კიევშიდან მოსკოვში - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ხვალ ჩავა. ვიქტორ ორბანთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ჩავა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც. ორბანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი თურქეთში გაემგზავრება. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინი თურქეთში მიიწვია, ხოლო პუტინმა მიწვევა მიიღო. აღსანიშნავია, რომ თურქეთისა და რუსეთის პირველი პირები ერთმანეთს ასტანაში უკვე შეხვდნენ, სადაც ორი ლიდერი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
ორბანის მოსკოვში ვიზიტს უარყოფითი გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან.
„ევროპული საბჭოს პოზიცია ცხადია: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი - უკრაინა. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ დისკუსია არ შეიძლება“, - წერს შარლ მიშელი.
უნგრეთის პრემიერმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მხარს უჭერს სასწრაფო ზავის იდეას. ორბანმა აღიარა, რომ ზელენსკიმ მასთან საუბარში უარყო მის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ზავს უკრაინასა და რუსეთს შორის ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვით. ორბანის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება ორბანის გეგმის ლოგიკაში და მხარს არ უჭერს მას, რადგან უკრაინას რუსეთთან ზავის მცდელობის ცუდი გამოცდილება აქვს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და აცხადებს, რომ არ შეიძლება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი და საჭიროა შესაბამისი გეგმა.
„პრინციპში, პუტინს ვერ ვენდობით, რადგან ჩვენთვის ის არის მკვლელი და აგრესორი. მნიშვნელოვანია, უნგრეთმა აღიაროს, რომ რუსეთი არის აგრესორი და ასევე აღიაროს, რომ ცნობს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტექნიკის დასაგროვებლად, როდესაც უკრაინა, ზავის პირობების თანახმად, არ შეაჩერებს მას დარტყმებით“, - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
ამ მნიშვნელოვან შეხვედრებს წინ უსწრებდა გამოცემა Politico-ს მიერ გამოქვეყებული სტატია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად „კრემლთან გარიგების“ ვარიანტს განიხილავს, რაც ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმას და უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ნიშნავს. Politico აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან დაახლოებულ ეროვნული უსაფრთხოების ორ ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ ნატო-სთან დაკავშირებით არსებულ გეგმებში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის გუნდის გეგმის ნაწილი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას ითვალისწინებს, რაც ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას გამორიცხავს, ასევე, გეგმა მოიცავს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს იმის შესახებ, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილი შეიძლება დარჩეს მოსკოვის კონტროლის ქვეშ. როგორც Politico წერს, ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ექსპერტის ცნობით, დონალდ ტრამპი „ასეთი იდეებისთვის ღიაა“, მაგრამ მაგიდაზე სხვა ვარიანტებიც დევს, მათ შორის ის, რომ აშშ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს.
დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან დებატებში განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულება საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე შეუძლია.
ტრამპის გეგმა მიუღებელია ოფიციალური კიევისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ დონალდ ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა უთხრას უკრაინის ხელისუფლებას. ტრამპის გეგმას მხარს არ უჭერს გერმანია და როგორც კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, გერმანია არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარლამენტში (ბუნდესტაგში) დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა.
„უცნაურია რუსეთის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის იქნება მზად თუ უკრაინა ასევე დათანხმდება შემდგომ ანექსიებს. ეს აჩვენებს რამდენად ცინიკურად აზროვნებენ იქ და, რომ რუსეთის ლიდერი არ აპირებს თავისი დაპყრობითი ომის შეწყვეტას. პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მხოლოდ იმისთვის ლაპარაკობს, რომ ომი გააგრძელოს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა და აქვე დაადასტურა, რომ გერმანია არ გახდება რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე მხარე.
თავის მხრივ რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ შეთავაზებული უკრაინის კრიზისის მოგვარების ვარიანტი, კიევის და მისი დასავლელი მხარდამჭერების მზადყოფნის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას გააჩენს.
„შეგახსენებთ, რომ ივნისის შუა რიცხვებში ჩვენ წარმოვადგინეთ კონფლიქტის მოგვარების კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც, თუკი უკრაინული მხარე და, რაც მთავარია, მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან მიიღონ, მოგვცემს საშუალებას, ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და დავიწყოთ მოლაპარაკებები“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.