აფხაზეთი სამშობლოა!!! - Абхазия, это Родина!!!

აფხაზეთი სამშობლოა!!! - Абхазия, это Родина!!!

თანამედროვე საზოგადოება, პროპაგანდით, ნარატივებით, მიმებითა და ლოზუნგებით იმართება. ეს სამწუხარო მოვლენაა, რადგანაც ადამიანის სააზროვნო აპარატი არის გაზარმაცებული და ძლიერნი ამაქვეყნისანი ამით ბოროტად სარგებლობენ.

პროპაგანდა - მინიმალური სიმართლის გამოყენებით, მაქსიმალური ტყუილის გავრცელების საშუალება.

ნარატივი - მონათხრობი ისტორია, რომლის ნამდვილობა საეჭვოა. თუმცა, კარგად მონათხრობი, ადვილად დასამახსოვრებელი და დამაჯერებელია.

მიმები - ახალგაზრდებისათვის გასაგებ ენაზე მეტყველი, გამოსახულებითი საშუალება.

ეს საკითხები სხვა დროს გავშალოთ და ჩავუღრმავდეთ. მკითხველის ყურადღებას კი, ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტური მანიპულაციის საშუალებაზე, ლოზუნგებზე, იგივე სლოგანებზე გავამახვილებ. ლოზუნგი შეიძლება იყოს რამდენიმე სიტყვიანი. მაგალითად, „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“. ალბათ, გემახსოვრებათ, ეს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო. საკმაოდ კარგი ლოზუნგია. მასში აბსტრაქცია ჭარბობს. თუმცა, ირიბად, თითქოს კონკრეტულ საქმეზე მიანიშნებს. ჩვენ საქმის მკეთებელი პოლიტიკური ძალა ვართ, ჩვენი ოპონენტები კი, ლაი-ლაით არიან დაკავებულნი. კიდევ ერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ეს არის ლოზუნგინაბეღლავი ჯობია“. იგი ორსიტყვიანი კომერციული ლოზუნგია, მაგრამ აზრის ტევადობით, პროდუქტის წარმოჩენით და კონკურენტების უფლებების დაცვის კუთხით, მართლაც რომ უმწიკვლოა! ასეთი ორსიტყვიანი და დიდი აზრის მატარებელი ლოზუნგები, ისე ღრმად ჯდება ადამიანის ქვეცნობიერში, რომ შეიძლება გენეტიკურად გადაჰყვეს, პროდუქტის მომხმარებლის შთამომავლობას. მართლაც რომ, ლოზუნგი შემეცნებითი/კოგნიტური იარაღია, მოხერხებულთა ხელში.

არსებობს პატრიოტული ლოზუნგები, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, სოციო-ემოციური მუხტის შესანარჩუნებლად. მუხტი თავად, ძალზედ მნიშვნელოვანია იმ სულისკვეთებისათვის, რომელიც ისტორიული უსამართლობის გასწორებაში (და)გვეხმარება და მუდმივ მზადყოფნაში გვამყოფებს წართმეულის უკან დასაბრუნებლად. თუმცა, არსებობს ისეთი სიტუაცია, როდესაც ეფექტურ ლოზუნგს ასევე ეფექტური კონტრლოზუნგი უპირისპირდება. მაშინ, როდესაც ერთი მხარე, საკუთარ ლოზუნგს, კარიბჭის შემანგრეველი ძელივით იყენებს, კონტრლოზუნგი, მყარი კედელივით აღიმართება. გაყინული კონფლიქტების პირობებში, დაპირისპირება გონებრივ/მენტალურ დონეზე, სწორედ ლოზუნგების მეშვეობით გრძელდება. ასეთი მდგომარეობა (ცივი დაპირისპირება) შეიძლება ათწლეულები გაგრძელდეს და გრძელდება კიდეც. ხანდახან ჩნდება აზრი, რომ ლოზუნგი რომელიც ჩვენია და მასზე ყველანი ვთახმდებით, რადგანაც მის მართებულობაში ეჭვი არ გვეპარება, ნამდვილად ჩვენს მიერ არის შემუშავებული? უნებლიედ მეფიქრება-ხოლმე, თავად იმ მოხერხებულთა მიერ ხომ არ არის შექმნილი, ვინც მეორე მხარესთან უფრო მჭიდრო კონტაქტშია და მეტი ზეგავლენა აქვს პროცესებზე? იციან რა, ჩვენი კავკასიური ემოციურობა და საკუთარი ხუთი თითივით გვიცნობენ, ლოზუნგების ჯახი მოგვიწყვეს და მოლაპარაკების ყველა საშუალება ჩაგვიხერგეს?!

