რისთვის ჩამოვიდა საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ეზრა ზეია, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლამდე ხელისუფლების მისამართით საკმაოდ კრიტიკული „ტვიტი“ გაავრცელა“ ზეიამ თბილისში ჩამოსვლისთანავე, პირველად შტატების საელჩოში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიღო. აუდიენციის დასრულების შემდეგ, ენტონი ბლინკენის მოადგილემ, საკუთარი პოზიცია პლატფორმა „იქსზე“ გააზიარა.
ეზრა ზეია მესამე სექტორის წევრებს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მთავარ აქტორებად მიჩნევს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ინფორმაცია ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებისგანაც მიიღო. სანქციები და არჩევნებზე სადამკვირვებლო მხარდაჭერა - ეს თემები ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დიალოგის მთავარი თემა იყო.
პოლიტიკოსების აზრით, შტატების მხარდაჭერა და ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტების კიდევ უფრო აქტიურად ამუშავება ოპოზიციური ფლანგის წარმატებისთვის აუცილებელი იქნება. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მმართველი პარტიის წევრი ქალი დეპუტატებისგანაც მოისმინა.
„თბილისი მერიოტში“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრებმა თქვეს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანს დაუმახინჯებელი და ფაქტებზე დაფუძნებული ცნობები გადასცეს. უმრავლესობის წევრები შტატებთან პარტნიორული პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ იმასაც, რომ მეგობარმა ქვეყანამ ხისტი ნაბიჯების გადადგმამდე, ოკუპაცია და საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობაც უნდა გაითვალისწინოს.
ზეია დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
ბლინკენის მოადგილე წერს, რომ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დაცვაზე ისაუბრა პრეზიდენტთან.
„ღია გაცვლა საქართველოს პრეზიდენთან საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაცავად. აშშ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა ურყევია“, - წერს ეზრა ზეია.
შეხვედრის შესახებ ასევე ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული მობილიზაცია, არასამთავრობო სექტორის, ახალგაზრდებისა და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ ევროპულ არჩევანს.
ზეია 12 ივლისს პრემიერ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქრათველოში რეალური ინფორმაციის მისაღებად არის ჩამოსული.
„ამერიკაში ახლა საქართველოდან ურთიერთგამომრიცხავი ინორმაციები და იმპულსები მიდის. ერთი - ოფიცილური ხელისუფლებიდან, მეორე - ოპოზიციის აზრი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ამიტომ ყველაფერს ამას ობიექტური შეჯამება სჭირდება, რათა ამერიკის პოლიტიკა სამართლიანი და მომავალზე ორიენტირებული იყოს.
ამერიკამ არაერთხელ განცახადა, რომ ის არ აპირებს, აქ მუშაობის შეწყვეტას, შესაბამისად, მას სჭირდება ორიენტირი, რის გამოც სახელმწიფო მდივნის მოადგილე გამოგზავნა. ამიტომაც ხვდება ეს ქალბატონი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ სპექტრს და მესამე სექტორს. ფაქტია, რომ იქ სრულიად სხვადასხვა ინფორმაციები მიდის და ამ ყველაფერმა ორი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ეჭვი არ მეპარება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებსაც ეს დაპირისპირება არანაირად არ სურთ. სრულიად ობიექტურია, რომ არსებობდეს ხალხი, რომელთაც უფრო მეტი ინფორმაციის მიღება სურდეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე“, - ამბობს მენაღარიშვილი.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძესთან მაინც და მაინც ცვლილებებზე და პოლიტიკის გადატვირთვაზე არ იქნება საუბარი. მენაღარიშვილი ამბობს, რომ საუბარი გეზის გასწორებაზეა და დამატებით თანამშრომლობაზე დაზუსტება იქნება. არის თუ არა ისევ ორივე ქვეყანა მზად იმისთვის, რომ ურთიერთობა გააგრძელონ. ამიტომ ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა ყოფილი მინისტრისთვის მნიშვნელოვანია.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბარი, ალბათ, უკვე გვიანია. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან გამომდინარე, ეზრა ზეია არ არის იმ დონის ჩინოვნიკი, რომ მასთან გადატვირთვაზე საუბარი იყოს.
„ჯეისონ ბრაიანი, ან ბლინკენი რომ ჩამოსულიყო, მაშინ კი, ბატონო, მეორე აზრი არ არსებობდა იმაზე, რომ რაღაცა პოლიტიკის გადატვირთვაზე საუბარი იქნებოდა. მე ეს ქალბატონი უფრო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილი მგონია იმისთვის, რომ „ოცნების“ ხელისუფლებასთან კონკრეტული გზავნილები ჩამოიტანა. უფრო მგონია, რომ გასაფრთხილებლად ჩამოვიდა და ეს მის განცხადებებშიც ჩანს. სავარაუდოდ, პრემიერთან ისაუბრებს სწორედ ამ მესიჯებზე და კარს მიღმა კიდევ უფრო მძიმე და კრიტიკული საუბარი იქნება.
მისი მესიჯები იქნება, რომ არჩევნები აუცილებად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს და რომ ამას ამერიკელები ძალიან დიდი შიშით დააკვირდებიან. ასევე, საუბარი იქნება ადამიანის უფლებებზე და, რა თქმა უნდა, კანონთან დაკავშირებითაც „ოცნება“ კიდევ ერთხელ იქნება გაფრთხილებული. არ მგონია, რომ ის რაიმე პოლიტიკის გადატვირთვაზე ისაუბრებს, პირიქით, უფრო თითის დასაქნევად მგონია, რომ ჩამოვიდა და ამ გზავნილებს ხელისუფლება უკვე იღებს“, - ამბობს მაისაია.
ჟამი მოგივიდა, ჟამი
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერია ............შენ ახლწლისთვის მოემზადე, ახალწლისთვის----- მანდ რომ პარადი დაგერწყებათ, პარადი!!!!!!!!!!!!!!!!!!