საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსთან 32-წლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს. ქვეყანამ 1992 წლიდან დღემდე გრძელი და მნიშვნელოვანი გზა განვლო. საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლში.
1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანამ თავისი ისტორიული არჩევანი გააკეთა და პროდასავლური კურსი აიღო. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და დემოკრატიული განვითარება ყოველთვის საფრთხის წინაშე იდგა. სწორედ ამიტომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების ძიება ევროატლანტიკურ სივრცეში დაიწყო. ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება, როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს -NACC).
1994 წელს საქართველო ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP - Parntnership for Peace) პროგრამას შეუერთდა. 1996 წლიდან საქართველო აქტიურად მონაწილეობს და მასპინძლობს PfP პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთნებს. 1999 წლიდან საქართველო ნატოს „დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში“ (PARP-Planning and Review Process) მონაწილეობს.
2002 წელს ქ. პრაღაში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველომ პირველად გააჟღერა ნატოში გაწევრიანების სურვილი. 2004 წელს საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ნატომ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა. აღნიშნული თანამშრომლობის ინსტრუმენტი წარმოადგენდა დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას, რომლის ფარგლებში საქართველომ ალიანსის წინაშე კონკრეტული ვალდებულებები აიღო.
2006 წელს ქ. ნიუ-იორკში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთან დაეწყო „ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე“. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად საქართველო ფორმალურად გადავიდა პარტნიორობის ფორმატიდან ალიანსის წევრობის კანდიდატის - ასპირანტის ფორმატზე, რაც გულისხმობს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას.
2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა“. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილს, რომელმაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანი სიცხადე შეიტანა.
2010 წლის აგვისტოში ნატოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა (MC+GEO Work Plan) შემუშავდა, რომელიც სამხედრო სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მთავარ ამოცანებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავდა.
2010 წელს თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი გაიხსნა, რომლის მთავარი ამოცანა საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ნატოში საქართველოს გაწევრიანების ხელშეწყობაა. 2011 წლის 7 დეკემბერს ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის. მინისტერიალის გადაწყვეტილებით, საქართველო ფორმალურად მოიხსენიეს ასპირანტ ქვეყნად, მონტენეგროსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან ერთად.
2014 წლის 4-5 სექტემბერს ნატოს უელსის სამიტზე მიიღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP-Substantial NATO-Georgia Package) შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მომზადება გაწევრიანებისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. ალიანსმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და კიდევ ერთელ გაუსხვა ხაზი საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.
საქართველო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი პარტნიორი, სხვა ოთხ ქვეყანასთან - შვედეთან, ფინეთან, ავსტრალიასთან და იორდანიასთან ერთად „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორების“ ჯგუფში მიიწვიეს, რომლის ფარგლებში ქვეყანამ ნატოსთან თანამშრომლობის უფრო გაფართოებულ შესაძლებლობები მიიღო. 2015 წელს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს განცხადება „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
მოკავშირეებმა კვლავ გამოხატეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და ითქვა, რომ „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“ MAP წარმოადგენს საქართველოს ნატოში მიწვევის თაობაზე მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილს. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა პირველად, საჯაროდ დაადასტურეს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. მინისტერიალის შედეგად მიღებულ დოკუმენტში, ნატოს წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ხაზი გაუსვეს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების პროცესს.
თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველომ ღიად თქვა, რომ არ ერთვება რუსეთ-უკრაინის ომში, ნატომ საქართველოს მიმართ პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა და ამას ადასტურებს ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომლის თანახმად დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. მეტიც, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა.
„საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა. ამის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა“, - წერს ლუკ კოფი X-ზე.
ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის გადაწყვეტილებას პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი: „ცრუ ბრალდებების და დეზინფორმაციის ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს, რა არის სიმართლე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, 2015-2021 წლებში, საქართველო, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა, თავად ნატოს წევრებთან შედარებით კი მეოთხე ვიყავით აშშ-ს, გერმანიის და იტალიის შემდეგ.
აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ ვინ რა სირთულის დავალებებს ასრულებდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ისტორიები და გაღებული მსხვერპლი ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს. ცალკე ისტორიაა, თუ რა როლი შეასრულა საქართველომ 2021 წელს ავღანეთიდან ნატოს ჯარების სწრაფი გამოსვლის უზრუნველყოფაში. ისიც კარგად გვახსოვდეს, რომ დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია ვუსწრებთ ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
როგორც თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, ნატოს კომუნიკეში საქართველოს საკუთარი ადგილი აქვს.
„ნატო მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას, რაც ნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო თავისუფალია მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს. დოკუმენტი, რომელიც 75-ე საიუბილეო სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა, თავისი ფორმატითა და შინაარსით განსხვავებულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც აქამდე ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულა. დოკუმენტში საქართველოს საკუთარი ადგილი აქვს.
