დღეს დილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც უწყება იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. სუს-ის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძე:
- ჩემი შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყებას ნამდვილად აქვს რეალური საფუძველი. ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებში, განსაკუთრებით - სამხედროებში, ასეთი განწყობები არსებობს და ამას საჯაროდაც აფიქსირებენ. რაც შეეხება ორგანიზებულ ღონისძიებას, მე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ პროცესების განვითარების ლოგიკა გვკარნახობს, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად იქნება ნაბიჯები გადადგმული.
- რას გულისხმობთ?
- უკვე ცხადი ხდება, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს, თუ ხელისუფლების ხერხემალი არსებულ ფორმაში დარჩება. სამწუხაროდ, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, როდესაც მავანნი ძალაუფლებას პოლიტიკური გზით ვერ მოიპოვებენ, სხვა ტიპის მოქმედებებზე გადადიან. ამის ნათელი მაგალითია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, რობერტ ფიცოზე თავდასხმა. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელმა მას ხუთი ჭრილობა მიაყენა. სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ, სიტყვით გამოსვლისას. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში იშვიათობას არ წარმოადგენს. დღევანდელი პროცესების განვითარების ლოგიკა კი სწორედ იმას გვკარნახობს, რომ მავანნი ხელისუფლებაში მყოფი ლიდერების განეიტრალებას შეეცდებიან.
- თუ გაქვთ ვერსია, ვინ შეიძლება იდგეს "ორგანიზაციებული ღონისძიების" უკან? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და „ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოს წინა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებზე აკეთებენ აქცენტს.
- მეც მაქვს ვარაუდები... როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავთან ვმსჯელობ, მსგავს საქმეებში ყველაზე გამოცდილი პერსონები მახსენდება, მაგრამ საჯაროდ გვარ-სახელებს ვერ დავასახელებ. ერთი მხრივ, შეიძლება, ვცდებოდე და იმავე წრიდან სხვა პირები იყვნენ ჩართულნი ამ კონკრეტულ ღონისძიებაში, მეორე მხრივ, შეიძლება არც ვცდებოდე და საგამოძიებო მოქმედებებს ხელი შევუშალო. მინიშნებით შემიძლია იმის თქმა, რომ საქმეში მესამე და მეოთხეხარისხოვანი ხალხია ჩართული, რომლებიც, ჩავარდნის შემთხვევაში, დამკვეთს ვერ დაასახელებენ. საჯარო სივრცეში ჩვენ ხშირად ვისმენთ რიგითი ყოფილი სამხედროებისა და სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც პოლიტიკაში ამინდს ვერ ქმნიან. შესაძლებელია მათი განწყობების გამოყენება, ისევე, როგორც მეთიუ კრუქსისა და უფრო ადრე - კენედის მკვლელობის დროს ლი ჰარვი ოსვალდის განწყობები გამოიყენეს. როგორც კენედის მკვლელობა არ იყო ერთი კაცის დაგეგმილი, ასევე, არა მგონია, ტრამპზე თავდასხმა ყოფილიყო მხოლოდ ამ ახალგაზრდა კაცის ორგანიზებული. მართალია, ოფიციალურად დღემდე არ არის დადასტურებული, რომ ლი ჰარვი ოსვალდის უკან ვინმე იდგა, მაგრამ ლოგიკა გვკარნახობს, რომ ის მარტო ვერ დაგეგმავდა პრეზიდენტის მკვლელობას.