საქართველოში ერთობლივი წვრთნის გაუქმების პარალელურად, 15-24 ივლისს აშშ ერთობლივ წვრთნას „Eagle Partner-2024“ ჩაატარებს სომხეთში, რომელიც „კარგად იქცევა“ - ანუ ისე, როგორც ვაშინგტონს უნდა. აშშ-სა და საქართველოს შორის დაპირისპირება მწვავდება. პოლიტიკური სანქციების შემდეგ, აშშ-მა ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, პენტაგონი განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.
გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა 30 მაისს დაიწყო. ანუ, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ და ასევე, პარლამენტში დარეგისტრირდა კანონის პროექტი ლგბტ-ს პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.
როგორც აშშ-ის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ღირსეული პარტნიორის“ ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გასახსნელად, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ.
ამ ლოგიკით შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის. თავდაცვის მინისტრი გაუგებარ გადაწყვეტილებას უწოდებს აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი არსებობს, შესაბამისად, ემზადებიან წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2025 წელს.
„გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას. თუმცა, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებებში, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფები, არის სასარგებლო ღონისძიება, როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის და ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილა რობინ დანიგანისთვის. აშშ-ის ელჩის განცხადებით, გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრების მხრიდან, ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა.
„ახლა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვის პროცესი მიმდინარეობს. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. სწორედ ამიტომ სამწუხაროა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.
მაშ ასე, აშშ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთს აშორებს საქართველოს და ამ მოტივით იწყებს ურთიერთობის გადახედვას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ პირველად 2015 წელს მმართველი პარტიის ძალისხმევით ჩატარდა და შემდეგ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სწავლების მიზანს მხოლოდ საქართველოს დახმარება არ წარმოადგენდა, არამედ ის ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო, როგორც საქართველოსთვის ასევე აშშ-სთვის, მისი გაუქმებით კი აშშ-მა აჩვენა, რომ მისთვის მიუღებელია ხელისუფლება, რომელიც ამერიკული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მორჩილი არ არის.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, საქართველოში „Noble Partner“-2024 („ღირსეული პარტნიორი“-2024) ტექსტს თუ ბოლომდე წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ აშშ „მოუთმენლად ელის“ მომავალ თანამშრომლობას პარტნიორებთან (ანუ საქართველოსთან) 2025 წელს.
ანჯაფარიძის თქმით, ზემოთ ხსენებულს პოლიტიკური დატვირთვა აქვს და აშშ-ს იმედი აქვს, რომ საქართველოს მათი ბრძანებების თუ სურვილების უსიტყვოდ შემსრულებელი ხელისუფლება ეყოლება და ამისთვის აშშ ინტენსიურად მუშაობს და სწავლების გადადებაც ამ გეგმის ნაწილია. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, თუ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ სუფთად და დამაჯერებლად გაიმარჯვა, ამერიკელები სამხედრო სწავლებასაც აღადგენენ და კიდევ ბევრ სხვა რამეს დაამატებენ.
„ტექსტში განსაკუთრებით საგულისხმო ბოლო პარაგრაფებია, სადაც წერია, რომ: „აშშ გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ წვლილს, რაც მის პარტნიორებს (ამ შემთხვევაში საქართველოს) შეაქვს ასეთ სწავლებებში. იქვე ხაზგასმულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „მოუთმენლად ელის“ მომავალ თანამშრომლობას პარტნიორებთან (ანუ საქართველოსთან) 2025 წელს და ა.შ.
პირადად ჩემთვის, სწორედ ეს ბოლო ორი პარაგრაფია მნიშვნელოვანი, ვიდრე განცხადების დასაწყისში მოყვანილი „ბლა-ბლა“ - მნიშვნელოვანია სწორედ, პოლიტიკური დატვირთვის გამო. აშშ გვეუბნება და არა მარტო ჩვენ (კიდევ ვის-გასაგებია!), რომ ხელს არ გაგიშვებთ, დახმარებას გავაგრძელებთ, აი, სამხედრო სწავლებას კი 2025 აღვადგენთო.
ეტყობა, იმედი აქვთ, რომ გაისად საქართველოს, ამერიკის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი და მათი ბრძანებების თუ სურვილების უსიტყვოდ შემსრულებელი ხელისუფლება ეყოლება. ამისთვის კი აშშ ინტენსიურად მუშაობს და სწავლების გადადებაც ამ გეგმის ნაწილია. მაგრამ თუ არჩევნებში „ოცნებამ“ სუფთად და დამაჯერებლად გაიმარჯვა, ამერიკელები სამხედრო სწავლებასაც აღადგენენ და კიდევ ბევრ სხვა რამეს დაამატებენ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სამხედრო სწავლების ჩატარება, მით უმეტეს შორეულ საქართველოში, ამერიკულ ბიუჯეტს ფული უჯდება. პრაგმატული ამერიკელები კი ერთ ცენტსაც არ ჩადებენ ისეთ საქმეში, სადაც ინტერესი არ აქვთ და სარგებელს არ ელოდებიან. „როგორც ერთმა ნაცნობმა სამხედრომ მითხრა, საქართველოში ჩატარებული წვრთნებით, ამერიკელებიც იღებენ კარგ სარგებელს - დეტალებს არ მოვყვები“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ამერიკა გადის რეგიონიდან და თვლის, რომ პირიქით, ამერიკას რეგიონი აინტერესებს, რათა ეს რეგიონი არ გადაიქცეს ტრანზიტის რეგიონად. კერძოდ, ჩინეთიდან ევროპისკენ ტვირთების ტარანზიტ-რეგიონად.
