„ნაციოანლურ მოძრაობაში“ ე.წ. ახალი პლატფორმის და გაერთიანების გამო პარტიაში დაპირისპირებამ იფეთქა. როგორც სანდო წაყროების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, პარტიიდან გენშტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი შეიარაღებული ძალების გენერალიტეტი წავიდა.
ასევე დაპირისპირებაა „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანთან დიმიტრი ჩიქოვანთან, რომელმაც ენმ-ის ჩატი დატოვა. ხოლო თბილისის ორგანიზაცია, რომელსაც ზაზა გოგავა ხელმძღვანელობდა, სოფო ჯაფარიძეს ჩააბარეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საარჩევნო სიაში ადგილების გამო სერიოზული დაპირისპირებაა დაწყებული.
„სტრატეგია აღმაშენებლი“, რომელიც სიაში თავისი პარტიიდან რამდენიმე კაცის ჩაწერას ითხოვს, პარტიაში უკმაყოფილების მიზეზია. ასევე მიშისტებსა და ახალ მენეჯმენტს შორის დაპირისპირება ე.წ. ახალი სახეების გარშემო დაიწყო, რომლებიც 8 ივლისს, პარტიას ყრილობაზე ზარ-ზეიმით შეუერთდნენ. მათაც დიდი ალბათობით, სიაში ჩასმას დაჰპირდნენ, რაც ენმ-ის სხვა წევრების კიდევ უფრო უკან გადაწევას ნიშნავს. არადა ყველა კვლევებით ჩანს, რომ „ნაციონალები“ 13%-მდე ხმებს იღებენ. მით უმეტეს პარტია „ახალი“-ს გამოჩენის შემდეგ სიტუაცია უფრო სათუოა, რადგან მათ ერთი ამომრჩეველი ჰყავთ.
თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახალ გაერთიანებებს ქმნიან, წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ. მისივე თქმით, „ნაციონალების“ ყრილობა გასვენებას უფრო ჰგავდა.
„როგორ შეიძლება სიახლეზე ვისაუბროთ? შეხედეთ მათ სახეებს, ვინ არიან. გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც იყო და მეგონა, ვიღაცის გასვენება იყო. გულწრფელად ვამბობ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა რაიმეში წარმატებას მიაღწიონ? გადახედეთ მათ განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორ მოქმედებდნენ, რას აკეთებდნენ - ჩვეულებრივი მკვლელები არიან. თუ რაიმე უბედურება, სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და გააკეთოს, ყველაფრის მკადრებლები არიან. როგორ შეიძლება, პოლიტიკოსი გერქვას, გიყვარდეს შენი ქვეყანა და დარბოდე უცხოეთში, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ასოცირების ხელშეკრულება არ გააფორმოს, დაასანქცირონ და ა.შ. ჩვეულებრივი მავნებლები არიან და ყველა რადიკალი ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავისროლოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების წინ კრიზისი და დაპირისპირება რომ დაიწყებოდა, მოსალოდნელი იყო. ანალიტიკოსის აზრით, სიებთან დაკავშირებით კონფლიქტი ჯერ კიდევ წინ არის და ეს დასაწყისია. ის არ გამორიცხავს, რომ ამის გამო პარტია შესაძლოა სხვებმაც დატოვონ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“, ფაქტია, დაპირისპირება უკვე დაწყებულია. მიხეილ სააკაშვილმა იმდენი იძახა გავერთიანდეთ, ერთიანი ფრონტი შევქმნათო, რომ იძულებულები არიან რაღაცა ერთობის ილუზია შექმნან. ამიტომაც სრულიად უსარგებლო და არაფრის მომცემ პოლიტიკოსებზე დადეს ფსონი. აქეთ რომ აიკიდეს ჭიჭე ვაშაძე და ის დანარჩენები, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ალბათ, საზოგადოების ნახევარი გიორგი ჯაფარიძეს ვერც ცნობს. სამაგიეროდ, არმაზ ახვლედიანს იცნობენ, როგორც უპრინციპო და არაფრისმაქნის პოლიტიკოსს, რომელიც ნებისმიერ პარტიაში შეძვრება, ოღონდ პარლამენტში მოხვდეს. ამიტომ ახლა ვაშაძესთანაც ვალდებულებები აქვთ. როგორც ჩანს, დავით კეზერაშვილსაც ვიღაცებთან პირობები აქვს სიაში ჩაწერაზე მიცემული და ეს ორთოდოქსი ნაცები თამაშგარეთ რჩებიან.
ყოველთვის ასე იყო, რომ პარლამნეტში გამსვლელი ოპოზიციური პარტიები სიაში ადგილებს ყიდდნენ. ნაცებისთვის ეს არ არის ახალი ამბავი. დავით კეზერაშვილმა სიის ათეული, ოცეული უკვე კარგ ფასში გაყიდა. მაგისთვის ფული ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ცოლის ძმაც კი გადააგდო. საარჩევნო კამპანიაში ფულის დახარჯვა კეზერაშვილს აღარ უნდა, ისედაც დიდი ხარჯი აქვს. ამიტომ ფულის სანაცვლოდ სიაში ადგილები გაყიდა“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, საარჩევნო სია გასაბერი ბურთი არაა, რომ გაიწელოს, მით უმეტეს ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ახალი“-ს ცალკე ჯგუფად გამოყალიბების შემდეგ, ენმ-ს ხმების წართმევის საფრთხე გაუჩნდა. შესაბამისად, სიაში პირველ ნომრად მოსახვედრად კეზერაშვილი ფასებს უფრო მაღლა აწევს.
„ალბათ, არჩევნების წინ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. ვფიქრობ, ბევრი მიშისტი პარტიას პროტესტის ნიშნად დატოვებს. ამ უსაგნო და არაფრისმომცემი ხალხის აკიდებისთვის ერთმანეთს შიგნით დაუპირისპირდებიან. არც ისაა გამორიცხული, სააკაშვილსა და კეზერაშვილს შორისაც დაიწოს დაპირისპირება. ვნახოთ, სია როგორ დაკომპლექტდება. მგონია, დიდი სკანდალი და სიუპრიზები კიდევ წინ გველის“, - ამბობს ახვლედიანი.