გენერალური პროკურორის პოსტს გიორგი გაბიტაშვილი დაიკავებს

გენერალური პროკურორის პოსტს გიორგი გაბიტაშვილი დაიკავებს

for.ge-ს ინფორმაციით, გენერალური პროკურორის პოსტს ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი დაიკავებს. საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრება დაიწყო. ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული და მათ შორის არიან: ლალი ბუნტური, გრიგოლ გაგნიძე, დარეჯან ბუცხრიკიძე, ანდრონიკ სარიბეკოვი, სალომე ჯანუაშვილი, გიორგი გაბიტაშვილი, დავით ბარბაქაძე, ლაზარე ჯორბენაძე, პაატა შავაძე, ალექსანდრე კობაიძე და ვიქტორ ახალბედაშვილი. ყველა პირთან საბჭო ინდივიდუალურ გასაუბრებას ჩაატარებს.

ირაკლი შოთაძის შემცვლელად მედიაში უმრავლესობის წევრების - მამუკა მდინარაძის და ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, მდინარაძე პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს და ის იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, მდინარაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა და მთელი სამართლის სისტემა დღეს არის თვისობრივად განსხვავებული, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ყველა მოსამართლე, პროკურორი და გენერალური პროკურორი ინიშნებოდა ერთი ადამიანის მხრიდან, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი.

„იუსტიციის მინისტრი, ამავდროულად, იყო გენერალური პროკურორი. ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს სისტემა თვისობრივად შეცვლილია ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არც პრეზიდენტს, რომელსაც ნომინალური უფლებები აქვს და არც რეალურ ხელისუფლებას - მთავრობას პროკურატურასთან და სასამართლოს სისტემასთან შეხება არ აქვს, ვერც დანიშვნაში იღებს მონაწილეობას, ვერც მის ფუნქციონირებაში. აქედან გამომდინარე, სისტემურად სულ სხვა დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე, ამ სისტემური ცვლილებების შედეგად უკვე პროკურატურაც და სასამართლოც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციები, ისე ყალიბდება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამტკიცებენ, რომ გენერალური პროკურორის არჩევა ფორმალურად ხდება და „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიტაცების პოლიტიკას აგრძელებს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს მისი ერთგული თანამდებობის პირების დანიშვნას.

„სამწუხაროა, რომ გენერალური პროკურორის არჩევა ფორმალურად ხდება. „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიტაცების პოლიტიკას აგრძელებს და ცდილობს, რომ მისი ერთგული თანამდებობის პირები დანიშნოს. გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურაც, სწორედ, ამის ნათელი დადასტურებაა. ჩვენ მოვუწოდებდით და კვლავაც მოვუწოდებთ, რომ კანდიდატებმა არ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, იმიტომ რომ, ის ლეგიტიმურობას მოკლებულია“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ხელისუფლება ეს პერიოდი ფეხბურთით იყო დაკავებული, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ექნება. ამასთან, ხვიჩია აცხადებს, რომ ახლა არ არის გენერალური პროკურორის არჩევის დრო, მის მოვალეობას არჩევნებამდე უნდა ასრულებდეს პროკურორის რომელიმე მოადგილე და როდესაც არჩევნები ჩაივლის, მშვიდად და ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, 6 წლის ვადით უნდა იქნას არჩეული გენერალური პროკურორი.

„მე ვაპირებ პროცესს დავესწრო და ვეცადო, საზოგადოებას წარვუდგინო, თუ რა მგონია მნიშვნელოვანი მთავარი პროკურორისთვის. ჯერ საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რა უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს ამ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, ზოგადად, პროკურატურას რა უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს, როგორი უნდა იყოს სისხლის პოლიტიკა და ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ვის შეიძლება ვანდოთ ასეთი საქმე. ჯერ ჩვენ საერთოდ არაფერზე გვაქვს ნაფიქრი და ასე ვირჩევთ ერთპარტიულად პროკურორს.

ასე იყო მანამდეც, და ზოგადად, ვიცით, რომ როდესაც მთავრობაში მოდის ადამიანი, მას მოჰყავს თავისი მთავარი პროკურორი. ამის გაგრძელება იქნება ალბათ, ახლა რასაც გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგი ადამიანი ავარჩიოთ, ან არც ისე კარგი, მაგრამ ის, რაც საზოგადოებას სჭირდება, არის მთლიანად ამ თანამდებობის და საქმიანობის გადააზრება, რასაც სისხლის სამართლებრივი დევნა ჰქვია ქვეყანაში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გახარია საქართველოსთვის“ წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გენპროკურორად დაინიშნება ის, ვინც „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რადგან მმართველი ძალა ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გავლენები გაიმყაროს, თუმცა არჩევნების შემდეგ ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი.

„ეს პროცესი დაორგანიზდება ისე, როგორც მმართველ გუნდს უნდა, იმიტომ რომ, ის ამ თვალსაზრისით, ერთპიროვნულ შესაძლებლობას ფლობს. ეს პროცესი დღეს იმდენად მოკლებულია საზოგადოების ნდობას, იმდენად არის ხელისუფლება ლეგიტიმურობის ფარგლებს მიღმა, რომ ამ პროცესისადმი საზოგადოების ინტერესი ხელოვნურად არ უნდა გავაღვივოთ.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაინიშნება. დაინიშნება ის, ვინც „ქართულ ოცნებას“ აწყობს და დარწმუნებული ვარ, ამაში საპროკურორო საბჭოს ოპოზიციის ნაწილიც ხელს შეუწყობს. ამიტომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. დანიშვნის ყველა პროცესი დღეს არის ლეგიტიმურობის ფარგლებს მიღმა. ხელისუფლება ახლა ამ პროცესის საშუალებით ცდილობს, გაიმყაროს გარკვეული გავლენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, თუმცა არჩევნების შემდეგ, ეს ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

სტატუს ქუო თვალში ნაცარს გვაყრით ურცხვად,ადრე მიშა ნიშნავდა ყველას,ეხლა კი ბიძინა.რა არჩევის წესებს ცვლით.
4 თვის უკან
არაგველი641 სტატუს ქუო -ძალიან მაინტერესებს რა არჩევანს გვთავაზობ, როგორ უნდა აირჩეს ან ვინ უნდა აირჩიოს გენპროკურორი.
4 თვის უკან