საზღვაო გადაზიდვა ძალიან გაძვირდა და უკვე პროდუქციის ფასსაც ზრდის

საზღვაო გადაზიდვა ძალიან გაძვირდა და უკვე პროდუქციის ფასსაც ზრდის

ახლო აღმოსავლეთში კვლავ ქაოსი და არელობაა, რაც საერთაშორისო გადაზიდვებს დიდ პრობლემას უქმნის. საუბარია აზიდან წამოსული პროდუქციის გაძვირებაზე, რადგან მისი ტრანსპორტირება უკვე ძვირი ჯდება.

გადამზიდავ კომპანიებში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩინეთიდან საქართველოში კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება 10-11 ათას დოლარამდე გაიზარდოს.

როგორც კაიროს ლოგისტიკის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, წითელ ზღვაში კრიზისი თუ გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ საკონტეინერო გადაზიდვა კიდევ გაძვირდეს. ამჟამად 40-ფუტიანი კონტეინერის მომსახურების ღირებულება ჩინეთიდან საქართველომდე, დაახლოებით, 8500 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

კომპანიის გენერალური დირექტორის - მიხეილ ნამადოვის განცხადებით, საკონტეინერო გადაზიდვის ფასზე მცირე გავლენა ექნება თურქეთის მიერ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით გავლის ღირებულების გაზრდასაც.

წითელი ზღვის კრიზისი განაპირობებს იმას, რომ საკონტეინერო გადაზიდვაზე ტარიფები იზრდება და ფასების იმ ნიშნულს ვუახლოვდებით, რაც პანდემიის დროს იყო, რაც, დაახლოებით, 9000 დოლარს უდრის. გარდა ამისა, გაზრდილია სატრანზიტო პერიოდი და ჩინეთიდან საქართველომდე ტვირთის ჩამოტანას უკვე სამი თვე სჭირდება, რაც ასევე მტკივნეულია ბიზნესისთვის.

რაც შეეხება ბოსფორის სრუტეს, იქიდან გამომდინარე, რომ ისედაც პიკშია ტარიფები უკვე ასული, ამ მიმართულებით ფასის ზრდა გადაზიდვის ღირებულებაზე უმნიშვნელო გავლენას იქონიებს. დაახლოებით 15-20 დოლარის სხვაობაა ერთ კონტეინერზე, რაც დიდ გაძვირებას არ გამოიწვევს.

წითელი ზღვის კრიზისი თუ არ მოგვარდა, კიდევ გაძვირდება საკონტეინერო გადაზიდვა, წლის ბოლომდე, ალბათ, 10-11 ათასი დოლარის ნიშნულს მიაღწევს, - განაცხადა ბიემთან ნამადოვმა.

არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებიოთ გადამზიდავები აცხადებენ, რომ ვითარების დასტაბილურებას ჯერ ბოლო არ უჩანს. შესაბამისად, რაიმე დადებითი პროგნოზის გაკეთება შეძლებელია. ამიტომ როგორც აიბექს ლოგისტიკის დირექტორი ლევან თათარაშვილი ვარაუდობს, გადაზიდვის გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება. სატარიფო ცვლილება, ძირითადად, აზიიდან წამოსულ ტვირთებზე აისახა, თუმცა ბოლო დროს უკვე ევროპისა და აშშ- მიმართულებებზეც ვრცელდება.

საზღვაო მომსახურების ტარიფმა, რეალურად, ძალიან მოიმატა. საუბარია ჩინეთიდან და ინდოეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებაზე, რომლის ფასიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განუხრელად მატულობს. ამას აქვს საკმაოდ მყარი საფუძველი: საზღვაო ხომალდები წითელ ზღვაში არ შედიან, ამიტომ გადამზიდავებს უწევთ ხმელთაშუა ზღვისკენ გადამისამართება, რამაც კატასტროფულად გაზარდა ტარიფები. ეს არის ერთადერთი გამოწვევა, რის დალაგებასაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევთავაზოთ მომხმარებლებს.

საკმაოდ დიდი სხვაობაა, გადაზიდვა 350 პროცენტით არის გაძვირებული და ეს პროცესი გრძელდება. ისრაელის ომის გამო წითელ ზღვაში რამდენიმე კომპანიას პრობლემა შეექმნა. მათ შორის მეკობრეების მხრიდანაც, ორი შემთხვევა გემის გატაცებას უკავშირდება. ამიტომ უწევთ მთლიანად აფრიკის კონტინენტისთვის შემოვლა და მერე შესვლა ხმელთაშუა ზღვაში, რაც თავისთავად დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ტარიფები გასამმაგებულია. აზიისა და აშშ- მიმართულებით ფასები აქამდე მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, თუმცა ბოლო დროს იქაც ძვირდება, - აღნიშნა ლევან თათარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გადაზიდვებზე ტარიფების ზრდის პროცესი პანდემიის პერიოდში დაიწყო და ზოგ შემთხვევაში 800-900%-ითაც გაძვირდა. გარკვეული ცვლილება მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდშიც განიცადა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია თანდათან დასტაბილურდა. ახლა კი გადამზიდავებს პრობლემას ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ქაოსი უქმნით. წლიურ ჭრილში, ამ დროისთვის ტარიფების დაახლოებით 350%-იანი მატებაა.