ვახტანგ ძაბირაძე: უზრა ზეია ანუ სინამდვილეში რა მისიით ჩამოვიდა ამერიკელი მაღალჩინოსანი თბილისში?!

ვახტანგ ძაბირაძე: უზრა ზეია ანუ სინამდვილეში რა მისიით ჩამოვიდა ამერიკელი მაღალჩინოსანი თბილისში?!

“ჩემი აზრით, ასეთი მაღალი რანგის მოხელის საქართველოში ჩამოსვლას ხელისუფლებასთან ურთიერთობის გარდა, სხვა გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ეს ვიზიტი გამიზნული იყო არა მარტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დასამყარებლად, არამედ მოსახლეობის ფართო აუდიტორიის ინფორმირებისთვის, რამეთუ ჩვენს ხალხს გაცილებით კარგად დაენახა, რა ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცდილობს საქართველოსთან აშშ და ამ ურთიერთობების შედეგად მას რა მოლოდინი აქვს. ის სამი გზავნილი, რაც ქალბატონმა უზრა ზეიამ გაახმაურა, ჩვენთვის, პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ჩახედულთათვის, ისედაც ცხადი იყო, მაგრამ ამას ისევ და ისევ გაესვა ხაზი, რადგან ჩვენი ხელისუფლება კვლავინდებურად ცდილობს საზოგადოება შეაცდინოს თავისი თავხედური, ანტიდასავლური პროპაგანდით, რითაც, შეიძლება ითქვას, ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა...” - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით უზრა ზეიაანუ სინამდვილეში რა მისიით ჩამოვიდა ამერიკელი მაღალჩინოსანი თბილისში?!

“სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სავსებით ნათელი განცხადებები გააკეთა როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების გასაგონად. თუ ამას `ქართული ოცნება~ ისევ არ გაითვალისწინებს და ისევ გააგრძელებს ამ გაუგონარ პოლიტიკას, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ პარტნიორული ურთიერთობები დასავლეთთან, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, ვეღარ გაგრძელდება. ცხადი იყო აქამდეც, რომ დასავლეთს, კერძოდ, აშშ-ის ხელისუფლებას, ჩვენს დასავლური გზიდან გადახვევაზე აუცილებლად ექნებოდა რეაქცია. ვფიქრობ, ეს სულ უფრო მძიმე სახეს მიიღებს, თუ ხელისუფლება გონზე არ მოეგება. არ ველი, რომ “ქართული ოცნება” ხვალიდან ისევ დასავლურ რელსებზე დადგება, მაგრამ, ვიმედოვნებ, რაღაცას მაინც შეცვლის - სხვა თუ არაფერი, ამ შეურაცხმყოფელ ბრალდებებს მაინც მოეშვება. ჩემი აზრით, კულუარულად აუცილებლად იქნებოდა ლაპარაკი არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნებისთვის” უსაფრთხოების გარანტიებზეც. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რა იქნება არჩევნებზე და როგორ გადაწყდება უახლოესი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის საკითხი. ჩემი აზრით, ამ შეხვედრის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა და ანტიდასავლური რიტორიკის შერბილება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“არ გამოვრიცხავ, პირისპირ საუბრისას სცადეს დაერწმუნებინათ ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომ ეს რიტორიკა თითქოს რუსეთის შესაძლო აგრესიის შესარბილებლად სჭირდებათ, ამის მიღმა კი ისინი დასავლური კურსის ერთგული არიან, თუმცა ამას ბავშვიც აღარ დაიჯერებს. ამ ვიზიტის დროსაც გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, როგორ ჩატარდება არჩევნები ოქტომბერში და პირველ ყოვლისა ქართველი საზოგადოების რა რეაქცია მოჰყვება მის შედეგს... “ოცნების” ხელისუფლებამ არაფერი შეისმინა და პარტნიორები იძულებული გახდნენ გადასულიყვნენ მოქმედებებზე. კარგა ხნის განმავლობაში `ქართული ოცნება~ ცდილობდა ჩვენი საზოგადოების დარწმუნებას, თითქოს ჩვენი პარტნიორები მხოლოდ განცხადებებს დასჯერდებოდნენ და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ისინი იძულებული გახადეს არა მხოლოდ გადაწყვეტილებები მიეღოთ, არამედ საჯარო განცხადებებიც გაეკეთებინათ, რათა ქართველ საზოგადოებას გაეგო, რა პრეტენზიები აქვს დასავლეთს ჩვენს ხელისუფლებასთან. განემარტათ, მართლა "ომის პარტიას" წარმოადგენენ და ჩვენს იდენტობას ემუქრებიან, თუ ბოლო 30 წლის განმავლობაში გვეხმარებოდნენ განვითარებაში, სახელმწიფოებრიობისა და სწორედ რომ იდენტობის შენარჩუნებაში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოცნება” ღრმა ჩიხში შევიდა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, როცა პარტნიორს “მტერს” და “ომის პარტიას” უწოდებ, მისგან პარტნიორულ ურთიერთობას აღარ უნდა დაელოდო. შექმნილი უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა ძალიან გაჭირდება, თუმცა ვიმედოვნებ, “ოცნება” მომავალ არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვებს. ჯერჯერობით, ოპოზიცია სწორი მიმართულებით ყალიბდება. ჩემი აზრით, ბოლო აკორდი დარჩა, თუ მასაც სწორად “აიღებენ”, “ქართულ ოცნებას” გამარჯვების შანსი არ დარჩება... ჩვენ დროს ვკარგავთ არა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ და საჭირო დროსაც ვკარგავთ. ისევ ღრმა ჭაობში შევდივართ, ამიტომაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის "ქართული ოცნება" გახდა უცხო პოლიტიკური ძალა, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასეთ ვითარებაში როგორ აპირებენ არჩევნებზე გასვლას, ძალიან საინტერესოა. მაგათი პროპაგანდა აღარ მუშაობს. თუ სადღაც კიდევ მუშაობს, ჩემი აზრით, ისეთი მცირე შედეგი მოაქვს, რომ “ქართულ ოცნებას”არ უშველის”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “როგორ შეიძლება აიხსნას “ოცნების~ ბოლოდროინდელი პოლიტიკა: როგორც პრორუსული კურსი, თუ დიდ გეოპოლიტიკურ რუკაზე პოლიტიკური ბალანსის პოვნის მცდელობა?” - პასუხობს:

