ზიგენის უნივერსიტეტში (გერმანია, ნორდ რაინ ვესტფალია) სწავლის დროს, ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. ერთხელ, უნივერსიტეტის მთავარ ფოიეს შუაგულში გაშლილი სტენდი დამხვდა. სტედზე წარმოდგენილი იყო ფოტოები, ტექსტური ინფორმაცია, ფულის ჩასაყრელი ყულაბა და მაგიდაზე დალაგებული, უცნაურად ლამაზი ქვების ნატეხები. თითოეული ქვა, გარკვეული ღირებულებისა იყო. მაგალითად, ორი, სამი და, მაქსიმუმ, ხუთ ევრომდე. ბუნებრივია, დავინტერესდი, თუ რასთან გვქონდა საქმე. აღმოჩნდა, რომ ქ. ზიგენის მახლობლად მდებარეობდა მაღარო, რომელიც დიდი ხნის წინ დაიხურა, მაგრამ ქალაქისათვის ისტორიულ-კულტურული ფასეულობა გააჩნდა, რადგან ამ ქალაქში, ცნობილი მხატვარი რუბენსი დაიბადა. იმ დღესვე, მეგობრებთან ერთად, ამ მაღაროს მონახულება გადავწყვიტეთ. მთაზე, რომელზეც მაღარო მოქმედებდა, უზარმაზარი კომპლექსი გაეშენებიათ. კომპლექსი მოიცავს სასახლეს, სადაც რუბენსისა და სხვა ცნობილი მხატვრების შემოქმედებისათვის განკუთვნილია საგამოფენო სივრცე, გაშლილ ბაღები, სასტუმრო და რესტორნები. თავად მაღაროს დათვალიერების შესაძლებლობაც არსებობს იმათთვის, ვისაც კლაუსტროფობია არ აწუხებს და ექსტრემალური ტურიზმი იზიდავს. მართლაც საოცარი ადგილია და ყველას ვურჩევ. დასავლეთისაგან უამრავი კარგი რამის სწავლა შეიძლება. ისინი განსაკუთრებით, დახელოვნებულნი არიან ისტროიულ-კულტურული ძეგლების დაცვაში, მათ მრავალპროფილურად განვითარებასა და მონეტიზაციაში.
როდესაც შთამბეჭდავი ექსკურსიიდან ბინაში დავბრუნდი, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რამდენი ასეთი ისტორიული ადგილი გვაქვს საქართველოში, რომელიც მიგდებულია და ინგრევა. რამდენი სარგებლის მოტანა შეეძლო ჩვენი ქვეყნისათვის მათ განახლებას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე ტურიზმის თვალსაზრისით. ამ ფიქრებში ღრმად ჩაძირულს, თვალზე რული მომედო, მაგრამ ტელეფონზე მოსულმა შეტყობინების ხმამ გამომაფხიზლა. ეს იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც სან ფრანცისკოში საცხოვრებლად გადავიდა. გავხსენი თუ არა, დაახლოებით იმ შინაარსის წერილი დამხვდა, რაზეც ასე ღრმად ვფიქრობდი. წერილს უცვლელად გთავაზობთ.
