მთავარი პროკურორი ადასტურებს, რომ 2000 წელს ნადვილად იმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შეემთხვა გერმანიის პოლიციასთან. ოთარ ფარცხალაძე თვლის, რომ მთავარი პროკურატურის მიერ რეზონანსულ საქმეებზე გააქტიურებულმა გამოძიებამ, ოპონენტები „გაანაწყენა“ და ისინი შეუდგნენ ბინძური ხრიკებით უწყების და პირადად მის კომპრომეტირებას. მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადება მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ დააკმაყოფილოს საზოგადოების მაღალი ინტერესი, რომელიც მისი თქმით, შეცდომაში იქნა შეყვანილი.
„2000 წელს ნადვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. მოგვიანებით დადგინდა, რომ სამართალდამცველს, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა.
მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია“, - აცხადებს ოთარ ფარცხალაძე და აქვე განმარტავს, რომ ეს განმარტება ეკუთვნის საზოგადოებას და არა იმ პირებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით ცდილობენ ჩემი და მთავარი პროკურატურის დისკრედიაციას.
როგორც ცნობილია, გიგი უგულავამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს აცნო, რომ მთავარი პროკურორი გერმანიაში ყაჩაღური ქურდობისთვის გასამართლებულია. უგულავამ იმ ციხის ფოტოც წარმოადგინა, სადაც ფარცხალაძე სასჯელს იხდიდა.
„საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე.
განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა. მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან, დაუყოვნებლივ რეაგირებას, რომ მოხდეს თანამდებობიდან ჩამოშორება ოთარ ფარცხალაძის, ვიდრე საზოგადოება სრულად მიიღებს პასუხს ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელ საქმეშიც მსჯავრდებულია გერმანიაში საქართველოს დღევანდელი მოქმედი მთავარი პროკურორი“, - განაცხადა ბრალდებულმა გიგი უგულავამ.
უფლებამოსილებაშეწყევტილ მერს იმედი აქვს, რომ იუსტიციის მინისტრი „გაასიგრძეგანებს იმ ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია, როგორც მთავარი პროკურორის წარმდგენს და ამ საქმეს გერმანიიდან გამოითხოვს“. მიმართავს, თუ არა იუსტიციის მინისტრი გერმანიის შესაბამის ორგანოებს იმის გასარკვევად, მართლა იყო თუ არა მსჯავრდებული ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში 2001 წელს ყაჩაღური ქურდობისთვის, ამ კითხაზე პასუხი თეა წულუკიანის შვებულებიდან დაბრუნების შედეგ გახდება ცნობილი.
შს მინისტრი ამბობს, რომ მთავარი პროკურორის ნასამართლეობით პირადად არ დაინტერესებულა. როგორც ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი გადასამოწმებელია და გადამოწმდება.
„მთავარი პროკურორი ნასამართლევი არ არის, ამიტომ მას შეუძლია მუშაობა. გადასამოწმებელია, არსებობდა თუ არა ძველი ნასამართლეობა, რომელიც შესაძლოა, უკვე გაქარწყლებულია. თანამდებობაზე მისი ყოფნით კანონი არ ირღვევა. ბატონი ოთარი არის უაღრესად კარგი, გულმოდგინე პატრიოტი თავისი ქვეყნის, კარგი სპეციალისტია და ვიმედოვნებთ, მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას“, - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
პროკურატურის მხრიდან გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა საიას ხელმძღვანელი. როგორც კახა კოჟორიძე აცხადებს, დამაფიქრებელია ის განცხადება, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.
„მასში ნათქვამია, რომ ფარცხალაძის შესახებ ინფორმაცია არის პროკურატურის დისკრედიტაციისკენ მიმართული, ის კი არ არის ნათქვამი, რომ მართალია თუ არა, არამედ ის, რომ დისკრედიტაციის მცდელობაა, მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს კითხვაზე პასუხი – მართალია თუ არა. საიას ფარცხალაძის ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული დღემდე არ არის. გადასამოწმებელია როგორც ის ფაქტი, არსებობს თუ არა ოთარ ფარცხალაძის ნასამართლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ისიც, ნამდვილად მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეეხება თუ არა ეს ინფორმაცია.
