ფასების შეკავება თანდათან რთული ხდება, ინფლაცია ტემპს კრეფს

ფასების შეკავება თანდათან რთული ხდება, ინფლაცია ტემპს კრეფს

ინფლაციამ უკვე ტემპი აკრიფა და წლის ბოლოს უკვე ყველსათვის თვალში საცემი იქნება. მყარი საფუძველია, რომ წლის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელი დაიძლევა, რაც ნამდვილად არასახარბიელო სიგნალია. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთა, ლარის გამყარება და სტაბილურობა ფასების საერთო დონის შენარჩუნების ძირითადი ფაქტორია.

2024 წლის ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 2.2%-მდე გაიზარდა, რაც 2024 წელს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის ინფორმაციის თანახმად, ინფლაციაზე გავლენა მოახდინა სურსათის ფასების 1.9%-ით გაძვირებამ, ასევე ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 11%-იანმა მატებამ.

ეკონომისტები მზარდი ტენდენციის გაგრძელებას პროგნოზირებენ, რაც, დიდი ალბათობით, წლის მეორე ნახევარიდან დაიწყება. სწორედ მოსალოდნელ შედეგზე ისაუბრა გალტ ენდ თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა და აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციას 4%-ის ფარგლებში ელოდება, ეროვნულ ბანკს კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების საშუალება აღარ ექნება.

„აპრილ-მაისში ჩანს, რომ ინფლაცია კვლავ მიზნობრივზე დაბლა ნარჩუნდება, მაგრამ არის ეტაპობრივი ზრდა. ვფიქრობთ, წლის მეორე ნახევარში ფასების ზრდის ტემპი გაგრძელდება. ამაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე იმ საქონლის ფასების ზრდა, როგორიც არის სურსათის და ნავთობის ღირებულება, რასაც გავლენა აქვს საქართველოში ფასების დონეზე. აგრეთვე, გარკვეულწილად, ლარის კურსის მერყეობასაც აქვს გავლენა.

ვფიქრობთ, წლის მეორე ნახევარში, ინფლაციური წნეხი მოიმატებს და წლის ბოლოსთვის ინფლაციას 4%-ის ფარგლებში ველოდებით. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების საშუალება აღარ ექნება, რომელიც ამ ეტაპზე 8%-ია. ჩვენი მოლოდინით, რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე ამ ნიშნულზე დარჩება“, - განაცხადა ბიზნეს მედიასთან ბოჭორიშვილმა.

ანალიტიკოსების მეორე ნაწილი ლარის რყევაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ მისი გაუფასურების შემთხვევაში ინფლაცია კიდევ მოიმატებს. მართალია, ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა საგრძნობლად მყარდება, თუმცა 2-3 თვეა დიდი მერყეობით გამოირჩევა და ამიტომ ახლო და საშუალო პერსპექტივაში არავინ იცის რა პოზიციაზე იქნება.

„თიბისი კაპიტალის ლარის კურსის პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, წმინდა სავალუტო შემოდინებები, ლარისათვის პოზიტიურია, თუმცა სენტიმენტები კურსის მნიშვნელოვან მერყეობას იწვევს. საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსის კუთხით შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, ხოლო ინფლაციის მხრივ, შეფასება ნეიტრალური ან პოზიტიურია. რას გულისხმობს ამ შემთხვევაში პოზიტიური? მართალია წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ სამიზნეზე დაბლაა, თუმცა გაწლიურებული ყოველთვიური მაჩვენებლები უკვე 3%-ზე მაღალია და ლარის გაუფასურების შემთხვევაში, თავისთავად, ინფლაცია კიდევ მოიმატებს. ამდენად, მოცემული ჩარჩოს 3 ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენი შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, განსხვავებით ადრინდელი საბაზო სცენარისა, სადაც ლარის მცირედით, მაგრამ სწორედ გაუფასურება მოიაზრებოდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

დამოუკიდებელი ექსპერტები კი ეროვნული ბანკის როლზე საუბრობენ. რეფინანსირების განაკვეთის როლზე ისაუბრა „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ და აღნიშნა, რომ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში სებ-მა საჭირო მონეტარული პოლიტიკა არ შეინარჩუნა.

ფასების ზრდა არ შეიძლება მონეტალური პოლიტიკისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეიცვალა, შერბილდა და ფულის მიწოდება გაიზარდა, ამიტომ სხვას არაფერს უნდა ველოდოთ. ასეთ შემთხვევაში ფასები აუცილებლად მოიმატებს, რადგან უფრო მეტად იზრდება ფულის მიწოდება, ვიდრე რაღაცის შექმნა. ამ ყველაფრის შედეგად ბაზრის რეაქცია არის ფასების ცოტათი მატება.

არ მესმის რატომ აკეთებს ეროვნული ბანკი ამას მუდმივად. ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც მონეტარული პოლიტიკა უნდა შენარჩუნებულიყო, პირიქით, არ შეინარჩუნეს, მიუშვეს სადავეებს, ფულის მიწოდება გაზარდეს და, რა თქმა უნდა, ფასების მომატებას შეუწყვეს ხელი. ამ დროს პირიქით უნდა მომხდარიყო, - განაცხადა შეშელიძემ.

მერაბ.g ესაა მისახედი, თორემ მეცოცხეები 30 მანდატს აიღებენ, თუ 40-ს რა მნიშვნელობა აქვს!
5 თვის უკან