ამერიკაშიც ზუსტად იგივე პრობლემაა, რაც საქართველოში - პოლიტიკა ახალგაზრდებს არ აინტერესებთ და ამხელა ზესახელმწიფო მხოლოდ ორ მხცოვან საპრეზიდენტო კანდიდატს შეჰყურებს - ბაიდენს და ტრამპს.
დონალდ ტრამპი, რომელიც ასაკობრივად სულ რაღაც რამდენიმე წლით ჩამორჩება ჯო ბაიდენს, თავის მეტოქეს ბებერს უწოდებს. ტრამპთან დაკავშირებით რა უნდა ვთქვათ, როცა თავად ბაიდენის მომხრე ყოველი მესამე დემოკრატი თვლის, რომ ბაიდენი უნდა წავიდეს. დემოკრატები შეშფოთებულნი არიან, რომ ბაიდენის კანდიდატურამ შესაძლოა, ქვეყანა ტრამპის გამარჯვებამდე მიიყვანოს.
მართალია, თეთრ სახლში ირწმუნებიან, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ამ არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას არ განიხილავს, მაგრამ კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაიდენი ზუსტადაც კანდიდატურის მოხსნაზე ფიქრობს. ის თავის მართლების რეჟიმზეა გადასული და ტრამპთან ხელმოცარული დებატების შემდეგ რეაბილიტაციას იმით ცდილობს, რომ ირწმუნება, თითქოს დებატებზე კინაღამ ჩაეძინა, რადგან მანამდე მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.
ბაიდენის თქმით, მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთი თუ გაიყვანს მას საპრეზიდენტო რბოლიდან, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი არ ჩამოდის. 81 წლის პრეზიდენტმა მეხსიერების ტესტის ჩაბარებაზეც უარი განაცხადა და თქვა, რომ იგი ყოველდღიურად აბარებს მეხსიერების ტესტს.
დემოკრატი კონგრესმენი ლოიდ დოგეტი იმედოვნებს, რომ ბაიდენი მიიღებს მტკივნეულ და რთულ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო რბოლის დატოვების შესახებ. დოგეტის თქმით, ჯო ბაიდენს შეუძლია ხელი შეუწყოს ახალი თაობის ლიდერების ჩამოყალიბებას, რათა დაეხმაროს „დემოკრატიულ“ პარტიას საბოლოო მიზნის მიღწევაში, რაც ტრამპის დამარცხებაა.
რა უფრო გონივრული იქნება ამერიკისთვის, ბაიდენი გამოეთიშოს საპრეზიდენტო მარათონს, თუ დარჩეს ყველასთვის არასასურველ კანდიდატად?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, რა თქმა უნდა, მომგებიანი იქნება ამერიკელი დემოკრატებისთვის, ბაიდენი გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს, თორემ ვიწრო წრეს, ალბათ, აწყობს პერსონალურად ბაიდენი რომ გახდეს პრეზიდენტი, მაგრამ შესაძლოა, ამ კანდიდატურის დაყენებით დემოკრატებმა წააგონ არჩევნები.
„ბაიდენის გამო „დემოკრატებმა“ შესაძლოა, ყველაფერი დაკარგონ. ამდენად, „დემოკრატების“ ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ, უფრო გონივრული იქნება ბაიდენის ჩანაცვლება. არის სხვა კანდიდატურებზეც ლაპარაკი, მაგრამ, თავისთავად, ამხელა ქვეყნის წამყვანი პარტია არჩევნებამდე ორი თვით ადრე რომ ცვლის საპრეზიდენტო კანდიდატს, ეს უკვე წამგებიანი ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის განმარტებით, თავად ბაიდენს არ სურს, საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშოს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ, მართლაც, ბაიდენს დიდი წვლილი მიუძღვის დემოკრატიის განვითარებაში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის წარმოებაში, რადგან თავის დროზე ბაიდენი საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე იყო ამერიკის სენატში. შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი გახდა, საქართველოშიც იყო ჩამოსული და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს იმ დროს, როცა ობამა მოსკოვში იმყოფებოდა. თუმცა ამ ეტაპზე, თუკი ბაიდენს ხელს არ უწყობს ჯანმრთელობა, შეიძლება კონსულტაციები გაიაროს და შეთანხმება შედგეს „დემოკრატიულ პარტიაში“.
„მაინც მგონია, რომ „დემოკრატების“ მხარდამჭერები ხმას მისცემენ ბაიდენს. „დემოკრატებს“ ბაიდენის გარდა ჰყავთ რამდენიმე სხვა კანდიდატიც, მათ შორის, მიშელ ობამაც, იგი ობამას მეუღლეა, მაგრამ რამდენად გამოცდილი პოლიტიკოსია, ეს სხვა საქმეა. გასაგებია, ახლა ბაიდენი ასაკშია, მაგრამ ბაიდენი რეალისტი პოლიტიკოსი მაინც იყო, განსხვავებით, ობამასგან, რომელიც სუსტი ლიდერი აღმოჩნდა, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა წამოიწყო და ბოლოს მოტყუებული აღმოჩნდა. ასე რომ, კანდიდატების შერჩევა შეიძლება, ძალიან ბევრი გამოცდილი ადამიანი ჰყავთ ამერიკელ „დემოკრატებს“, -აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge-სთან საუბრისას .
მისივე მოსაზრებით, დებატების დროს შესაძლოა, ბაიდენი ვერ იყო თავის სიმაღლეზე, მაგრამ ბევრმა ამერიკელმა დაინახა, რომ ტრამპი არ არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია ამერიკის მომავალი განვითარება უზრუნველყოს. ტრამპი თამაშობს იმ ელექტორატზე, რომელიც შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებითაა დაინტერესებული, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინაზე მიდის დახმარება და ეს თანხა აკლდებათ ამერიკელებს. მაინც მგონია, რომ ამერიკელები აცნობიერებენ, რატომ არის საჭირო უკრაინის დახმარება, რომ ამით ამერიკის მომავალს უზრუნველყოფენ.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკისთვის გონივრული იქნება, რომ მან შეწყვიტოს დემოკრატების მიერ გატარებული მცდარი პოლიტიკა.
„ბაიდენი იქნება ხელისუფლებაში, თუ ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი, ამერიკისთვის მომგებიანი იქნება, რომ მან შეწყვიტოს ის პოლიტიკა, რომელსაც დემოკრატები, ანუ ფაშისტური ლიბერალიზმის მიმდევრები ატარებენ. ამ პოლიტიკის შეცვლა ამერიკისთვის გადარჩენა იქნება. ჩემი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის და დემოკრატების პირობებში ეს პოლიტიკა ვერ შეიცვლება“, - გვითხრა ნანა კაკაბაძემ.