არასწორი იყო იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დამოკიდებულება თავის დროზე ამ საკითხისადმი, როდესაც მან მთავარ პროკურორად მისთვის პრაქტიკულად უცნობი ადამიანი წარადგინა. ეს არ იყო საქმისადმი სწორი დამოკიდებულება. კანონმდებლობაში მითითებულ ჩანაწერს, რომ იუსტიციის მინისტრი წარუდგენს მთავარი პროკურორის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრს, მხოლოდ ფორმალური დატვირთვა არ აქვს. ვფიქრობთ, რომ მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო, როგორც პრემიერის, ასევე იუსტიციის მინისტრის მხრიდან, როდესაც მთავარი პროკურორის შერჩევაზეა საუბარი“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
„სტუდია მონიტორის“ ხელმძღვანელის, ნინო ზურიაშვილის ინფორმაციით, მთავარი პორკურორის, ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობის საკითხზე გერმანულ მხარესთან მიმოწერა აქვთ. მისივე ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას 2013 წლის ოქტომბრიდან ცდილობენ.
„ჩემთვის ცნობილი იყო ფარცხალაძის საქმის ნომერი, ქალაქის სახელწოდება და მხოლოდ ამ ნომრის მიხედვით მოვითხოვეთ აუგსბურგიდან ინფორმაცია ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ. 15 ნოემბერს კი აუგსბურგის სასამართლოდან მიღებული წერილში მითითებული: „ოთარ ფარცხალაძე - ძარცვა ძალადობის გამოყენებით“, თუმცა ამავე წერილში პროკურატურა საქმის დეტალების გასაცნობად მეტ დასაბუთებას ითხოვს.
ჩვენი მეორე წერილის შემდეგ (სადაც დასაბუთება ვცადეთ) პროკურატურის პრესსპიკერმა მოგვწერა, რომ პირადი ინფორმაციის შემცველ ცნობებს არ გასცემდნენ. „სტუდია მონიტორი“ გერმანიაში ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას დღემდე ცდილობს“, - აღნიშნა ნინო ზურიაშვილმა.
საიას თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოთარ ფარცხალაძის გერმანიაში ნასამართლობა დადასტურდება, მაშინ იუსტიციის მინისტრმა და პრემიერმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოფნა სამართლებრივად კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა, საზოგადოების ნდობაზე მთავარი პროკურორის ნასამართლობის საკითხი დადებითად ვერ იმოქმედებს. კახა კოჟორიძის განცხადებით, დანარჩენ ინფორმაციას, რაც მათ აქვთ, უახლოეს დღეებში გაამჟღავნებენ.
რა ინფორმაციას ფლობს დამატებით კოჟორიძე ფარცხალაძესთან დაკავშირებით, უცნობია. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრი ვარაუდობს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ბრალდებები შეთხზულია. მაია ფანჯიკიძის ყურადღება რამდენიმე ფაქტმა მიიპყრო, რომლებიც არადამაჯერებლად ეჩვენება.
„პირველი არის ის, რომ იქ მოცემულია საქმის ნომერი და მე გერმანიაში დიდი ხნის მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით შემიძლია გითხრათ, რომ პერსონალური მონაცემების მოპოვება ძალიან რთულია. გარდა ამისა, ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ქვეყნის სასამართლოს ჰქონდეს უფლება, სხვა ქვეყნის მოქალაქეს აუკრძალოს არჩევნებში მონაწილეობა და თანამდებობის დაკავება ასეთი ხანგრძლივი ვადით. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მთელი ეს ამბავი შეთხზულს ჰგავს“, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
„უმჯობესია გიგი უგულავამ ბიუჯეტიდან გაფლანგული 70 მილიონი ლარის თაობაზე არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა უგულავას მიერ მთავარი პროკურორის წარსულში ნასამართლევობის საკითხზე გავრცელებული ინფორმაციას. ხადური უგულავას განცხადებას ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს და განმარტავს, რომ იგი ფარცხალაძესთან დაკავშირებით მსგავს ინფორმაციას არ ფლობდა.
