პოლიტიკური. თუ ჩვენ ეკონომიკურად ვიყავით მაჩანჩალა ქვეყანა და პოლიტიკურად ვიყავით მოწყვლადი და სხვების გავლენების ქვეშ მყოფი ქვეყანა, ასეთ ქვეყანას არც ევროკავშირში მიიღებენ და არც სხვა რომელიმე გაერთიანებაში თუ კლუბში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მაშ ასე, კანონის ამოქმედება საჯაროს გახდის ინფორმაციას იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც უარს ამბობენ გაასაჯაროვონ ინფორმაცია თუ სად იხარჯება დონორების მიერ გადმორიცხული თანხა, ეს მაშინ, როდესაც ეს ორგანიზაციები დონორებს უზიარებენ ყველა ინფორმაციას.

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ფინანსურ გამჭვირვალობაზე სხვისთვის პასუხის მოთხოვნა, დაახლოებით ისეთივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უბიწოებაზე რომ გიკითხავდეს ლექციას.

„საკონსტიტუციო სასამართლოს არ მოუცია საფუძველი, ვთქვათ, რომ ის „ქოცებისგან“ დამოუკიდებელი უწყებაა. ყველაზე უცნაური ის გარემოებაა, რომ პრეზიდენტმა საბრძოლველად ის სასამართლო აირჩია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. დამატებითი ლეგიტიმაციის მიცემა იმ სასამართლოსთვის, სადაც შენ კონსტიტუციის დამრღვევად გამოგაცხადეს, რეკომენდირებული არ უნდა იყოს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

Gami ეს " ლიბერალი და დემოკრატი " ხვიჩია რატომ აბულინგებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს? რას ჰგავს ეს?! სად არიან გენდერისტები?!
4 თვის უკან