„ვიცით, რომ ბოლო ხანებში აზერბაიჯანზეც არის კბენა დაწყებული და აზერბაიჯანელმა ექსპერტებმა კრიტიკული პოზიცია გამოხატეს დასავლეთის მიმართ და თქვეს, რომ ეს ორმაგი სტანდარტებიაო. ასე რომ, რაღაც უფრო რთულ პროცესთან გვაქვს საქმე, ვიდრე რეგიონიდან გასვლის პროცესია. ჩვენ ვნახეთ ავღანეთიდან ისე გავიდა ამერიკა, რომ განცხადება არ გაუკეთებია. ანუ, თუ გასვლა უნდა, ამას არ სჭირდება თითების ქნევა, გავიდოდა ისედაც. იმდენს იქნევს მუშტებს, რომ სავარაუდოა, გასვლა არ უნდა. პირიქით, მუშტების ქნევა დაშინების სურვილს ავლენს უფრო მეტად და დაშინება რისთვის უნდა? - იმისთვის, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს ათქმევინოს უარი ჩინურ ტრანზიტზე, რომელიც ეკონომიური თვალსაზრისით, შედის საქართველოს ინტერესებში.
უფრო რთული სიტუა არის, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ვიგულისხმოთ. გადის რეგიონიდან, ეს უფრო გაბუტვის სურათია და ბევრი თვლის, რომ აი, ამერიკა ებუტება საქართველოს იმიტომ, რომ აქ დემოკრატიას არ იცავენ. მეეჭვება, რომ ასეთი მარტივი სურათი იყოს, დიდ პოლიტიკას ასეთი ბავშვური თამაშები არ უყვარს. ვფიქრობ, რომ ამირიკის მიზანია საქართველოს გადაადგმევინოს მისთვის სასურველი ნაბიჯები და ეს არის ბრძოლის მიზანი. ბრძოლა კი იმიტომ გაჩაღდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა არის საქართველოს ინტერესში. ამიტომ, ამერიკას აწყობს საქართველომ თქვას უარი იმაზე, რაც თვითონ საქართველოს აწყობს. ასე რომ, ეს არის მკაფიო ინტერესთა ბრძოლა“, - აცხადებს საყვარელიძე.
კითხვაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში რას ნიშნავს პენტაგონის გადაწყვეტილება, პოლიტოლოგს უჭირს პასუხის გაცემა და ამბობს, რომ ძნელია იმის თქმა, გრძელვადიან პერსპექტივაში თვითონ ამერიკა როგორი იქნება.
„ვიცით, მოდის მოდის არჩევნები, ვიცით, რომ ერთ-ერთი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ყველა ეხვეწება დაანებე არჩევნებს თავიო. ამიტომ სრულიად გაუგებარია რა მოხდება ამერიკაში. ამერიკაში, რომელმაც მოახერხა, რომ კითხვის ნიშანი ჩნდება როგორი იქნება მისი მომავალი, როგორი იქნება ურთიერთობა საერთაშორისო ურთიერთობებში ახალ ჩართულ ზესახელმწიფო ჩინეთთან,
ამ კითხვებზე პასუხის გარეშე იმ პროგნოზების კეთება - საქართველოს რას უზამს ამერიკა - ძნელია. მით უმეტეს არც ის არის გარკვეული, რეალურად, რას აპირებს ამერიკა. გავიხსენოთ, რომ 30 კაცზე გამოცხადებული სანქციების სიიდან, ჯერჯერობით არც ერთი არ იძახის მომივიდა სანქციებიო. რა გააკეთეს ამ გამოცხადებით, ძნელი სათქმელია. ეს უფრო დაშინებას გაქვს, ვიდრე რეალურ დაპირისპირებას. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შემდეგ ამერიკამ დაპირისპირებაზე უარი თქვას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ჩვენ თავი დაგვანებონ. ეს ნახევარი თბილისის ოდენა საელჩოც იქ გადაიტანონ, თავის ლუგარიანად და წვრთნებიც ჩაუტარონ.
ამერიკის აშენებული, სხვა ქვეყანა, ჯერ არავის უნახავს.
არ გამოადგებათ სომხეთი რუსეთის საჩხიკინოდ, არ ესაზღვრება და იმიტომ, მაგრამ ირანის და თურქეთის საკონტროლებლად კი გამოიყენებენ. მით უმეტეს რომ, თურქეთი თანდათან პრობლემური ხდება მაგათთვის. აქეთ კიდევ აზერბაიჯანია მოსათვინიერებელი.
პრობლემა ის არის, რომ თავს იოლად არ დაგვანებებენ. არ არის გამორიცხული ოქტომბრის ბოლოს დიდ შარში გაგვხვიონ, არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებით.
ღმერთმა ნუ ქნას რამე მოხდეს თორემ დათვი ამას არ გადაყლაპავს და მაშინ კი მართლა ვიქცევით ბრძოლის პოლიგონად და დადგება ჩვენი, ისედაც ფუყე, სახელწიფოებრიობის აღსასრული.
ღმერთო, დაიფარე საქართველო.