“ამაზე მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოვთქვათ. ერთი ნამდვილად ცხადია, ვინაიდან ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ერთი პირია, ეს ყველაფერიც სწორედ მას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ყველაზე დამაჯერებელი ვერსია მაინც ის არის, რომ შესაძლოა ივანიშვილს რუსეთიდან მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ. დააკვირდით, მისი შვილები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტული - ერთი საფრანგეთშია, მეორე ბრაზილიაში, მესამე აშშ-ში, უმცროსი კი საქართველოში... ისეთი შთაბეჭდილება რჩება, გადამალული ჰყავს შვილები. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევაც სწორედ ამით აიხსნება - ივანიშვილის უსაფრთხოების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა. რუსეთი, მოგეხსენებათ, რა ქვეყანაც არის და მისი სპეცსამსახურებიდან მსგავსი მუქარაც და მისი შესრულებაც სრულიად მოსალოდნელია. გარდა ამისა, მისთვის გაურკვეველია, რა მოხდება უკრაინა-რუსეთის ომში, ამიტომ ცდილობს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი იმის იმედით, რომ ამგვარად რუსეთს არ გააბრაზებს, გაბრაზებული დასავლეთისგან კი დიდ საფრთხეს ვერ ხედავს და შემორიგების იმედიც აქვს”.

