დავით ზარდიაშვილი: საფრნაგეთში მემარჯვენეები დამარცხდნენ. მაგრამ არავის გაუმარჯვია

დავით ზარდიაშვილი: საფრნაგეთში მემარჯვენეები დამარცხდნენ. მაგრამ არავის გაუმარჯვია

 ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ვინ გაიმარჯვა საფრანგეთის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში? შედეგები ასეთია: მემარცხენე "ახალი სახალხო ფრონტი" -182 მანდატი, მაკრონის "ერთიანობა რესპუბლიკისთვის" - 168 მანდატი, ლე პენის და ბარდელას "ეროვნული გაერთიანება" - 143 მანდატი. მემარჯვენე ცენტრისტები - გოლისტები, რესპუბლიკელები  -61 მანდატი, დანარჩენი ადგილები გაინაწილეს უმნიშვნელო გავლენის წვრილ-წვრილმა პარტიებმა;

ფაქტია: მემარჯვენეები დამარცხდნენ, თუმცა არც მემარცხენეებს გაუმარჯვიათ და არც მაკრონის ლიბერალებს. უმრავლეოსობა 577 მანდატიან პარლამენტში არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ მოუპოვებია; მთავრობა აუცილებლად კოალიციური იქნება, სავარაუდოდ მემარცხენეებისა და ლიბერალების მიერ დაკომპლექტდება, მაგრამ ეს უაღესად არამყარი და სუსტი კოალიცია იქნება. ძლიერი მემარჯვენე ოპოზიციით და უკიდურესად სუსტი შინაგანი სტრუქტურით.

თავად მემარცხენე "ახალი სახალხო ფრონტი" იმდენად ჭრელი და ერთი-მეორესთან არც თუ კეთილგანწყობილი პარტიებისგან შედგება, რომ უდიდესი ალბათობით, აუცილებლად სწრაფად დაიშლება; შეუძლებელია მელანშონის "დაუმორჩილებელი საფრნაგეთი", რომელიც რადიკალურად მემარცხენე და საგარეო თვალსაზრისით სულაც პრო-პუტინისტური პარტიაა, ლიბერალურ კოალიციაში შევიდეს და თუკი მაინც შევიდა, დიდხანს დარჩეს იქ. მეტ-ნაკლებად იგივეს თქმა შეიძლება ამ ეკლექტური მემარცხენე გაერთიანების დანარჩენ პარტიებზეც - ოლანდის სოციალისტებზე, კომუნისტებზე თუ მწვანეებზე. მწვანეებმა იმთავითვე განაცხადეს, რომ მაკრონის ლიბერალებთან კოალიციაში არ შევიდოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს,  გარკვეული კომპრომისი, რათა მთავრობა შედგეს, უნდა აიტანონ.

ნებისმიერ შემთხვევაში - სტაბილურ და საკმარისი ნდობით აღჭურვილ მთავრობას საფრანგეთი ვერ მიიღებს; კოლაიციას, რომელსაც მხოლოდ მემარჯვენეების მიმართ წინააღმდეგობა და მათი დამარცხება აერთიანებს, გაუჭირდება რაიმე პოზიტიური პროგრამის გარშემო პოლიტიკის შექმნა; მემარჯვენეების დამარცხების ეიფორია კი დიდხანს არ გაგრძელდება - მძაფრი კრიზისები გარდაუვალია; აშკარაა: დემოკრატია უძლური ხდება რაიმე მყარ, დროში განგრძობად  საზოგადოებრივ კონსენსუსს მიაღწიოს, მდგომარეობა მიდის იქითკენ, რასაც "ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ" შეიძლება ეწოდოს.

2027 წლამდე, როცა საფრნაგეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებია, კვლავაც "სტაბილურად არასტაბილობას" უნდა ველოდოთ. ამ არასტაბილობამ შეიძლება სხვადასხვა განვითარება ჰპოვოს, მაგრამ გამარჯვებისგან საფრნაგეთი, ისევე, როგორც მისი პოლიტიკური ჯგუფები, ისე შორსაა, როგორც არასდროს. დემოკრატია საკუთარ თავს ჭამს - ეს უკვე ზოგადი ტენდენცია გახდა დასავლეთისათვის.

პლატონი იმთავითვე მართალი იყო - დემოკრატია ჯერ ქაოსსა შობს, ბოლოს კი - ტირანიას. ვერავინ იტყვის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ქაოსი, ანდა ვერც იმას - შობს თუ არა საფრანგეთი ახალ ნაპოლეონს ამ ქაოსის აღსაკვეთად, რაც დემოკრატიამ მოიტანა?!

რაც მთავარია: ამერიკული დემოკრატიის სიძაბუნის, რაც ბებრული მარაზმის ფორმის გერონტოკრატიით მკაფიოდ დემონსტრირდება, ფონზე  ევროპული და უწინარესად ფრანგული დემოკრატია, ისევ და ისევ დამარცხებების კასკადით განაგრძობს სვლას გაურკვეველი მიმართულებით.

დიახ: საფრნაგეთში მემარჯვენეები დამარცხდნენ. მაგრამ არავის გაუმარჯვია”.