საქართველოში ახალი პოლიტიკური მოძრაობა - „თავისუფლების მოედანი“ დაფუძნდა, რითაც ფაქტობრივად, პოლიტიკაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გადაბარგების ახალი სეზონი გაიხსნა.
მოძრაობის მანიფესტში ვკითხულობთ, რომ მათი მთავარი მიზანია „არ დავუშვათ საქართველოს გადაქცევა რუსეთის გუბერნიად, დავამარცხოთ დღევანდელი ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებზე...“ საერთოდ მთელი მათი მანიფესტი რადიკალური ოპოზიცის პოლიტიკური ნარატივების საფუძველზეა შედგენილი და გადმოწერილი. არაფერი სიახლე და ამომრჩევლისთვის მიმზიდველი მასში არ არის.
1919 წელს პოლიტიკური სოციოლოგიის ფუძემდებელმა მაქს ვებერმა მიუნხენში სტუდენტების წინაშე წაიკითხა მოხსენება: „პოლიტიკა, როგორც მოწოდება და პროფესია“. აქედან გამომდინარე, მოდით, დავსვათ რიტორიკული კითხვა: რისთვის მოვიდნენ „თავისუფლების მოედნის“ წევრები პოლიტიკაში, მართლა არის ეს მათი მოწოდება, თუ კონიუნქტურამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი? იქიდან გამომდინარე, რომ მათი უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, არ არის გამორიცხული, რომ ამბიციები და მათი რეალიზების სურვილი მოეძალათ. სხვა რაიმე ღირებული მიზნები, გარდა ზოგადი და მოყირჭებული ფრაზებისა დემოკრატიაზე, მათ „მანიფესტში“ არ იკითხება თუ მას პროპაგანდისტულ საბურველს ჩამოვხდით.
მაშ რისთვის შეიქმნა ეს ახალი პოლიტიკური პლატფორმა? დავიწყოთ მისი სახელწოდებით - „თავისუფლების მოედანი“, რომლითაც ეს პლატფორმა ცდილობს აჩვენოს, რომ თითქოს ქვეყანაში თავისუფლების დეფიციტია. არადა, სწორედ 2012 წლის შემდეგ ხელისუფლების ცვლილების შედეგად სამოქალაქო სექტორმა, რომელშიც მარტო ენჯეოები არ შედიან, უპრეცედენტო თავისუფლება მიიღო, რომლითაც ხშირად ბოროტად სარგებლობს და ამის მაგალითებიც მრავლად არის, თუ ბოლო წლების მნიშვნელოვან სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს გავიხსენებთ. ხელისუფლებას მათ მიმართ არავითარი რეპრესია არ განუხორციელებია, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამ სექტორის წარმომადგენლები და მათი მომზადებული ჯგუფები კანონს არღვევდნენ და ძალადობას მიმართავდნენ, რასაც „სამოქალაქო აქტივიზმად“ ასაღებდნენ.
თუმცა, რადგანაც „თავისუფლების მოედნის“ მესვეურები, თავისუფლებაზე აპელირებენ, ვნახოთ, თუ როგორ წარმოუდგენიათ თავისუფლება იმ სოციალურ კონგლომერატს, საიდანაც მოდიან ამ პლატფორმის დამფუძნებლები.
საერთაშორისო დონორებისგან მიღებული პერმანენტული დაფინანსებით, ამ კონგლომერატის წარმომადგენლებმა, არათუ „პურის ფულის“ პრობლემა მოიგვარეს, არამედ საქართველოს პირობაზე საკმაოდ მაღალი დონის ცხოვრების უზრუნველყოფაც შეძლეს. ძლიერმა „ფინანსურმა ზურგმა“, ასევე, ამერიკის და ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებიდან პოლიტიკურმა და მორალურმა მხარდაჭერამ, ამ კონგლომერატს განსაკუთრებულობის და სხვებზე აღმატებულობის მყარი განცდა გაუჩინა. სავარაუდოდ, მიაჩნიათ, რომ თავისუფლებით, როგორც ღირებულებით და სიკეთით, მხოლოდ მათ უნდა ისარგებლონ სრულად, როგორც პრივილეგირებულმა კასტამ, სხვები კი დასჯერდენ თავისუფლების იმ დოზას, რასაც ეს კასტა უწილადებს, თუ ხელისუფლებაში მოვიდა. ძალიან ჰგავს ეს მენტალობა იმ მენტალობას, რომლითაც იმართებოდა საქართველოს 2003-2012 წლებში და „თავისუფლების მოედანი“ დიდად არც მალავს თუ ვინ ეგულება პოლიტიკურ ველზე მის პოტენციურ მოკავშირეებად.
ნებისმიერ დაინტერესებულს შეუძლია ინტერნეტში მარტივად მოიძიოს ინფორმაცია „თავისუფლების მოედნის“ წევრებსა და ლიდერებზე და როდესაც გაეცნობა, ნახავს რომ ამ მოძრაობის „ლიდერშიპი“ - არის დასავლური გრანტებით გამოზრდილი კონტრელიტა. ყველა მათგანს აქვს მჭიდრო კავშირები დასავლურ სტრუქტურებთან, საიდანაც ფინანსდებიან და ინსტრუქტაჟს ღებულობენ.
ეს კი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, რომელმაც საკუთარი თავის პრეზენტაცია აპრილ-მაისის ქუჩის აქციებზე მოახდინა, არის დასავლეთის მცდელობა ქართულ პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეები შემოიყვანოს.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იქნება პოლიტიკაში ენჯეო-სექტორის ფორმალურად შემოსვლის მეორე ტალღა. პირველი, მართალია, სხვა ფორმით, მაგრამ მოხდა მყისიერად „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და ყველამ დაინახა და ბევრმა საკუთარ თავზეც გამოსცადა, თუ როგორ გადაიქცნენ „იდეალისტი“ ენჯეო ლიდერები დამსჯელ რაზმებად, რომლებიც ქვეყანაში უმოწყალოდ უსწორდებოდნენ დემოკრატიის ყველა ატრიბუტს, რომ იტყვიან „სულის ამოხდამდე“.
უახლოეს ხანში, „თავისუფლების მოედნის“ სახით „ზურაბიშვილის ქარტიას“ შეიძლება კიდევ ერთი ხელმომწერი შეემატოს. დიდი ალბათობით, შედგება კონტაქტები, როგორც „ნაციონალური მოძრაობა -1“ და „ნაციონალური მოძრაობა -2“ ალიანსებთან, ისევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და თავად სალომე ზურაბიშვილთანაც, რადგანაც ყველანი გარედან მართული ერთი დიდი მექანიზმის ჭანჭიკები არიან.