ალბათ, მიხვდებოდით რომელ ლოზუნგებს ვგულისხმობ? „აფხაზეთი საქართველოა“ დააფხაზეთი აფხაზეთია“. ამ უკანასკნელს, მთელი ჩემი არსით ვეწინააღმდეგები და არასოდეს გავიზიარებ. მაგრამ მინდა, რომ ვიფიქროთ, ღრმად დავუკვირდეთ მოცემულ მდგომარეობას. ცივი იურიდუილი ენით, რომ განვიხილოთ, ჩვენი ლოზუნგი დე იურე, ხოლო მათი დე ფაქტო.

(აფხაზეთის სრული დე ფაქტო მდგომარეობა, მხოლოდ 2008 წლის ომამდე იყო. ახლა კი, აფხაზეთი ნაწილობრივ აღიარებულად ითვლება და ვინ იცის, რა იქნება მომავალში?)

მარტივი ენით, რომ ვთქვათ, საკუთრება ჩვენია, მაგრამ ვერ ვფლობთ, ხოლო ისინი ფლობენ და არ ეკუთვნით. მესაკუთრე, რომელიც ვერ ფლობს, დიდ დროში კარგავს. მფლობელი კი, რომელსაც არ ეკუთვნის, სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში, ჩამოერთვევა. დაისმის შეკითხვა, რომელი მხარის სასარგებლოდ მუშაობს დრო? ან აღდგება კი, როდესმე სამართალი? ჩემი აზრით, დრო მუშაობს მესამე მხარეზე, იმაზე, ვინც აკონტროლებს კონფლიქტის ცივ და ცხელ ფაზებს; ვისთანაც დევს კონფლიქტის გასაღები; ვინც მანიპულირებს მხარეების ემოციურ-კოგნიტური მდგომარეობით; ის, ვინც შეიძლება ჩვენთვის ქმნიდეს და გვაპარებდეს ლოზუნგებს. მართლაც, როდის და ვის მიერ შეიქმნა ეს ლოზუნგები? მე ვერ ვიხსენებ და იქნებ, ვინმემ გაიხსენოს. გავიხსენოთ სიტუაცია, როდესაც ქართველი და აფხაზი (ძირითადად სოც.ქსელებში) ერთმანეთს ხვდება, პირველი სატესტო შეკითხვა მათ შორის, არის შემდეგი - აფხაზეთი საქართველოა? „ვიზავი“ არ აყოვნებს და პასუხობს:აფხაზეთი აფხაზეთია!!“ ან პირიქით, მეორე მხარე სვამს შეკითხვას, „აფხაზეთი აფხაზეთია?“ დარწმუნებული ვარ, რომ ამ წერილის წამკითხველთა უმრავლესობა, თავად ყოფილა მსგავსი კითხვის დამსმელი ან შეკითხვის მიმღები. თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რა ტონზე წარიმართება ხოლმე საუბარი და რა ბილწსიტყვაობით სრულდება იგი. და ასე გრძელდება დღემდე, უკვე ოცდაათ წელზე მეტია. მანამ, სანამ ლოზუნგების საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით, დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა - ვაპირებთ თუ არა მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებას და ენგურსგაღმელებთან თანაცხოვრებას? ხომ უნდა დასრულდეს მათი გაღმელობა და ჩვენი გამოღმელობა?! ჩემი აზრით, უნდა დასრულდეს! ეთნოკონფლიქტი (რომელსაც ქვედა შრეები გააჩნია) ურთულესი და უფაქიზესი საკითხია, უამრავი ადამიანის ტკივილთან და ტრაგედიასთან დაკავშირებული მოვლენაა. ზოგიერთმა ადამიანმა, შეიძლება არასწორად გამიგოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამშობლოს ერთიანობას მოწყურებულთა უმრავლესობა არ გამიგებს ცუდად. ძალიან დიდი იმედი მაქვს.

პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ მხარეს საკუთარი ლოზუნგი, არც მეტი, არც ნაკლები, 100%-ანი სიმართლის მქონედ მიაჩნია, ხოლო საპირისპირო მხარის ლოზუნგი, ასივე პროცენტით ტყუილი! მათ შორის არ არის და არც შეიძლება იყოს, საცალფეხო ხიდიც კი. საქმე გვაქვს ორ ყრუ კედელთან, ლოზუნგების სასტიკ ომთან. ასეთ ვითარებაში, საუბარი შეუძლებელია. ერთ მცირე გადახვევას გავაკეთებ. ეთნოკონფლიქტების საომარი მოქმედებების მსვლელობისას, თუკი, მასში დაინტერესებული მესამე, მოსარგებლე მხარე არსებობს, იგი ცდილობს ხელი შეუწყოს, ან თავად განახორციელოს ისეთი მოქმედება, რაც ემოციურ გრადუსს, ეთნო-ზიზღს აათმაგებს. სოფ. ლათას ტრაგედია აფხაზეთში, სოფ. ძარის ტრაგედია სამაჩაბლოში...

და თუ მოსარგებლე მხარეს, შესაძლებელია, რომ მატერიალურ ტექნიკური ზემოქმედება ჰქონდეს კონფლიქტის მსვლელობაზე, რატომ არ შეიძლება, რომ იგი ვერბალურ-კოგნიტური ხერხებითაც ერეოდეს ჩვენს დაუსრულებელ კონფლიქტში? ეს, უბრალოდ, ჩემი დაკვირვებაა კონფლიქტზე და მასთან დაკავშირებულ ნიუანსებზე-დეტალებზე. ხომ შეიძლება, რომ ეს ზუსტი და წყალგაუვალი ლოზუნგიაფხაზეთი საქართველოა“, მოსარგებლე მხარის მიერ იყოს მოგონილი და შემოგდებული, რაზეც რეაგირება კონტრლოზუნგის შექმნაზე იყო მყისიერი. ან თავად შეიმუშავა და შესთავაზა მათ?! არც ის მინდა, რომ ყველაფერი მესამე მხარეს გადავაბრალო, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ერთმანეთან საუბარი. რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ერთმანეთთან თანაცხოვრება არ აგვცდება. გეოპოლიტიკა და დიდი მოთამაშეების ინტერესები ერთია, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გამოვძებნოთ საერთო ენა. დავიწყოთ ლოზუნგებით. ისეთი ლოზუნგი შევიმუშავოთ, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისათვის. ისეთი ლოზუნგი, რომელიც ჩვენ შორის მხარეებს გააქრობს და ერთიან ორგანიზმად გვაქცევს. ჩემი ვარიანტიააფხაზეთი სამშობლოა“ „Абхазия это Родина“ ჩვენი და მათი. საერთო სამშობლო, საიდანაც იარაღის ძალით გამოგვდევნეს, მაგრამ უარი ვერ გვათქმევინეს. ეს შეუძლებელია! ქართველი უარს ვერ იტყვის თავის სამშობლოზე. არც მათ აქვთ სხვა სამშობლო. სამშობლო კი, ერთიანია. თითოეული კუთხე და თითოეული გოჯი მიწა, სრულყოფილად განასახიერებს ერთიან სამშობლოს. შესაბამისად, „აფხაზეთი სამშობლოა“ თავის თავში ერთიან საქართველოს ატარებს, ქართულ ლოგოსს, თანაც ისე, რომ არ აუქმებს პირვანდელი ლოზუნგის ეთოსს, ხოლო ანეიტრალებს კონტრლოზუნგის პათოსს. ისინი ვეღარ გვეტყვიან, რომ აფხაზეთი ჩვენი სამშობლო არ არის. არც ჩვენ ვართმევთ მათ უფლებას, რომ აფხაზეთი იყოს მათი სამშობლო. ლოზუნგების ომი უნდა დავასრულოთ, ვცადოთ და დავიწყოთ მცირედით, მაგრამ სიახლით.

P.S. აუცილებლად დაისმება შეკითხვა, თუ ვის ველაპარაკოთ. სეპარატისტულ ელიტას თუ რიგით მოქალაქეებს? ვფიქრობ, რომ არ შეიძლება მათი დაშორიშორება. ისენი მაინც ერთიან ორგანიზმს წარმოადგენენ, როდესაც ჩვენთან და ჩვენს საერთო პრობლემატიკაზე იწყება მსჯელობა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ჩვენს გონებაში უნდა ჩამოვაყალიბოთ სწორი პოზიცია და სათქმელიც, ხოლო ადრესატი კი შემდეგ მოიძებნება.