სომხეთი აშშ-სთან ერთად ახალი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს. მოლაპარაკებები უკვე არსებით ეტაპზე გადავიდა.
როგორც სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე არმენ გრიგორიანი აცხადებს, ახალი ატომური სადგურის აშენების საკითხი მნიშვნელოვან ფაზაში შედის. ამ ეტაპზე აშშ-სთან იურიდიულ-სამართლებრივი სივრცის რეგულირების საკითხი განიხილება. ამ მომენტისთვის ბურთი აშშ-ის მოედანზეა. როგორც ჩანს, სომხები ელიან, როდის დასრულდება აშშ-ში შიდა პროცესები, ანუ არჩევნები, რის შემდეგაც დაიწყება ამ პროექტზე მუშაობა.
2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები იკვლევდა მცირე მოდულარული ბირთვული რეაქტორების აშენების ვარიანტს როგორც სომხეთში, ისე ევრაზიის სხვა ქვეყნებში. ევროპასა და ევრაზიისთვის ამერიკის მთავრობის დახმარების პროგრამების კოორდინატორის მარია ლონგის თქმით, ეს აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ეს ქვეყნები რუსეთსა და ჩინეთზე ნაკლებად ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი ენერგეტიკული კუთხით.
როგორც ცნობილია, სომხეთში მოქმედი მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 2036 წლამდე გახანგრძლივდა. აღნიშნული სადგურის მართვას და მომსახურებას „როსატომი“ ახორციელებს. ამასთან, მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ბირთვული ნავთობი-ურანი სომხეთში რუსეთიდან შედის. სომხური ატომური ელექტროსადგური რეგიონში ერთადერთია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს სომხეთში ქალაქ მეწამორთან ახლოს აშენდა.
საინტერესოა ისიც, რომ ევროკავშირი სომხეთს მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დახურვისკენ 2000-იანი წლებიდან მოუწოდებდა, რამდენადაც შეუძლებელი იყო მისი ისე გაუმჯობესება, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსულიყო. ფუკუშიმას სადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ ევროკავშირში ყველა ატომურ ელექტროსადგურზე კვლევა ჩატარდა.
რამდენად სახიფათოა ახალი ატომური სადგურის აშენება საქართველოს მახლობელ სომხეთში?!
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ახალი ატომური სადგურის აშენებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები შეუქმნას საქართველოს, რადგან სომხეთი სეისმურ ზონაში მდებარეობს და თუნდაც სპიტაკის მიწისძვრამ ცხადყო, რამდენად სეისმურად აქტიურ ზონაში იმყოფება მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონი. ამიტომაც საფრთხე არსებობს, მით უმეტეს, იაპონიის ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შემდეგ.
„მეწამორის ელექტროსადგური სომხებმა 1994 წელს აამოქმედეს, რადგან სომხეთში უარესი პრობლემები იყო ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, ვიდრე საქართველოში 90-იან წლებში. მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი უკვე სომხეთიც გვაწვდიდა ელექტროენერგიას. ამჯერად სომხეთი ახალ ატომურ ელექტროსადგურს აშენებს და ასეთ კომპრომისულ ნაბიჯს დგამს, რადგან რეალური წარმოება სომხეთს არ აქვს. თანაც, ეს ნაბიჯი იმის დემონსტრირებაა რუსეთის წინაშე, რომ ამერიკას შეუძლია სომხეთშიც შევიდეს და განიმტკიცოს პოზიციები კავკასიაში“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.
„საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გააჩნია, სად აპირებენ სომხები ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, სომხები ამას გეგმავდნენ თურქეთის საზღვართან, რაც, თავისთავად, საინტერესოა იმ თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები დათანხმდება თუ არა ამის გაკეთებას თურქეთის სიახლოვეს. ეს იქნება უთანამედროვესი ატომური სადგური.
„ჯერჯერობით ქართველები მონაცემებს არ ვფლობთ, კონკრეტულად სად აპირებენ სომხები და ამერიკელები ახალი ელექტროსადგურის აშენებას. გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან ერთად გამოჩნდება, უნდა ველოდოთ თუ არა საფრთხეს ამ ატომური ელექტროსადგურისგან. ისინი არიან ესპოს (საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას) კონვენციის წევრები და ვალდებულნი არიან, მეზობელ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, საქართველოს ოფიციალურად შეატყობინონ ამ პროექტის შესახებ“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე და დასძენს, რომ, ზოგადად, სეისმურ ზონებში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა სახიფათოდ ითვლება, მაგრამ ყველაზე მეტად სახიფათოა ატომური სადგურების ნარჩენები.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს სიახლოვეს სომხეთის ატომური სადგურის აშენება სახიფათოა და ეს ხდება საქართველოს სიცოცხლისუნარიანობის ხარჯზე.
„ატომური სადგურის აშენება საქართველოსთან ახლოს კარგი რომ არ არის, ამას რად უნდა ლაპარაკი. მე არ ვარ ამის სპეციალისტი, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ატომური სადგურის მშენებლობა ამერიკელების ჩარევით მიმდინარეობს, კარგი არ იქნება ჩვენთვის და საქართველოს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. აშკარაა, ამით უნდათ რუსების გაღიზიანება, ოღონდ, მეორე ფრონტის გახსნის არ იყოს, ესეც ისევ და ისევ, ხდება ჩვენი ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის ხარჯზე“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ for.ge-სთან საუბრისას.