“კიდევ ერთი ვერსია ის არის, რომ ხელისუფლებაში ჩამოყალიბდა კლანი (ეს ახალი არ არის, იგივე ხდებოდა სხვა ხელისუფლებების დროს), რომელიც დაინტერესებულია თავისი ეკონომიკური სარგებლით, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველაფრის გამო ხელს ბიძინა ივანიშვილს შეახოცავენ. ამასთანავე, შესაძლოა ივანიშვილი ეძებს გარანტიებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ისევე, როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა, როდესაც მათ ხელისუფლებიდან წასვლამ მოუწიათ... ვერ გამოვრიცხავთ, ცდილობდეს დასავლეთისგან გამოივაჭროს ეს გარანტიები დამარცხების შემთხვევაში. რაც შეეხება ოპოზიციას, ძალიან კარგია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ბაზაზე 2 პოლიტიკური ძალა შეიქმნა. ორივე მუშაობს “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველზე, რომელიც არის ძალიან მყარი და ერთგული. როდესაც ვთქვი, პროცესი სწორად ვითარდება-მეთქი, ვიგულისხმე, რომ აუცილებელია მაქსიმალურად მოხერხდეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მისვლა არჩევნებზე, თან ისე, რომ არავის ხმა არ დაიკარგოს, ანუ ყველა ანგარიშგასაწევმა ძალამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა, აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი გაერთიანებების შექმნა და ელექტორალური რესურსის სრულად ათვისება. მიმაჩნია, რომ ეს ორი ძალა ე.წ. ნაციონალური ელექტორატის სრულ მობილიზებას შეძლებს. ამ ფლანგზე არის კიდევ ერთი პარტია, “ევროპული საქართველო”, უმჯობესი იქნება, ის ერთ-ერთ ამ ცენტრში გაერთიანდეს, რადგან, ფაქტია, ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“ვფიქრობ, არც “ნაციონალური მოძრაობის” ახალ პლატფორმას და არც “ახალთან” შექმნილ გაერთიანებას არ გაუჭირდება საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ახლა საინტერესოა, ვინ იქნება პირველი და ვინ -_ მეორე. ვიმეორებ - ოპოზიციური ძალების უმთავრესი ამოცანაა, მათ ხმები არ დაკარგონ, ანუ ყველამ, ვინც ოპოზიციიდან მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. რჩება ელექტორატის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ე.წ. შუაშისტური ამომრჩეველი. სწორედ ამიტომ არ მივესალმებოდი “ახლების”, “დროასა” და “გირჩი - მეტი თავისუფლების” გაერთიანებაში “ლელოს” შესვლას. “ლელო” ამ გაერთიანებას ბევრს ვერაფერს შესძენდა, მაგრამ ელექტორალურად ბევრს დაკარგავდა. მნიშვნელოვანია, რომ “ლელომ” გაერთიანება ჩამოაყალიბოს გახარიას პარტიასთან, ასევე ანა დოლიძისა და ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურ ძალებთან. თუ ეს ჯგუფი შეიკვრება, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციური ელექტორატის შუაშისტურ ნაწილს ეს გაერთიანება სრულად წაიღებს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ანუ, ერთი მხრივ, სრულად ათვისებული “ნაციონალური” ელექტორატი და მეორე მხრივ, ეს გაერთიანება ნიშნავს, რომ გადასანაწილებელი ხმები, ფაქტობრივად, აღარ დარჩება. არჩევნებში ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ისინი 0,01%-საც ვერ აიღებენ, შესაბამისად, მათ გამო არც ოპოზიციური ხმები დაიკარგება. ამაზე უნდა იფიქრონ “ლელოსა” და გახარიას პარტიაში. ჩვენ ვდგავართ ძალიან რთული არჩევნების წინაშე, მათ ახლა სოციალური გამოკითხვებით, ცალ-ცალკე შეიძლება 5%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამდენივეს მიღებას შეძლებენ არჩევნებზე, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს მმართველი პარტია. ისინი მზად უნდა იყვნენ ბრძოლისთვის, რაც ერთიანი ძალით გაცილებით ადვილი იქნება. როდესაც ვახსენე, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ბოლო აკორდია ასაღები-მეთქი, სწორედ ამ გაერთიანების შექმნას ვგულისხმობდი. ვიმედოვნებ, საკუთარ ამბიციებს და ურთიერთწყენას დაივიწყებენ “ლელოსა” და გახარიას პარტიაში და შეძლებენ თანამშრომლობას”, - დასძენს ექსპერტი.

თომა ამან უკვე აფრინა, მტრედები. 🤣🤣
5 თვის უკან
Gami "შვილები გადამალული ჰყავს" -- მაგრამ ძაბირაძემ იცის სად არიან... სხვა არავინ!! ავოე!
5 თვის უკან