პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-სთან პოლიტიკის და ურთიერთობის გადასატვირთვად კვლავ მზად არის. პრემიერმა ამერიკას კიდევ ერთხელ მიმართა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ხაზი გაუსვა. კობახიძემ გაიმეორა, რომ მთავრობა შტატებისგან ელის ნაბიჯებს „ურთიერთობების გადატვირთვისათვის“.
რა პასუხს გასცემს ამერიკის ადმინსიტრაცია პრემიერს უცნობია, თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი ურთიერთობის გადასახედად მზად არიან.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამასთან დაკავშირებით - უახლოესი ერთი წლის განმავლობაში“, - ამბობს პრემიერი.
„შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს“, - ეს კი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რობინ დანიგანმა ისაუბრა თავისუფლების იდეაზე და განაცხადა, რომ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს. ელჩის თქმით, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებთ - „ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს“, -თუმცა ელჩის განცხადებით სჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს.
„არ ვამბობთ, რომ შესანიშნავია ის ურთიერთობა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩვენი მყარი პოზიცია კარგად არის ჩამოყალიბებული და გამოხატული პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ისეთი ურთიერთობა გვინდა, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთინტერესების გათვალისწინებაზე, როგორც ყოველთვის იყო. საქართველოს არასდროს შეურცხვენია თავი პარტნიორულ ურთიერთობაში, რომელიც წლების განმავლობაში აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მათ შორის, ფართო გაგებით, რეგიონში, როდესაც მხარდამხარ ვებრძოდით უსამართლობას, ტერორიზმს და საერთაშორისო დანაშაულების ბუდეს. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება და ზუსტად ასეთ თანამშრომლობას ვესწრაფვით მომავალში. არ გვინდა, რომ ეს ურთიერთობა გაფუჭდეს გარკვეული სანქციებით“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
ანალიტკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს სიტუაცია თავად აშშ-ია არეული და იმდენად რთული შიდა პოლიტიკური ვითარებაა, რომ გაუგებარია, ვისგან რა უნდათ. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ზუსტად იგივე ხდება საქართველოსთან მიმართებაშიც და ბოლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თავად ამერიკელებმა არ იციან, რეალურად, ჩვენგან რა უნდათ.
„რაში სჭირდება საქართველოსთან ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი პოლიტიკა და რა სტრატეგიას აწარმოებს ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, გაუგებარია. ამ მდგომარეობაში მყოფ პოლიტიკურ ელიტას კარგად არა აქვს ბოლომდე გაცნობიერებული ჩვენგან რა უნდა. ამიტომ მე არ ველოდები არჩევნებამდე მათი მხრიდან რაიმე მკაფიო ნაბიჯის გადადგმას. ჯერჯერობით, რაც ხდება, საქართველოსთან მიმართებაში, ეს ეხება დაკვირვებას, კრიტიკას, მგონია კვლავ გაგრძელდება. ამიტომ ახალი ადმინისტრაციის შემთხვევაში შეიცვლება თუ არა ეს ტენდენცია და როგორ გაგრძელდება მოვლენები, რთული სათქმელია. ჩვენ ვიცით, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა ისეთი დადგენილება მიიღეს, რომელიც რუსეთის პოზიციებს ემთხვევა. ანალოგიურად, ამერიკის შეტევა საქართველოზე, რუსულ განწყობილებებს ეხმიანება. უბრალოდ, რუსეთის და ამერიკის ინტერესები, ბევრი თვალსაზრისით, ემთხვევა ერთმანეთს და ჩინეთი ამერიკისთვის მიუღებელია. როგორ გადახარშავს ამერიკა ჩინეთთან ურთიერთობას, მერე ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენთან ურთიერთობაც. ამერიკის ელჩის კრიტიკაში ჩინეთის თემა პირველ ადგილას იყო. არადა, ვითომ ეს კანონია პრობლემა. კარგი, მაგალითად, გაიწვიეს კანონი და დაუჯერა „ოცნებამ“ ყურმოჭრილ მონასავით, მერე რა იქნება? ახლა ჩინეთთან ურთიერთობის გამო გაგვაკრიტიკებენ ისევ? ასე მათ სიამოვნებაზე უნდა მართოს ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანა?“,-ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ამერიკის ეს დაულაგებელი და გაუაზრებელი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და ის შეიცვლება. საყვარელიძე ამბობს, რომ ამ პოლიტიკას თავად ამერიკისთვის არაფერი მოაქვს და იმედია, ახალი ადმინისტრაცია მაინც მიხვდება და საქართველოს პრემიერის გადატვირთვის პოლიტიკას შემხვედრ ნაბიჯს დაახვედრებენ.
ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ამბობს, რომ „ოცნება“ ბოლო დროს დასავლელ პარტნიორებთან თანასწორი და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ცდილობს. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ დროა, ამერიკამაც და დანარჩენმა დასავლეთმაც გაითავისოს, რომ სრულფასოვან, პოლიტიკურად დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს ესაუბრებიან.
„აუცილებელია, რომ ჩვენთან მიმართებაში ურთიერთობა გადაიტვირთოს. ეს ნიშნავს ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას და ისე საუბარს, როგორც ეს ორ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება. გეოპოლიტიკურად ახლა საქართველოს ისეთი არეალი და შესაძლებლობები გაეხსნა, რომელიც აქამდე არ ჰქონია. სწორედ ამიტომ, სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ. მოსწონს თუ არა ეს ამერიკას ან ევროპას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია ეს ინტერესები გამოიყენოს. ამიტომ მე მგონია პრემიერის განცახდება სწორედ ამას გულისხმობს - დაგველაპარაკონ ისე, როგორც პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს შეეფერება“, - ამბობს მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს, თუნდაც ამერიკის ინტერესისთვის, არანაკლები რესურსი აქვს ჩადებული. ეს კი სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში ქართველების სიცოცხლით არის დამოწმებული. ამიტომ, ანალიტიკოსი ფიქრობს, თუკი ამის სურვილი მეორე მხრიდანაც იქნება, გადატვირთვის პოლიტიკა, საქართველოსა და დასავლეთს შორის ნამდვილად შესაძლებელია.