უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ამერიკელებს ევედრება, რომ რუსების სამხედრო ბაზებზე, სიღრმეში, ამერიკული ბალისიტკური რაკეტებით დარტყმის უფლება მისცენ. ყველასთვის ცნობლია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ამის უფლებას ჯიუტად არ აძლევს. არადა ამერიკულ რაკეტებს სრულიად თავისუფლად შეუძლია რუსების აეროდრომებს მისწვდეს, რომლებიც უკრაინის საზღვრიდან 250კმ-შია და ის სამხედრო ასაფრენი აეროდრომები დაბომბონ, საიდანაც კიევზე და სხვა ქალაქებზე რუსები თავდასხმებს ახორციელებენ. აუნთებს თუ არა ამერიკა კიევს მწვანე შუქს და რა შეიძლება პუტინმა ამის შემდეგ მოიმოქმედოს? უკვე ცნობილია, რომ ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების თავდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება უკრაინის გადასაწყვეტია.
„უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ისინი ამ თავდაცვითი მიზნებისთვის“, - აღნიშნა სტარმერმა.
ამას უკვე მოჰყვა პასუხი კრემლიდან და დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია, რასაც მათი მხრიდან სათანადო პასუხი მოჰყვება.
ვოლოდიმირ ზელენსკი კი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავების განადგურების საშუალებას მისცემს.
რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდსა და ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ ისაუბრა ხარკოვის მაგალითზე, სადაც, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა რუსეთის ახალი შეტევა ჩაახშო აშშ-ის გადაწყვეტილების წყალობით, რომელმაც ქვეყანას დასავლური იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმების ნებართვა მისცა.
„მადლობელი ვარ თქვენი, მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ამ ნებართვისთვის. რუსეთის ეს წინსვლა შეჩერდა. ჩვენ ასევე გავანადგურეთ რუსული სარაკეტო გამშვებები, რომლებიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ურტყამდნენ ხარკოვს ყოველდღიურად. ამან ხარკოვი სარაკეტო დარტყმისგან დაიცვა. წარმოიდგინეთ, რამდენს მივაღწევთ, როცა ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ანალოგიურად, ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქალაქები რუსული მართვადი ბომბებისგან, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა გადადგამს ნაბიჯს წინ და საშუალებას მოგვცემს, გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავები მათ ბაზებზე. ეს მყისიერ შედეგს გამოიღებს და ჩვენ ველოდებით ამ ნაბიჯს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინა მნიშვნელოვნად შეზღუდავს რუსეთის ქმედებებს სამხრეთ უკრაინაში, განდევნოს ოკუპანტი, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა დაეხმარება საჭირო შესაძლებლობებით, რომ განახორციელოს დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ლოგისტიკის წინააღმდეგ ყირიმში.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატო უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთ სისტემას და ტაქტიკური თავდაცვის ათობით სისტემას გადასცემს.
ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ომის დაწყებიდან და შემდეგაც, დასავლეთს და კერძოდ, ამერიკას, საკუთარი თავისთვის წითელი ხაზები ჰქონდა გავლებული. ალადაშვილი ამბობს, რომ ასე იყო სარაკეტო დანადგარის „ჰაიმაქსების“ გადაცემის დროს, შემდეგ „აბრამსის“ ტანკების და საარტილერიო დანადგარების შემთხვევაში. ეს კი უკრაინის არმიაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ხოლო იგივე ასევე, ხდება ეფ-16-თან დაკავშირებით.
„უკრაინელები ამ ბალესტიკურ რაკეტებს, რომლებიც ამერიკელებმა მისცეს, უკვე ანექსირებულ ყირიმში წარმატებით იყენებენ. გარდა ამისა, არის ერთგვარი დაშვება და თანხმობა იმაზე, რომ უკრაინის ჩრდილო საზღვრიდან, ხარკოვის მხარეს, დაახლოებით 100 კმ სიღრმეში შეუძლიათ უკრაინელებს რუსების სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა. ეს რუსული აეროდრომები კი ძირითადად, უკრაინის ქალაქებს საავიაციო ბომბებით ბომბავენ, ეს აეროდრომი უკრაინის საზღვრიდან დაახლოვებით 240 კმ მდებარეობს. პრაქტიკულად, შესაძლოა, ამ აეროდრომებს მისწვდეს, რადგან ისინი 300 კმ მიფრინავენ, მაგრამ ამის საშუალებას ამერიკა არ აძლევს. ლოგიკურად სჯობს, სანამ თვითმფრინავი აფრინდება და ბომბს ჩამოაგდებს, მანამდე გაანადგურონ.
როცა აფრინდება მერე უნდა ეძებონ და კიდევ საკითხავია იპოვიან თუ არა. ამ ბოლო ამბების შემდეგ კი, რაც ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა მოხდა, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ უკრაინას აქვს უფლება, რომ ბრიტანული რაკეტები თავის შეხედულებისამებრ გამოიყენოს, ეს არის მწვანე შუქის ანთება, რადგან ის ამერიკული რაკეტების მსგავსია და 250 კმ-ზე მიდის. ამიტომ შეიძლება მათით წვდომა რუსული სამხედრო ბაზამდე. ამიტომ გაჩნდა მოლოდინი, რომ ამერიკაც იძულებული გახდება, ბოლო მძიმე მოვლენების ფონზე, უკრაინელებს მწვანე შუქი აუნთოს“, - ამბობს ალადაშვილი.
კითხვაზე - ამის საპირისპიროდ კრემლმა უკრაინას ან დასავლეთს რა პასუხი შეიძლება გასცეს, მით უმეტეს, რაც პესკოვმა უკვე დაანონსა, ალადაშვილი ამბობს, რომ რუსები ყოველთვის ასე იმუქრებიან და ყველა იარაღის გადაცემის წინ ზუსტად იგივეს აცხადებდნენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთმა რაღა შეიძლება გააკეთოს, როცა უკრაინას ისედაც ყველა იარაღიდან ბომბავს.
„ერთადერთი ბირთვული იარაღი დარჩა პუტინს, რაც არ გამოუყენებია. ასე ადვილი მისი გამოყენება არ არის. ამ ბირთვული შანტაჟით პუტინი დასავლეთის შეშინებას ცდილობს. ძნელად წარმოსადგენია, რომ პუტინი ამ ნაბიჯზე წავიდეს. უბრალოდ, პუტინი კიევის სერიოზულ დაბომბვას გააგრძელებს, რასაც ისედაც აკეთებს. ეს არის სამხედრო დანაშაული, რომელსაც პუტინი კვლავ გააგრძელებს და მას ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს. აეროდრომზე სამხედრო თვითფრინავების დაბომბვა სამხედრო დანაშაული არ არის. ეს ომია და აუცილებელია. თუმცა როცა ქალაქში საავადმყოფო და კორპუსები იბომბება, ეს სამხედრო დანაშაულია. ამის შეჩერების ერთადერთი საშუალება კი უშუალოდ სამხედრო აეროდრომზე სარაკეტო თავდასხმებია“,-ამბობს ალადაშვილი.