„ჩვენ პარტნიორისა და მეგობრის როლში გვინდოდა გვენახა ამერიკა. ჩვენი ასეთი სურვილი მთლად რეალისტური არ იყო. ამხელა ქვეყანა, ასეთი რესურსებითა და ადამიანთა რიცხვის მქონე, ჩვენ რომ გაგვტოლებოდა, ასეთი რამ არ ხდება სამყაროში. მეორე მხრივ, ამერიკა კარგავს წამყვანის პოზიციას. ამის თვალსაჩინო მაგალითია, რომ მსოფლიოს ლიდერ ამხელა ქვეყანას პრეზიდენტობის ორი ალტერნატივა ჰყავს - 81 წლის ბაიდენი და დაახლოებით ამხელავე ტრამპი.
ბაიდენი დარბაზში ესალმება ადამიანებს, რომლებიც იქ არ არიან. ბაიდენი აშკარად ვერ არის სასურველ ფორმაში, თავისი სხეულის მართვაც კი უჭირს, არათუ ქვეყნის მართვა. ასეთ დროს ჩვენ წაგვიღეს ყურები ამერიკელებმა, არაფორმალური მმართველობა გაქვთო. ეს მაშინ, როცა ვინ მართავს დღეს ამერიკას, გაუგებარია“, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.
ამერიკა საკუთარ ეროვნულ დღესასწაულს - 4 ივლისს განსაკუთრებულად აღნიშნავს, როგორც დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების თარიღს. გამორჩეული პომპეზურობით ტრამპს უყვარდა ამ თარიღის აღნიშვნა და სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენა. თავის დროზე, როდესაც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თომას ჯეფერსონმა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეადგინა, იქ საუბარი იყო კოლონიური ჩაგვრის მოსპობაზე. ამერიკელებმა კოლონიური ჩაგვრა საკუთარ ქვეყანაში აღმოფხრეს, მაგრამ თავად ამერიკას, როგორც ზესახელმწიფოს, როგორ ესმის სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობა?
- ინგლისისგან მოპოვებული დამოუკიდებლობით ამერიკა განსაკუთრებულად ამაყობს. ანალოგიურად, ამერიკას მიაჩნია, რომ სხვა ქვეყნების გავლენა ნულამდე უნდა იყოს დაყვანილი, მაგრამ ამერიკის დამოკიდებულება ადამიანურ ურთიერთობას რომ შევადაროთ, ყოველთვის შეინიშნება, რომ მშობელი, მაგალითად, მამა შვილს დამოუკიდებლად ზრდის და უნდა, რომ მისი შვილი დამოუკიდებელი იყოს, ოღონდ რეალურად უნდა კი, რომ მისგან დამოუკიდებელი იყოს ეს შვილი, თუ არა?
ეს მართლაც პრობლემურია, განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც ქართველ მშობელს თავის თავზე გამობმული ჰყავს შვილი.
- დიახ და ეს ეხება უფრო დედას, ვიდრე მამას. საერთოდ, შვილების გამობმა მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ასეთი რამ ბევრგან ხდება და დედები არიან წამყვანები ამ საქმეში. ძალიან თვალსაჩინოა დედაზე დამოკიდებულება მუსლიმანურ ქვეყნებში. ის, რომ დედებს შვილები გამობმული ჰყავთ, ცუდი არ არის და ეს გარკვეულ ასაკში დადებით როლსაც ასრულებს. ამდენად, ამერიკასაც შეუძლია თქვას, რომ გარკვეულ პერიოდში ჩემზე დამოკიდებული თუ იქნებით, კარგი იქნებაო. