რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლას გეგმავს, რომლის თანახმად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით, შეიმუშავეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია.
რუსეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ამერიკელმა „კურატორებმა“ უკვე მისცეს ბრძანება საქართველოში ოპოზიციურ ძალებს, დაიწყონ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაგეგმვა, რომელიც ემთხვევა არჩევნებს. ამასთან, ხელისუფლების ცვლილების მთავარი მამოძრავებელი ძალა თბილისის მოსახლეობა უნდა იყოს. რუსეთის საგარეო დაზვერვაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი ყველა ამ მოვლენის საფუძველში ანტირუსული იდეოლოგიის ჩადებას და მოსკოვის დადანაშაულებას გეგმავს. აქცენტი გაკეთდება „ქართული ოცნების“ დადანაშაულებაზე, რომ არ არის პოლიტიკურად დამოუკიდებელი, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.
რუსეთის დაზვერვის მონაცემების მიხედვით, ანტისამთავრობო განწყობის გამწვავებაში გადამწყვეტი როლი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს. კერძოდ, სახელმწიფოს მეთაური ერთ-ერთ ამერიკულ მედიას მისცემს ინტერვიუს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის დეგრადაციაში დაადანაშაულებს, გააფრთხილებს „ფართო საზოგადოებას“ „მოსკოვთან დაახლოების კატასტროფულ შედეგებსა“ და რუსეთიდან გადაბარგებულთა მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ზიანზე. გარდა ამისა, რუსეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი, ზურაბიშვილის მეშვეობით აპირებს, ამომრჩევლები მოამზადოს „ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნებისთვის“ გარკვეული პოლიტიკური სიურპრიზისთვის“, რაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მორიგი „ფერადი რევოლუცია“ აღმოჩნდეს.
„აშშ-ის გეგმის მიხედვით, საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად „საკრალური მსხვერპლის“ თემა განიხილება, რაც გამოიწვევს ხალხის რისხვას სამართალდამცველების მისამართით. პროვოკაციების ამერიკელ ოსტატებს შესაბამისი დიდი გამოცდილება აქვთ. საკმარისია, გავიხსენოთ კიევის მაიდანი, სადაც „დემოკრატიის საკურთხეველზე“ ასობით ადამიანი გაწირეს, რომლებიც, მათ შორის, ქართველმა დაქირავებულმა სნაიპერებმა დახვრიტეს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, მეთიუ მილერი უარყოფს რუსეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლას გეგმავს. მილერის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ავრცელებს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, სრულიად მცდარი და აბსურდულია.
„ხაზს ვუსვამ რუსეთის ირონიას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებული აქვს, და ამ დროს ამ აბსურდულ ბრალდებებს აკეთებს სხვა ქვეყნის მიმართ“, - აცხადებს მეთიუ მილერი.
აშშ-ის ჩართულობა შიდა პოლიტიკურ პროცესებში თვალსაჩინოა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მათთვის ურჩი საქართველოს ხელისუფლების დასჯა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველომ უარი თქვა ჩართულიყო რუსეთ-უკრაინის ომში. დასჯისა და შანტაჟის პოლიტიკა გრძელდება. როგორც for.ge-ს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო უყვება, ხელისუფლებამ ულტიმატუმის სახითთ მიიღო გაფრთხილება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნება გაწყვეული კანონი „უცხოური გამჭვირვალეობის“ შესახებ, ასევე კანონპროექტი ლგბტ-ს პროპაგანდის აკრძალვის შესახებ და მათ შორის ანაკლიის პორტის მშენებლობიდან არ გაიყვანს ჩინურ კომპანიას, 26 ოქტომბრის არჩევნები ამერიკისგან და ევროკავშირისგან ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს, რაც გამოიწვევს პროცესების რადკალიზაციას და ამ ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილებას.
პოლიტიკური ბრძოლა დაიწყო და ამ პოლიტიკურ ბრძოლაში აშშ და დასავლეთი არის მხარე, რომელიც ღიად ჩაერთო საქართველოს საარჩვენო პროცესებში ოპოზიციის სასარგებლოდ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ცხადია, ამერიკელი მაღალჩინოსანი არ იტყვის იმას, რომ გეგმავენ ხელისუფლების ცვლილებას. მისი თქმით, ფრაზა, რომ ვგეგმავთ ხელისუფლების შეცვლას - არც ერთმა სახელმწიფომ არ შეიძლება თქვას, მაგრამ გეგმა არის.