„არც შეიძლებოდა მქონოდა მსგავსი ინფორმაცია. მე შეგახსენებთ, რომ ბატონი ფარცხალაძე ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობს საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე და მათ შორის ღირსების ორდენითაა დაჯილდოვებული. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი ისევე როგორც ბატონმა უგულავამ უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვას იმ საკითხებზე, რომლებსაც მას ედავება პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციაა თავად უმრავლესობაში. პარლამეტის თავმჯდომარის თანაშემწე, დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ თუ უგულავას მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეა, ფარცხალაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.
„თუ ბატონ ფარცხალაძეს ტყუილუბრალოდ აბრალებენ გერმანიაში ყაჩაღობისთვის ნასამართლეობას, მაშინ ამის შესახებ დაუყონებლივ უნდა გაცხადდეს სათანადო მტკიცებულებებით და ბატონ უგულავასაც მოეკითხოს პასუხი ცილისწამებისთვის და თუ ეს სიმართლეა, მაშინ ბატონმა პროკურორმა უნდა დატოვოს თანამდებობა. არანაირი სხვა პასუხი ამ შემთხვევაში არ მიიღება“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.
სამართლის ექსპერტი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ პირველ რიგში, დასადგენია ამ დოკუმენტების ნამდვილობა. ერთია, რომ არსებობს დოკუმენტი, მეორე არის თუ არა ის ნამდვილად გერმანიის სასამართლოს განაჩენი და ამავდროულად, არის თუ არა იქ ხსენებული ოთარ ფარცხალაძე ის, რომელიც დღეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მუშაობს.
„ხომ შეიძლება, უბრალოდ სახელი და გვარი დაემთხვეს?! მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხის შესწავლაა საჭირო და თუ დადგინდა, რომ ეს ნამდვილად ის პიროვნებაა, უკვე თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესახებ და ასევე იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელმაც ის წარადგინა ამ თანამდებობაზე. ფარცხალაძის ნასამართლევობის შესახებ დოკუმენტი ბუნდოვანია. კერძოდ, პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
იმ განაჩენში, რომელიც გავრცელდა, წერია, რომ ძირითადად სასჯელთან ერთად, იმ ფარცხალაძეს, რომელიც მითითებულია განაჩენში, უნდა შეეზღუდოს პასიური საარჩევნო უფლება. პასიური საარჩევნო უფლება ნიშნავს, რომ ის არ შეიძლება, იქნეს არჩეული თანამდებობაზე. თუ ის არ იყო გერმანიის მოქალაქე და ამ შემთხვევაში ჩანს, რომ ის არ იყო გერმანიის მოქალაქე, როგორ უზღუდავს გერმანიის სასამართლო უფლებას იმ ადამიანს, რომელსაც ასეთი უფლება ისედაც არ ჰქონდა?! ამიტომ აქ რაღაც გასარკვევია და სასამართლო გადაწყვეტილების ავთენტურობა უნდა დადგინდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურის პირველი პირის მიმართ კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს.
„პროკურატურის პოზიცია, რომ ეს არის შეთითხნილი, რადგან ფარცხალაძის მიმართ კამპანია დაიწყო, არ არის საკითხის გადამოწმებისთვის საკმარისი. ჭეშმარიტება მხოლოდ ამ საკითხის საბოლოო შესწავლით დადგინდება. არ მინდა, მთავარ პროკურორს თუნდაც მშრალი განცხადებებით გაჰყვეს შლეიფი, იმიტომ, რომ დიდი ამოცანების წინაშე დგას საქართველოს პროკურატურა და ეს თუ არ გაირკვევა, ყოველთვის იქნება თემად“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.