„როგორ ხარ ლევანჩიკ? რა ხდება ზიგენში? იმედი მაქვს ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენი გოგოები მომენატრა და ერთად გატარებული საღამოები. მე კარგად ვარ, მაგისტრატურაში ჩავაბარე, საერთაშორისოზე. სწავლა ძალიან მაღალ დონეზეა. ძალიან ძლიერი ლექტორები მყავს და ყველანაირი ჯიშის კურსელები. მაგარ დროს ვატარებთ ერთად. საოცარი ქვეყანაა ამერიკა, თანაც უზარმაზარი! რა გინდა სულო გულო, რომ არ იყოს აქ. აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე, იქნებ მოახერხო, ჰა? არ დაიჯერებ სად ვიყავი და რა ვნახე. J მოკლედ, ვიყავი ალკატრასის ციხეში, თავად ალ კაპონეს საკანში შევედი. საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ერთგვარი შიშიც კი. წარმოიდგინე, რომ იმ ადამიანის საკანში აღმოვჩნდი, რომელსაც ასობით ადამიანის მკვლელობის ბრძანება აქვს გაცემული. თავად ათეულობით მოკლული. ძალიან ცუდი შეგრძნებები დამეუფლა, მაგრამ ადრენალინის მოზღვავებაც ვიგრძენი. რასაც ადრე ლეგენდებად ვისმენდით, ჩემთვის გახდა ხელშესახები. ალკატრასიც მაგარი ჟუტკი ადგილია. წარმოიდგინე კუნძულია და გარშემო ზვიგენები დაცურავენ. ერთხელ იყო გაქცევის მცდელობა და ისიც წარუმატებელი. შენ ალბათ იკითხავ, აქ რა მინდოდა და როგორ აღმოვჩნდი, არა? J ციხე თავად, კარგა ხანია რაც დაიხურა და ახლა ტურისტულ სანახაობად არის გადაქცეული. წარმოიდგინე, დაახლოებით მილიონ ნახევარი ვიზიტორი სტუმრობს წელიწადში. კაპიტალიზმი საოცარი წყობაა, ყველაფრისაგან ფულს ადნობენ. 150$ დოლარი დამიჯდა ეს ექსკურსია. გადაამრავლე ახლა 1,5 ადამიანზე. წარმოგიდგენია რამხელა თანხას შოულობენ ამ ჯოჯოხეთური ადგილიდან?! აი ეს არის კაპიტალიზმი ძმაო. ჩვენ, რომ სოციალიზმში ამოგვხადეს სული. ვაი ჩვენს პატრონს. ალკატრასი კი არის ჯოჯოხეთი, მაგრამ დანარჩენი ამერიკაა სამოთხე. მოკლედ, ძალიან კარგი იქნება თუ აქამდე ჩამოაღწევ, მერე მე ვიცი! აბა მაგრად ყველა მომიკითხე მანდ, კარგი ხალხი!
თქვენზე და სამშობლოზე მონატრებული.
ლუკა ;)”
წავიკითხე თუ არა წერილი, არქიმედეს მსგავსად აღმომხდა - „ევრიკა“! უმალ, ჩემს მშობლიურ ქუთაისში არსებული „გუბერსკი“-ს სახელით ცნობილი ციხე გამახსენდა.
ეს არის ადგილი, რომელსაც უამრავი ისტორიული ფიგურა და მოვლენა უკავშირდება. გამახსენდა, რომ იქ თავად სტალინიც კი იხდიდა სასჯელს. მსოფლიო ცნობადობით, ვინ არის ალ კაპონე სტალინთან შედარებით?! გასაგებია, რომ ქუთაისი სან ფარნცისკო არ არის, მაგრამ მსგავსი პროფილი, რაც ალკატრსს (1963 წელს ციხემ შეწყვიტა, როგორც სასჯელაღსრულების სისტემამ ფუნქციონირება) შეუქმნა შტატების მთავრობამ, მსგავსი რომ გაკეთებულიყო გუბერსკისათვის... ამას სჭირდება ფანტაზია, ხედვა, გემოვნება და, რა თქმა უნდა, მატერიალური საშუალებაც, რაც ჩვენს ღარიბ ქვეყანას არ გააჩნია. მაგრამ დადგება დრო, როდესაც ასეთი ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი გაჩნდება და მიხედავს ჩვენს მიტოვებულ ღირსშესანიშნაობებს. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს!
ეს ყოველივე, რამდენიმე წლის წინ მოხდა. ასეთი ფიქრები მაწუხებდა. დღეს გავიგე, რომ გუბერსკი გაიყიდა და დასანგრევად არის გამზადებული. ალბათ, კორპუსები აშენდება და ჩემნაირი ემიგრანტები, წელებზე ფეხდადგმული შრომით მოპოვებული თანხებით, ბინებს შეიძენენ. ეს ცუდი არ არის, პირიქით, რაც უფრო მეტი ემიგრანტი დაბრუნდება საქართველოში, მით კარგი ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის! მაგრამ, რა ვუყოთ იმას, რომ კორპუსების მშენებლობა, მხოლოდ ერთჯერადი აქტია და რომ, ამის იქით, სხვა პერსპექტივა არ გვესახება?! მაშინ, როდესაც გუბერსკის ალკატრასი(ზაცია) ქალაქს ახალ პროფილს შესძენდა. მე ვფიქრობ, რომ არაერთს! მოდით, ჯერ გუგლში შევიხედოთ და გავიგოთ, თუ რა სარგებელი მოაქვს ალკატრასს თავისი ქვეყნისათვის.
ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები გვამცნობენ, რომ გოლდენ გეით (Golden Gate NRA) ჯგუფმა, აშშ-ს ხელისუფლებისაგან 35 მილიონი დოლარი მიიღო, ალკატრასის ინფრასტრუქტურული პროექტისათვის. აქვე მოცემული ინფორმაცია, რომ გოლდენ გეითის დასასვენებელ კომპლექსს (რომელშიც ალკატრასის ციხე შედის) 13,7 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა და 863 მილიონი დოლარი დახარჯა. ამ შემოსავალმა, 8180 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. 546 მილიონი შრომითი შემოსავლის სახით, 833 მილიონი დამატებითი ღირებულების სახით და ჯამში 1.2 მილიარდი გოლდენ გეითის სარეკრიაციო ზონის სასარგებლოდ. ასევე უნდა ითქვას, რომ 21 კინო ფილმი და 14 სატელევიზიო გადაცემაა გაკეთებული ალკატრასის ტერიტორიაზე. ეს კიდევ დამატებით მილიონები ამერიკის კინო თუ სატელევიზიო წარმოებაში. უმნიშვნელოვანესია იმ ფაქტზე ხაზგასმა, რომ 12 წლის ასაკიდან, სკოლის მოსწავლეები დაჰყავთ ალკატრასში. მოზარდი ასაკიდან იმიტომ დაჰყავთ, რადგანაც კრიმინალური „იოლი“ ცხოვრებისადმი რომანტიზაცია გაეფანტოთ და კანონმორჩილ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.
გაუქმებულმა დახურულმა ციხემ, მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანების ხელში, ახალი, მრავალფუნქციური სიცოცხლე შეიძინა. მართალია ჩემი მეგობარი ლუკა, ყველაფრიდან სარგებელს ნახულობენ ამერიკელები. ერემია ბენტამს შემდეგი სიტყვები ეკუთვნის: „საუკეთესო მოქმედებად ითვლება ის, რაც დიდი ბედნიერების მომტანია მრავალი ადამიანისათვის“. ასეთია ამერიკული უტილიტარისტული ფილოსოფია. არ ვიცი რამდენად მოგვიხდება ამერიკული უტილიტარიზმის ქართულ მოდელზე მორგება, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ გუბერსკის ციხის გამოყენება შეიძლება ალკატრასის მსგავსად. ციხის კომპლექსი საკმაოდ დიდია. მასში შეიძლება სასტუმროს გაკეთება, ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარული ტურისტებისათვის. წარმოიდგინეთ, რომ ღამეს სტალინის საკანში ათევთ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ უჩვეულო შეგრძნება იქნება და ტურისტი კარგ თანხასაც გადაიხდის. საერთოდ, ყოფილი ციხეების სასტუმროებად გადაკეთება, სულაც არ იქნება ქართული ნოუჰაუ. ეს უკვე აპრობირებულია დასავლეთში და კარგი შემოსავალიც მოაქვს. ქართული კინომატოგრაფიც ასაღორძინებელია და სხვა ქვეყნის კინომწარმოებლებიც დაინტერესდებიან ობიექტით. ასევე, შესაძლებელია, რომ მუზეუმი გაკეთდეს, იგივე სოციალური დატვირთვით, როგორიც არის ამერიკაში სკოლის მოსწავლეებისათვის. ქართული და მით უმეტეს ქუთაისური რომანტიკული დამოკიდებულება „კანონიერი ქურდის“ ცხოვრების წესისადმი ცნობილია... პოსტსაბჭოთა სივრცეზე, სადაც ჯერ კიდევ მყარად არის კრიმინალური ტრადიციებისადმი ტრფიალი, საქართველო და კერძოდ ქუთაისი, სასკოლო ტურიზმის ჰაბად შეიძლება იქცეს, რომელიც ამ უზარმაზარ სივრცეს მისცემს განვითარებისა და აღმშენებლობის მაგალითს. და რაც მთავარია, ქუთაისი, ეს არის რუსეთის იმპერიის ყოფილი გუბერნია, სადაც მოქმედებდა სასჯელაღსულებითი დაწესებულება, ცნობილი თავისი მძიმე პირობებითა და სისასტიკით. დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომლმაც იმგვარი ევოლუცია განიცადა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რომ დღეს სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში, გარკვეულ ხელსაქმეზე, კვალიფიციურად დაუფლების საშუალება არსებობს. (2012-მდე სასჯელთაღსრულების სისტემაში არსებული კატასტროფულ ვითარება სხვა დროს განვიხილოთ), სასჯელის მოხდის შემდეგ, ყოფილ პატიმარს ეძლევა შესაძლებლობა, რომ დასაქმდეს და აღარასოდეს დაუბრუნდეს კრიმინალურ ცხოვრებას. უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს ცალკე აღნიშვნის ღირსი მოვლენაა. ალბათ, თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებში არსებობს მსგავსი შესაძლებლობა. ამ სიკეთეების მიღების შედეგად, ადამიანის სრული რესოციალიზაციაა შესაძლებელი და ეს ნამდვილად დასაფასებელია! საყოველთაოდ შესამჩნევი კონტრასტი იმპერიული ციხისა და დღევანდელ სისტემას შორის, სწორედ, რომ გუბერსკის ციხის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ორთაჭალის ციხის დანგრევა, წინა ხელისუფლების (სხვა მრავალთან ერთად) დიდი შეცდომა იყო. მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს გუბერსკის შემთხვევაში. ჩვენ ისტორიასაც დავკარგავთ და მომავლის მრავალ სასიკეთო შესაძლებლობას. უამრავი ადამიანია ჩასაფრებული და ხელს იშვერს ხელისუფლებისაკენ, რომ ისინი ისტორიას უნდაგურებენ ქალაქს. მე ვიცი, რომ მრავალი ადამიანი თვალს ადევნებს ამ პროცესს და იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის განადგურებას. მაგრამ ისეთებიც მოიძებნებიან, რომელნიც ძეგლის დაცვას ექომაგებიან, მაგრამ ერთი სული აქვთ როდის დაინგრევა იგი, რადგან, შემდეგ, მათ ძალიან გაუადვილდეთ თითის გაშვერა. „ბიძინათმოძულეობა“ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენ ეს დავინახეთ, როდესაც ლამის ბუხარში შეუძახეს იოანე ზოსიმეს ხელნაწერი. კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს გმირი ფეხბურთელები, რომელთაც გულწრფელად და ადეკვატურად მადლობა გადაიხადეს დამსახურებული პრემიისათვის. ეს ისტერია არ არის კანონზომიერი, მაგრამ რაც არის, ის არის. მე მინდა მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართუ“ ჯგუფს და ვთხოვო, როგორც ერთმა რიგითმა ქუთაისელმა და ამჟამად ემიგრანტმა, რომ გადაარჩინეთ ისტორიული ძეგლი. ეს იქნება კიდევ ერთი იმ მრავალ სიკეთეთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც თქვენ და „ქართუ“ ჯგუფს, ასე უანგაროდ გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნისათვის. მერე კი ვნახავთ, მოაწყობენ თუ არა მსგავს ისტერიკას, გუბერსკის თაობაზე რაც ზოსიმეს შემთხვევაში იყო, თუ გულწრფელად და ვაჟკაცურად მოიწონებენ ამ გადაწყვეტილებას. ჩემს თანაქალაქელებს კი, ემიგრაციიდან მივმართავ, რომ ისე, როგორც ქუთაისს შეეფერება, ყველამ ერთად თხოვნით მივმართოდ მთავრობას ამ გადაწყვეტილების გადახედვაზე. მომავალი თაობები დააფასებენ ამ ძალისხმევას.
თუ არის რაიმე საშუალება, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სპეციფიური ტრადიციის გამო, რომელიც პოსტშიც მოიხსენიება, მიზანშეწონილად და სასარგებლოდ მესახება ავტორის წინადადების რეალიზება.