„2003 წელს არ უთქვიათ, რომ ხელისუფლების შეცვლას ვგეგმავთო, მაგრამ შეცვალეს. ამერიკაზე აღარ ვლაპარაკობ, რუსეთში შეცვალეს ხელისუფლება გერმანელებმა და ა.შ. ასეთი მანიპულაციები ხელისუფლების შეცვლის დონზე არ არის უცხო და ხშირად ხდება. ჩვენს ისტორიაში რამდენჯერ იყო, რომ შაჰი იქნებოდა, თუ სულთანი, მეფეს ცვლიდა. ასეთი გვინახია ჩვენნაირი ისტორიის მქონე ხალხს?! არც ახლა არის გასაკვირი და გამორიცხული, მაგრამ საკითხავი არის გამოსავალი რაშია.
ხელისუფლებას თავისი თავმოყვარეობა აქვს. რომც გააკეთოს ყველაფერი ის, რაზეც არის ლაპარაკი, კანონი გაიწვიოს და ა.შ. გამოვა, რომ ამ ხელისუფლებას თავში წამოარტყეს როგორც პატარა ბავშვს და თუკი სხვა არ სცემს პატივს ხელისუფლებას, მერე საკუთარი ხალხიც არ სცემს პატივს. ამიტომ არ ვიცი გამოსავალი რაშია. ასეთივე შედეგების არცნობა იყო რიგ ქვეყნებში და მაგალითად, იგივე ბელარუსში, სადაც არჩევნების შედეგები არ სცენს, მაგრამ ხალხმა მაინც გააგრძელა ლუკაშენკოს გვერდით დგომა.
არის თუ არა ეს გამოსავალი, არ ვიცით, იმიტომ რომ, მერე ლუკაშენკო აღმოჩნდა რუსეთთან ჩახუტებული. ჩვენ არ გვაწყობს რუსეთთან ჩახუტება, რადგან ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ჩვენი ტერიტორიები აქვს რუსეთს წაღებული და ღიად არის ოკუპანტი. რითი გაიმაყარებს საქართველო საერთაშორისო პოზიციებს, თუკი დასავლეთს დაშორდება, ეს გაუგებარია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, დასავლეთს დაანონსებული აქვს საქართველოში სისხლიანი რევოლუცია და ამას ადასტურებს ევროკავშირის გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს ჯარს მოუხსნეს 30 მლნ ევროს დახმარება და თაბაგარ-ლომჯარია-გიგაურს მისცეს!
„სულაც ლოკს, მონტესკიეს, ჯეფერსონს და ჩერჩილს რომ ჩაატარებინო არჩევნები, ესენი, მაინც, გაყალბდაო იტყვიან და არ სცნობენ, ეს აშკარაა. ამიტომაც ერი, ბერი და მრევლი ერთად ქვეყნის დასაცავად! საქართველოს მოსახლეობაზე მოფიქრალ „მეგობრებს“ მინდა მივმართო - კი გვჯერა თქვენი, მაგრამ იმ სუბიექტებს რატომ ურიცხავთ მილიონებს, რომელთა ორგანიზებით განხორციელებული შეტევების შედეგად - 2019 წლის 20 ივნისს მიღებული ტრავმების შედეგად ქართველი სამართალდამცველი გარდაიცვალა, რომლებიც მთელი მსოფლიოს თვალწინ 7-8 მარტს ცოცხლად წვავდნენ ქართული სახელმწიფოს დამცველ სამართალდამცავებს, ცეცხლს უკიდებდებდნენ სახელმწიფო შენობებს და ადამიანთა კერძო საკუთრებას აოხრებდნენ და აპარტახებდნენ დედაქალაქს, მის კულტურულ, ისტორიულ და რელიგიურ ძეგლებს, დაუფარავად გვიანონსებენ სისხლიან რევოლუციას?! ბატონებო, ნათქვამია, ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო გვაკვირვებსო. თქვენი ცრუ იდეოლოგიისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მამალს კუდი უჩანს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.