მნიშვნელოვანია, არსებობს მკაფიო განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყოს გაყვანილ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები. რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებითაც, ასევე, არსებობს ჩანაწერი, შეიძლება ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ ნატო აღნიშნავს იმას, რომ ყველა სახელმწიფო თავისუფალია მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს და შესაბამისად, ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ესეც ნახსენებია“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
რადიკალური ოპოზიციის შეფასებით, ნატო-ს სამიტების დეკლარაციაში ეტაპობრივად ჩანს, როგორ ღალატობს „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესებს, როგორ უახლოვდება რუსეთს, და, რომ ქვეყანამ პოლიტიკური ორიენტაცია შეცვალა. რადიკალების განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ჩაიკეტა, ნატო-ს კარი ჩაიკეტა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკური ორიენტაცია, ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა არაერთი გაფრთხილება, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ნატო-ს კარი დაიკეტებოდა. როგორც აქუბარდია ამბობს, დღეს ნატო-ს კარი საქართველოსთვის დახურულია.
„2008 წლის დაპირება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, სამიტის დეკლარაციაში აღარ არის. საქართველო აღარ არის მოხსენიებული შავი ზღვის ქვეყნებში, არც პარტნიორ ქვეყნებთან, ბოსნიასა და მოლდოვასთან ერთად. ერთადერთი დაპირება არის, მოლდოვასთან ერთად, რუსული ჯარების გაყვანის თაობაზე. „ქართულმა ოცნებამ“ კრემლის ოცნება შეასრულა და დღეიდან ნატო-სკენ 22-წლიანი გზა დახურულია, რუსული კანონიდან და დასავლეთზე თავდასხმიდან გამომდინარე“, - ამბობს თეონა აქუბარდია.
კარი, რომელიც ოპოზიციის შეფასებით, საქართველოსთვის ღია იყო, პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, არც არასოდეს არ ყოფილა ღია და არც არასოდეს არ გაიღება. პოლიტოლოგის შეფასებით, ვინც ამას ვერ ხვდება, მან არც გეოგრაფია იცის, არც გეპოლიტიკა და ზოგადად, არც ის პროცესები იცის, რაც მიმდინარეობს მსოფლიოში.
„ეს არის შიდა პოლიტიკური მართვისთვის გამოყენებული თემა. საქართველოს ნატოში და ევროკავშირში რომ არ მიიღებდნენ, ეს თავიდანვე გასაგები იყო. მიღება თუ უნდოდათ ამდენი ხანი უნდა მიეღოთ. ის, რომ ჩვენ ნატოში და ევროკავშირში არ მიგვიღეს ამდენი ხანი, ნიშნავს იმას, რომ არ უნდათ მიღება. აქ არაფერ შუაში არ არის ჩვენი შიდა პრობლემები. უარესი პრობლემები აქვს ბულგარეთს, რუმინეთს, მოლდავეთს, აღარაფერს ვლაპარაკობ უკრაინაზე. აქ ეს არის უბრალოდ შიდა პოლიტიკური მართვის ფორმულები, რომ თქვენ მთლიანად თუ აღმოფხვრით კორუფციას, ძალიან ჭკვიანი მაიმუნები ნუ იქნებით, აი, მაშინ მიგიღებთ“, - აცხადებს მანჯავიძე.
„აქ ლაპარაკია გეოპოლიტიკურ გეოგრაფიულ მიზეზებზე. გარდა ამისა, ევროკავშირში მიღება თავისთავად არაფერს ნიშნავს, მთავარია როგორ შეხვალ და რა სტატუსი გექნება.
ამ ვითრებაში, როდესაც თურქეთი არ არის ევროკავშირში, ამაზე ლაპარაკიც სისულელედ მიმაჩნია, მით უმეტეს იმ პირობებში, როგორი ვითრებაა უკრაინაში და როგორი ესკალაცია მიმდინარეობს - სულ სხვა პროცესი მიდის. კიდევ ერთელ, ეს იმისთვის გააკეთეს, რომ საქართველოში მოხდეს დაპირისპირება და განვითარდეს რევოლუციური სცენარი, რაც მათ გეპოლიტიკურ ინტერესებში შედის. ძალიან პრაგმატული გათვლაა, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ წამოვეგოთ ამას. რაც შეეხება ოპოზიციას, ესენი არიან დაავადმყოფებული ადამიანები, მე მათ ნორმალურ ხალხად არ მივიჩნევ. მათთვის მთავარია არა საქართველოს კეთილდღეობა, არამედ მათთვის მთავარია, რას იტყვიან თეთრი შაჰიდები დასავლეთიდან, სამწუხაროდ, ეს არის მათი მონური მდგომარეობის გამოვლინება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.