ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერდით ყველა იმ პარტიის გაერთიანებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხმებზე პარაზიტობს

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერდით ყველა იმ პარტიის გაერთიანებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხმებზე პარაზიტობს

„გირჩის“ ტაქტიკაა, ამომრჩეველს ვაჩვენოთ განსხვავება ჩვენსა და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის. ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც პრინციპები და იდეები გააჩნია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ამომრჩეველი სხვაობას დაინახავს და 26 ოქტომბერს სათანადოდ დააფასებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით ყველა იმ პარტიის გაერთიანებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხმებზე პარაზიტობს. არ არის სწორი, მიხეილ სააკაშვილს ხმები წაართვა, რადგან ვერ გაიყავი ადგილები თუ თანამდებობები. მიხეილ სააკაშვილის წინადადებას მხარს ვუჭერდით, „ახალი“ იქნება, „ლელო“ თუ ზურა ჯაფარიძე-ხოშტარია და ა.შ., მათ შორის, „ევროპული საქართველოც“ „ნაცებში“ შესულიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ გაინაწილეს ადგილები, ვერ დალაგდნენ თანამდებობებზე და ეს ამბავი არ გამოდის.

არ მჯერა, რომ ორი განსხვავებული პოლიტიკური ძალაა, სადაც ერთ მხარესაა, მაგალითად, ნიკა გვარამია და მეორე მხარეს – მიხეილ სააკაშვილი და თინა ბოკუჩავა. ეს არასერიოზულად გამოიყურება. თავადვე აწერენ დოკუმენტს ხელს, სადაც ამბობენ, რომ არჩევნებამდე ერთიანი იქნებიან და არჩევნების შემდეგ ერთიანად უქმდებიან. ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიციას არ შეუკრავენ და შეუკრავენ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. არ მესმის, რატომ ატყუებენ ამომრჩეველს, რომ „ნაცები“ არ არიან. თუ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა მთავარი ამოცანა, შენ მსუყე მეორე ადგილისთვის კი არ უნდა იმუშავო, რომ უფრო მეტი ადგილები გქონდეს პარლამენტში და მიშას დაუმტკიცო, რომ ტყუილად დაკარგა მთავარი პროპაგანდისტი, არამედ რეალურად გვერდზე გადადო ადგილებზე ვაჭრობა და მართლა პოლიტიკას დაუთმო დრო“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, „ახალი“ იქნება თუ „ლელო“, ბოლო თვეები მხოლოდ იმაზე დააკარგინეს პოლიტიკურ სპექტრს და ქვეყანას, გაერთიანდებიან თუ არა.

„პრობლემა ისაა, რომ მათ მოგება არ უნდათ. თუ მოგება უნდათ, დალაგებულიყვნენ. დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ ფულიც დაეხმარებოდა „ნაცმოძრაობას“. „ნაცმოძრაობის“ აქტივი და სტრუქტურა დაეხმარებოდა „ლელოს“ და იმ პარტიებს, რომლებსაც ეს არ აქვთ. ყველასთვის გასაგები იქნებოდა, რომ ის პარტიები, რომლებიც ერთობას აცხადებენ და დეკლარაციას ხელს აწერენ, ერთად არიან.

ჩვენ დიდი ხანია, საარჩევნო კამპანიაში ვართ. ჩვენი ტაქტიკაა, რომ ამომრჩეველს ვაჩვენოთ განსხვავება ჩვენსა და მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის. ერთადერთი პარტია ვართ, ვისაც პრინციპები და იდეები გააჩნია. ერთადერთი პარტია ვართ, ვინც მზად ვართ, ყველასთან ვითანამშრომლოთ და, ამავდროულად, ჩვენი პრინციპები არ დავარღვიოთ. იმედია, ამომრჩეველი ამ სხვაობას დაინახავს და 26 ოქტომბერს სათანადოდ დააფასებს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

Gami უსარგებლო იდიოტები/გირჩი/ "მწიფე" წარმომადგენელი! რას ბლანდავს?!
1 კვირის უკან