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ამერიკას ჰქონდა მსოფლიოს მამის როლი და ბევრი ქვეყანა თანახმა იყო, ამერიკაზე დამოკიდებული ყოფილიყო. ოღონდ ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირია შეფასება, რომ მსოფლიო ლიდერობის ტვირთი ამერიკამ ვერ ასწია, ვერ უპასუხა ამ ამოცანას და ნელ- ნელა კარგავს წამყვან პოზიციას. ამის თვალსაჩინო მაგალითია, რომ მსოფლიოს ლიდერ ამხელა ქვეყანას პრეზიდენტობის ორი ალტერნატივა ჰყავს - 81 წლის ბაიდენი და დაახლოებით ამხელავე ტრამპი. ბაიდენი დარბაზში ესალმება ადამიანებს, რომლებიც იქ არ არიან, ტრამპი ჯერჯერობით მასე არ არის, მაგრამ ტრამპს თავისი არაადეკვატური მოქმედებები ახასიათებს. ეს მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა ბევრ რამეში უკვე ვეღარ ლიდერობს და მთელ მსოფლიოს აინტერესებს, მათ შორის, თავად ამერიკელებსაც, რისთვის იბრძვის ამერიკა უკრაინაში და როდემდე იბრძოლებს?! ბაიდენს გამოცხადებული აქვს, რუსეთს არ დავანგრევთო, სჭირდებათ რუსეთი, რომ ჩინეთმა არ დაიკავოს ეს სივრცე, მაგრამ მაშინ რატომ აგრძელებენ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ?! ეს არალოგიკური ნაბიჯებია. ეს ისეთივე გაუგებრობაა, როგორც ორი ხანშიშესული ადამიანის პირველ პირად დანიშვნა. ამავე დროს, ბაიდენი აშკარად ვერ არის სასურველ ფორმაში, თავისი სხეულის მართვაც კი უჭირს, არათუ ქვეყნის მართვა. ასეთ დროს ჩვენ წაგვიღეს ყურები ამერიკელებმა, არაფორმალური მმართველობა გაქვთო. ეს მაშინ, როცა ვინც მართავს ამერიკას ამ მომენტში, გაუგებარია.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ამერიკა ცდილობს, მასზე დამოკიდებულ ქვეყნებს მამის როლში მოევლინოს. ამდენი ხნის განმავლობაში საქართველო შეჩვეული იყო „უფროსი ძმის“ ყოლას რუსეთის სახით. შევარდნაძის ბოლო პერიოიდან მოყოლებული, ორი უფროსი ძმა გვყავდა - ამერიკა და რუსეთი, მაგრამ ნელ-ნელა გავთავისუფლდით რუსეთისგან. დღესდღეობით რას წარმოადგენს ჩვენთვის ამერიკა, ვინ არის ჩვენთვის - მენტორი, უფროსი ძმა, მშობელი, მეურვე... რა ფუნქციის აღებას ცდილობს ამერიკა საქართველოსთან მიმართებით?
- დამოკიდებულება აშკარად სხვადასხვანაირია. მართალია, ამერიკელი არ იყო საქართველოში ჩამოსული ბორელი, რომელმაც გვითხრა, ჩვენ პედაგოგები ვართ და თქვენ სტუდენტებიო, მაგრამ დაახლოებით ეს იგივეა, მე მამა ვარ და ვიცი, რა არის კარგი და ცუდი შვილისთვის და შვილმა უნდა დამიჯეროს. ასეთი პრეტენზია ამერიკას კიდევ უფრო მეტი აქვს, რადგან ბორელი ევროკავშირს წარმოადგენს და ევროკავშირს საერთოდ ამერიკა მართავს. ამერიკელებისთვის მამის როლი, ჭკუის დამრიგებლის როლი, უფროსი ძმის როლი ბუნებრივი და გასაგებია, ჩვენ პარტნიორის და მეგობრის როლში გვინდოდა გვენახა ამერიკა. ჩვენი ასეთი სურვილი მთლად რეალისტური არ არის. ამხელა ქვეყანა, ასეთი რესურსებითა და ადამიანთა რიცხვის მქონე, შენ რომ გაგიტოლდეს, ასეთი რამ არ ხდება სამყაროში. თქვენ რომ გაიხსენეთ რუსეთი, ისიც ვთქვათ, რომ რუსეთმა ის უფროსი ძმის როლი ხიშტით მოიპოვა, ამერიკა კი უფროსი ძმის როლში შედის მწვანედ გაფორმებული გზით.
დოლარს გულისხმობთ?
- დიახ, ასე რომ, გზა არის განსხვავებული, თუმც მიზანი დაახლოებით იგივეა დღეს მთელ მსოფლიოში, რაც შეიძლება, მეტი გავლენის სივრცის მოპოვება. ამას ცდილობს ამერიკაც, რუსეთიც, ამიტომაც შევარდა უკრაინაში რუსეთი, ამას ცდილობს ჩინეთიც, ეს არის დიდი ქვეყნების ამოცანა - უკვე არსებული გავლენის სფეროების შენარჩუნება და გაფართოება. ეს ამოცანა ჩვენ ნაკლებად გვეხება, მაგრამ ისე გავიხსენოთ, როცა შეგვეძლო და ძალა მოგვდევდა, ისპახანამდეც ჩავსულვართ.